Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელად ხუან კარლოს უნსუეს დანიშვნის საკითხს სერიოზულად განიხილავს.
უნსუე, ამჟამად, ლუის ენრიკეს ასისტენტია. აქამდეც რამდენჯერმე გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ასტურიელი სპეციალისტის გუნდიდან წასვლის შემდეგ, რაც ზაფხულში მოხდება, გუნდი, შესაძლოა, უნსუემ ჩაიბაროს.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ უნსუეს ჰკითხა, არის თუ არა ის მზად, არჩევანის მასზე შეჩერების შემთხვევაში, გუნდი ჩაიბაროს და დადებითი პასუხი მიიღო.
49 წლის სპეციალისტს მცირე სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. 2010-2011 წლებში ის “ნუმანსიას”, ხოლო 2012 წელს “რასინგს” წვრთნიდა. 2013-14 წლების სეზონში, უნსუე ლუის ენრიკეს ასისტენტი იყო “სელტაში”, რის შემდეგაც, მასთან ერთად, “ბარსელონას” მიაშურა.
რაც შეეხება უნსუესა და “ბარსელონას” კავშირს – 1988-1990 წლებში, ის კატალონიელთა სათადარიგო მეკარე იყო. პამპლონელმა საფეხბურთო კარიერა 2003 წელს დაასრულა და ის იმავე წელს “ბარსას” მეკარეების მწვრთნელი გახდა. უნსუემ ეს პოსტი გუნდში პეპ გვარდიოლას მისვლის შემდეგაც შეინარჩუნა, რის შემდეგაც, “ნუმანსია” ჩაიბარა.