ახლახანს დასრულდა ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩი “ლა როსალედაზე”, სადაც ერთმანეთს “მალაგა” და “ბარსელონა” დაუპირისპირდნენ. ლუის ენრიკეს კოლექტივმა უმნიშვნელოვანესი მატჩი დათმო (0:2). “ბლაუგრანას” მდგომარეობა უაღრესად გართულდა.
მადრიდული დერბის შემდეგ, სადაც “რეალმა” “ატლეტიკო” ვერ დაამარცხა (1:1), “ბარსელონას” სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადასვლის შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ კატალონიელებმა შანსი ვერ გამოიყენეს.
დღევანდელ მატჩში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” კარი აიღეს ჯონიმ და სანდრო რამირესმა, რომელმაც თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გატანილი გოლი აღნიშნა.
სამწუხაროდ, 3 ქულა ერთადერთი დანაკარგი არ არის. მეტოქის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევის გამო, მთავარმა არბიტრმა ნეიმარი მოედნიდან გააძევა. ბრაზილიელი დისკვალიფიცირებულია.
31 მატჩში მოპოვებული 69 ქულით “ბარსელონა” მეორე ადგილს იკავებს. 23 აპრილს გასამართ “ელ კლასიკოში” გამარჯვებაც კი არ აძლევს კატალონიურ კლუბს ტიტულის დაცვის გარანტიას.
[media=https://www.youtube.com/watch?v=nWFLLk8HE20]



