“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ პირველ შეთავაზებაზე უარი თქვა, იტყობინება AS.
წყაროს ინფორმაციით, არგენტინელ ფეხბურთელს 2022 წლის ზაფხულამდე კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს, წელიწადში 30-35 მილიონი ევრო ხელფასით. მესის ამჟამინდელი ხელშეკრულება “ბარსელონასთან” 2018 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომაც კატალონიური კლუბი ამაზე მუშაობას აგრძელებს. აღინიშნება, რომ ესპანეთში, კლუბთან მოლაპარაკებებისთვის ფეხბურთელის მამა, ხორხე მესი ჩაფრინდა, რომელიც ასევე შვილის აგენტია.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუს არ სურს, რომ ზაფხულამდე ეს საკითხი მოუგვარებელი დარჩეს.