ლა ლიგის 32-ე ტურის შაბათის პროგრამას “ბარსელონასა” და “სოსიედადის” დაპირისპირება დახურავს. თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე, კატალონიური კლუბი სან სებასტიანელებს უმასპიძნლებს. მატჩის მთავარი არბიტრი ხუან მარტინეს მუნუერა იქნება.
“ლურჯ-ბროწეულისფერთა” განაცხადი ასეთია: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, სერხიო, დენისი, ინიესტა, სუარესი, მესი, ალკასერი, ალბა, დინი, რობერტო, ანდრე, უმტიტი, მატიე, ალენია და კარდონა.
“ბარსელონა” სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის. ესპანეთის მოქმედ ჩემპიონს პრობლემები აქვს. გასვლით მატჩებში “ლურჯ-ბროწეულისფრებს” გამარჯვების მოპოვება უჭირთ. წინა ტურში “ბლაუგრანა” მალაგას ეწვია, სადაც მოგების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილში გალიდერება შეეძლო. კატალონიელები უშანსოდ დამარცხდნენ (0:2). ამის შემდეგ, ლუის ენრიკეს კოლექტივი ტურინში ჩაფრინდა, იქ კი “ბებერმა ქალბატონმა” სტუმარს გაკვეთილი ჩაუტარა.
“იუვენტუსმა” “ბარსელონას” კარში 3 უპასუხო გოლი გაიტანა. თუ გავიხსენებთ “ბლაუგრანას” მატჩებს “დეპორტივოსა” (1:2) და პსჟ-ს (0:4) წინააღმდეგ, პრობლემის არსებობა დადასტურდება.
საშინაო არენაზე “ბარსელონა” რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს. გასული წლის სექტემბრის შემდეგ კატალონიური კლუბი “კამპ ნოუზე” არ დამარცხებულა, ჩემპიონთა ლიგაზე კი, მშობლიურ კედლებში თითოეულ მატჩში მინიმუმ 4 გოლი გააქვს.
მიუხედავად “კამპ ნოუზე” ნაჩვენები დადებითი შედეგებისა, ასეთ მდგომარეობაში ჩემპიონთა ლიგისა და პრიმერა დივიზიონის მოგება უტოპიურია. “ბარსელონას” წინ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩი ელის – “ელ კლასიკო” “სანტიაგო ბერნაბეუზე”, სადაც ალბათ ოქროს მედლების ბედი გადაწყდება.
ბოლო 20 წლის განმავლობაში “რეალ სოსიედადი” “კამპ ნოუზე” ფრეს დაფიქსირებასაც ვერ ახერხებს. მიმდინარე სეზონში სან სებასტიანელები “ბლაუგრანას” სტადიონს უკვე ეწვივნენ და 2:5 დამარცხდნენ.
რაც შეეხება ბასკთა მიზნებს, ისინი ევროტურნირების ზონაში მოხვედრისთვის იბრძვიან. რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღევანდელ მატჩში “სოსიედადი” ქულას მოიპოვებს (ეს ბოლოს 1995 წელს მოხდა). მიუხედავად ამისა, ეუსებიო საკრისტანის გუნდს ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების კარგი შანსი აქვს. სხვაობა “ატლეტიკთან” მხოლოდ 1 ქულაა.
“ბარსელონას” საკუთარ სტადიონზე ზედიზედ 22-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები
