workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი “პატარა” ნაბიჯი ზამთრის ჩემპიონობამდე

ერთი “პატარა” ნაბიჯი ზამთრის ჩემპიონობამდე

ერთი “პატარა” ნაბიჯიც და “ბარსელონა” “ლა ლიგას” ზამთრის ჩემპიონი გახდება. ამ “პატარა” ნაბიჯის გადადგმას კი კატალონიელები დღეს, “ნოუ კამპზე” 23 საათსა და 55 წუთზე შეეცდებიან, ხოლო ნაბიჯის გადადგმაში მათ “მალაგას” კიპერი, სერხიო ასენხო და მისი თანაგუნდელები დაეხმარებიან…

აი, 2010/11 წლების სეზონის პირველი ნახევარიც დასასრულს მიუახლოვდა, “ბარსა” კი “ლა ლიგას” ერთპიროვნულად ლიდერობს, რომელსაც რა ხანია უკვე მდევრის როლში ჰყავს “რეალ მადრიდი”, რომელსაც კატალონიურ კლუბზე 2–ით ნაკლები, 47 ქულა აქვს დაგროვებული (იმედია “ბარსას” ქულების გამოთვლა არ გაგიჭირდებათ). ჩატარებული 18 შეხვედრიდან “ბარსამ” 16–ჯერ გამარჯვების მოპოვება მოახერხა, ერთხელ შეხვედრა ფრედ დაასრულა, ხოლო ერთხელაც მატჩი დათმო, თან ვისთან ან სად დათმო… თუ დღეს კატალონიელები იმ “პატარა” ნაბიჯის გადადგმას მოახერხებენ, რომელზეც სტატიის დასაწყისში ვისაუბრეთ, მაშინ “პატარა” ნაბიჯთან ერთად დაამყარებენ ერთ “პატარა” რეკორდს და ჩემპიონატის ისტორიაში, საუკეთესოდ ჩაატარებენ სეზონის ნახევარს. “ბარსა” უკვე ბოლო 12 თამაშია, რაც გამარჯვების მოპოვებას ახერხებს. ის დაუმარცხებელი იყო 11 სექტემბრამდე, სანამ “ნოუ კამპზე” “(ჰ)ერკულესის” ჰერკულესები არ გააგორებდნენ ბურთს და იმ დიდ სენსაციას არ მოახდენდნენ, რაზეც “მადრიდის”, და არა მარტო “მადრიდის”, გულშემატკივრები იმ სამარცხვინო 5–0–ის შემდეგაც ასე ამაყად საუბრობენ. ამ მარცხიდან კი უკვე 27 შეხვედრაა, რაც გუნდი დაუმარცხებლად ასპარეზობს და თუ “მალაგასთანაც” მოახერხებენ “პატარა” ნახევარი ნაბიჯის გადადგმას, მაშინ გუნდი 1974 წლის რეკორდს დაამხობს.

რთულია ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც ეს შენ გსურს, მაგრამ ამ მხრივ დღევანდელ დღეს, გვარდიოლა სირთულეებს ვერ უნდა ხედავდეს, რადგანაც მის განკარგულებაში “ბარსას” პირველი გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელია და ამას პლუს ტიაგო ალკანტარა, რომელიც რა ხანია პეპს “მოტაცებული” ყავს. სათასო შეხვედრების გამო, პეპი იძულებული იყო მიემართა როტაციისთვის და მისთვის დახმარება ეთხოვა და ამიტომაც “ლა ლიგას” ყველა შეხვედრა, სასტარტო შემადგენლობაში, მხოლოდ და მხოლოდ ორად ორ ფეხბურთელს, ვიქტორ ვალდესსა და ანდრეს ინიესტას აქვთ დაწყებული.

უკვე მოგახსენეთ, რომ რთულია ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც ეს შენ გსურს, მაგრამ ამ მხრივ დღევანდელ დღეს, გვარდიოლა სირთულეებს ვერ უნდა ხედავდეს–მეთქი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვცდებოდი. ვცდებოდი, რადგანაც მეთექვსმეტე ადგილზე ბინადარ “მალაგას” სათავეში მანუელ პელეგრინი უდგას, ხოლო ამ სატრანსფერო სეზონზე მათ დაიმატეს ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა ასენხო, დემიკელისი, კამაჩო და ბაპტისტა (რომელსაც შესაძლოა დებიუტი დღეს ჰქონდეს). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ლა ლიგაში” “მალაგას” 2011 წელს მარცხი ჯერ არ უგემია. ასე თუ გავაგრძელეთ საუბარი, მაშინ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ “მალაგასთვის” “ნოუ კამპი” კარგი მასპინძელი არ გახლავთ. მათ ამ მოედანზე “ბარსას” დამარცხება მხოლოდ 2–ჯერ მოახერხეს, ხოლო ფრედ შეხვედრა ერთხელ დასრულდა. დანარჩენს 26 შეხვედრაში კი თქვენც კი იცით რა და როგორ მოხდა.

მოდით, ყველამ ერთად ვუსურვოთ წარმატება გუნდს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ “პრიმერა დივიზიონის” ღირსეული წევრი გახდეს და ამისთვის არც არაფერს იშურებს, ხოლო ვუგულშემატკივროთ იმ გუნდს, რომელიც დღეს, “პატარა” ნაბიჯის (ან პატარა ნახევარი ნაბიჯის) გადადგმას შეეცდება და რომელიც ყოველ შეხვედრაში ახერხებს და ახარებს ჩვენს მარცხენა მუშტისოდენა გულებს…

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward