დევიზი “მეტი ვიდრე კლუბი”, “ბარსელონას” სინონიმად იქცა, მაგრამ მეორე ათასწლეულის დასაწყისში ეს ფრაზა არცთუ ისე ტკბილად ჟღერდა. იოჰან კრუიფის “ოცნების გუნდის” მიღწევები წარსულს ჩაბარდა, საზოგადოება ტრიუმფის წყურვილით იყო აღსავსე.
ლუი ვან გაალმა მდგომარეობის გამოსწორების მცდელობისას კრახი განიცადა: დიდებულმა ჰოლანდიელმა ვერ შეძლო სტაბილური გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც თამაშის დონით წინამორბედს მიუახლოვდებოდა. ესტაფეტა დაეთმო ფრანკ რაიკაარდს. სწორედ ამ ცვლილებით დაიწყო ახალი ეპოქა კატალონიის დედაქალაქში.
ჩავი, ანდრეს ინიესტა, კარლეს პუიოლი, სამუელ ეტო’ო და რონალდინიო გუნდის წარმატების მთავარ შემოქმედებად ითვლებიან, მაგრამ რაიკაარდის ეპოქაზე საუბრისას ერთი ფიგურა ყოველთვის ქრება. ეს არის ლუდოვიკ ჟიული, ფრანგი, რომლის საქმისადმი დამოკიდებულება “ფრანკის მანქანის” უმნიშვნელოვანეს ელემენტად იქცა.
სამი წლის განმავლობაში ლუდოვიკი ჰოლანდიელ სპეციალისტს “ბარსელონას” დანგრევის პირას მისული თამაშის მოდელის აღდგენაში ეხმარებოდა.
2004 წლის ზაფხულში, კარგი რეპუტაციის მქონე ლუდოვიკი, დაახლოებით 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ “ბარსელონას” შეუერთდა: ფრანგი ფეხბურთელი “მონაკოს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში დაეხმარა.
2004 წელს, დიდიე დეშამის შესანიშნავი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჟოზე მოურინიოს “პორტოსთან” დამარცხდა (0:3). სამწუხაროდ, გადამწყვეტ მატჩში ლუდოვიკმა საზარდული დაიზიანა და მოედანი პირველ ტაიმში დატოვა.
მახვილგონიერმა ჟიულიმ ავტორიტეტი მოიპოვა. ის სხვადასხვა სათამაშო სისტემასა და პოზიციას ერგებოდა, რაც მის წინააღმდეგ მოთამაშე მცველებს ცხოვრებას ურთულებდა. ფრანგი საოცარ გოლის ალღოს ფლობდა.
სწორედ ეს იყო “ბარსელონას” მოთხოვნა, რომლის თავდასხმის ხაზს 2 სუპერვარსკვლავი, ეტო’ო და რონალდინიო ავსებდა. ამ დუეტს შრომისმოყვარე მოთამაშე სჭირდებოდა, რომელიც მათ კამპანიას გაუწევდა. ეს როლი მოიგო ლუდოვიკ ჟიულიმ.
ის არასდროს არ ყოფილა მოთამაშე, რომელიც ტექნიკური ცრუმოძრაობებითა და შოკისმომგვრელი გოლებით ყურადღებას იპყრობდა, მაგრამ მისი გავლენა მუდამ იგრძნობოდა.

სანტანდერის “რასინგის” კარში გატანილი სადებიუტო გოლის შემდეგ, ფრანგის კარიერა ესპანეთში სწრაფად განვითარდა. ის ფრანკ რაიკაარდისთვის იდეალურ მოთამაშედ იქცა: შემდგარი და ფორმის პიკში მყოფი. რაც მთავარია, ლუდო მარტივად მოერგო ჰოლანდიელის სისტემას.
რაიკაარდს ფრანგთან ტაქტიკაზე მუშაობა მოუწია. ეს არ იყო სამწვრთნელო ექსპერიმენტი, ეს იყო ტაქტიკური ხრიკი, რომელიც ფეხბურთელმა დაამუშავა. “ლუდოს ბევრი რამის სწავლა არ სჭირდება. ის ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ჟიულის გამოყენება მხოლოდ ფლანგზე უპატიებელი შეცდომა იქნება. მისი მთავარი შესაძლებლობა სისწრაფე და საფეხბურთო ინტელექტია.” ჰოლანდიელმა სპეციალისტმა იცოდა, რომ ჟიული შესანიშნავი კანდიდატი იყო.
თავისი პირველი სეზონი “ბარსელონას” რიგებში ჟიულიმ გუნდის მეორე ბომბარდირის სტატუსით დაასრულა (მას სამუელ ეტო’ომ აჯობა) მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებების გამო სეზონის რამდენიმე მონაკვეთის გამოტოვება მოუწია.
6 წლის შემდეგ “ბლაუგრანამ” როგორც იქნა, ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და ეს შემთხვევითობა არ ყოფილა: “ბარსელონას” შემტევი ტრიოს ერთიანობისა და სიზუსტის წყალობით “ლურჯ-ბროწეულისფერთა” დროშა კვლავ აღიმართა.
კატალონიელებმა წარმატება იგემეს. რაიკაარდის შეგირდება 2005/06 წლების სეზონი ამაღლებული განწყობით დაიწყეს. რეაქტიულ ჟიულისთან ერთად გუნდი სტაბილური გახდა. ჰორიზონტზე “ბარსელონას” დომინირების პერიოდი მოჩანდა.

ეტო’ო და რონალდინიო ფორმის პიკში იყვნენ, ისინი საუკეთესო სეზონს ატარებდნენ “ბარსელონას” რიგებში. საოცარი ტალანტის წყალობით სუპერვარსკვლავები მეტოქეებს ანადგურებდნენ.
“სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილმა საზოგადოებამ რონალდინიოს ტაში დაუკრა მას შემდეგ, რაც ორი შესანიშნავი გარღვევა ბრაზილიელმა გოლით დააგვირგვინა. “ბარსელონას” “ათიანის” ქმედებები ადამიანური შესაძლებლობებისთვის დიდი გამოწვევა იყო.
“სამეფო კლუბის” დაცვის ხაზის გარღვევამ “ბლაუგრანას” სიძლიერეს ხაზი გაუსვა. იმ შეხვედრაში ჟიულიმ მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა, მაგრამ რაც მთავარია, საკუთარ დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი. შემტევი ტრიო ერთიანი იყო.
“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული “ელ კლასიკო” “ბარსელონაში” არა მხოლოდ რონალდინიოს , არამედ ლუდოვიკ ჟიულის ასპარეზობის სიმბოლოა.
ჟიული ისეთივე შედეგიანი არ აღმოჩნდა, როგორიც გასულ სეზონში იყო: 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა პრიმერა დივიზიონში. სამაგიეროდ, მისი გავლენა გუნდზე არ შეცვლილა.
მისი მეორეხარისხოვანი და ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანი როლის წყალობით “ბარსელონას” თავდასხმა იმ დროისთვის საუკეთესო იყო. რაიკაარდის სისტემის ერთ-ერთ ძირითად ნაწილად იქცა ჯულიანო ბელეტისა და ლუდოვიკის ტელეპათიური ურთიერთქმედება მარჯვენა ფლანგზე.
ლუდოვიკს არ სურდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ფრანგი ხალხის რჩეული არასდროს არ ყოფილა, ის უბრალოდ კარგად ასრულებდა მითითებულ დავალებას. კატალონიური გუნდისთვის ის ისეთივე “მუშა” იყო, როგორიც შემდგომში პედრო გახდა.
მილანში გატარებულმა ერთმა ღამემ ფრანგი “ბარსელონას” გმირად აქცია. მას შემდეგ, რაც “ბლაუგრანამ” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ჟოზე მოურინიოს “ჩელსი” და “ბენფიკა” დაამარცხა, გუნდი ნახევარფინალში “მილანს” დაუპირისპირდა.
იტალიური გრანდი ტურნირის ფავორიტი იყო. მილანელთა შემადგენლობაში, თითქმის ყველა პოზიციას ლეგენდარული ფეხბურთელი იკავებდა. დაპირისპირების პირველი რაუნდი “სან სიროზე” გაიმართა – რთული ამოცანა ყველა გუნდისთვის, თუნდაც ვარსკვლავური “ბარსელონასთვის”. ეს ღამე იყო მწვანე ფორმაში გამოწყობილი ტანმომცრო ფრანგის ბენეფისი.
რონალდინიომ ბურთი მიიღო, გატუზო მოატყუა და შესანიშნავი გადაცემა გააკეთა ჟიულის მისამართით, რომელმაც როგორც ყოველთვის, თვითკონტროლი შეინარჩუნა და დიდა უშანსოდ დატოვა. ეს გოლი ორმატჩიან დაპირისპირებაში ერთადერთი აღმოჩნდა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მომენტი “ბარსელონას” ისტორიაში, ვინაიდან 1992 წელს, “სამპდორიას” დამარცხების შემდეგ, კატალონიურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი კვლავ გაუჩნდა.
იმავდროულად, “არსენალმა” “ვილიარეალი” დაამარცხა და ცნობილი გახდა რაიკაარდის კოლექტივის მეტოქე ტურნირის ფინალში.
ფინალში ლუდოვიკმა მთავარი მომენტი გამოიყენა. მას შემდეგ, რაც იენს ლემანმა სამუელ ეტო’ო წააქცია, მსაჯმა გერმანელ კიპერს წითელი ბარათი უჩვენა, ჟიულის გოლი გააუქმა და საჯარიმო დარტყმა დანიშნა.
საბოლოოდ, კატალონიელმა გიგანტებმა ენერგიული “მეთოფეები” დაამარცხეს, ანგარიშით 2:1. “ბარსელონა” ევროპული ფეხბურთის ტახტზე კვლავ ავიდა. ჟიულიმ თავისი ოცნება აიხდინა, ფრანგმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. “მონაკოსთან” ერთად განცდილი მარცხის შემდეგ, ლუდომ ტრიუმფი იგემა.
2006/07 წლების სეზონი ჟიულისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა: მესის სტატუსის ზრდამ ფრანგის პოზიციის დაკარგვა გამოიწვია. მისი ეპოქა “ბარსელონაში” დასრულდა. ლუდოვიკმა აღიარა, რომ ახალგაზრდა არგენტინელი ჯადოქარი სავარჯიშო სესიებზე დომინირებდა. მისი ჩანაცვლება უბრალოდ დროის საკითხი იყო. ჟიულიმ ლა ლიგაში, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 15 მატჩი დაიწყო. ფრანგმა 3 გოლის გატანა მოახერხა.
“ბარსელონას” ტოტალური დომინირების ახალი ერა ახლოვდებოდა, ხოლო ფრანგი 30 წლის ხდებოდა. მას განახლებული სისტემისთვის საჭირო თვისებები უკვე აღარ გააჩნდა. ის კლუბს დაემშვიდობა. “ბლაუგრანამ” ლუდოვიკი ღირსეულად გააცილა. მან ესტაფეტა დაუთმო მესის, კატალონიაში კი ევოლუციის პროცესი გაგრძელდა.
როგორც ბევრმა სხვამ, ჟიულიმ იცოდა, რომ მესი “ბარსელონას” წარმოუდგენელი მწვერვალების დაპყრობაში დაეხმარებოდა. ლუდომ ლეოს უსახსოვრა პლატფორმა, რისი წყალობითაც მოსალოდნელი წარმატება რეალობად იქცა.
“კამპ ნოუ” არასდროს დაივიწყებს, თუ როგორ დაიწყო გზა დიდებამდე – ჟიული ამ მოზაიკის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი იყო. ალბათ, მისი თამაში მაყურებელს სუნთქვას არ უკრავდა, მაგრამ ფრანგი ნამდვილად ერთ-ერთია მათ შორის, ვინც თავისი შესაძლებლობებით, პროდუქტიულობითა და თავდადებით გუნდს წარმატება მოუტანა.

სპეციალურად, Barcamania.ge-სთვის.
მწერალი საღოლ.უმაგრესი სტატიაა
რეაქტიული ჟული…
საღოლ შოთი
იუვეს თჰ ბუფონის ჩანაცვკება უნდა დინარუმა უნდა იყიდოს.
მაგ დროინდელი ბარსელონას თამაშები უფრო მსიამოვნებდა ვიდრე დღევანდელი, სხვა სული იყო, ჟული, ეტო, რონალდინიო, ხო სასწაულები
ტექსტის წაკითხვა კი დამეზარა მარა შოთა საღოლ
Magari statiaa gmadlob avtor
kargi statia shota madloba statiistvis 🙂
მაგარი სტატიააა ძალიან და მაგარი ფეხბურთელიც!!! ჟიული!!!

Maladec shotaaaaa ase gagrzele!!
კაი სტადიაა ეგრე გააგრძელეთ <3