ასეთები ათასში ერთი თუ დაიბადება. ეს ფეხბურთელები გვანიჭებდნენ სიამოვნებას წლების წინ. მინდა გაგახსენოთ მოთამაშეები ახლო წარსულიდან, რომელთა თამაშსაც ვუყურებდით და უბრალოდ ვტკბებოდით. სამწუხაროდ უბერებელი არავინაა და ასაკის გამო ახლა ისინი შედარებით უფრო სუსტი კლუბების ღირსებას იცავენ.
ტიერი ანრი
ფრანგმა ფორვარდმა თავისი კარიერა “მონაკოში” დაიწყო. როდესაც ლონდონის “არსენალს” არსენ ვენგერი ჩაუდგა სათავეში, ფრანგმა სპეციალისტმა ტიერი იმწამსვე შეიძინა. ანრი რვა წლის განმავლობაში გახლდათ “მეთოფე”. იგი იყო ბრწყინვალე. მან კლუბთან ერთად აბსოლუტურად ყველაფერი მოიგო გარდა ერთისა: ჩემპიონთა ლიგა. ეს მისი ოცნება იყო. 2006 წელს “არსენალი” ლიგის ფინალში გავიდა და “ტიტი” ახლოს იყო ოცნების ასრულებასთან, თუმცა “ბარსელონამ”, რომელიც იმ დროისთვის შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა ინგლისური გუნდი 2:1 დაამარცხა. 2007–ში ანრის 30 წელი შეუსრულდა. ვენგერი აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებდა და გამოცდილი ფეხბურთელებით არ აძლიერებდა კლუბს; სწორედ ამან გადააწყვეტინა ფრანგ ფორვარდს წასვლა. მან კონტრაქტი “ბარსასთან” გააფორმა. პირველი სეზონი მისთვის ნამდვილად არ გამოდგა კარგი. აი შემდეგი სეზონი კი… კატალონიურმა კლუბმა მსოფლიო გააოცა. მათ მოიგეს ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა ტიერიმ. მან აიხდინა ოცნება და აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი. ამის შემდეგ დრომ თავისი ქნა. “ტიტის” ასაკი მოემატა და უკვე მოტივაცია დაკარგული ამერიკაში გაემართა, სადაც “ნიუ–იორკ რედ ბულსთან” გააფორმა კონტრაქტი.


რონალდო
რონალდო კარიერის მანძილზე თამაშობდა ისეთ ბრწყინვალე კლუბებში, როგორებიცაა “პსვ”, “ბარსელონა”, “ინტერი”, “რეალი” და “მილანი”. მას სადაც არ უნდა ეთამაშა ყველგან შესანიშნავი იყო. იგი მეკარეებისთვის ღამის კოშმარივით იყო. “კიჭამ” მოიგო რამდენიმე ქვეყნის ჩემპიონატი, ასევე უეფას თასიც, თუმცა ჩემპიონთა ლიგა ოცნება იყო და ოცნებადაც დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ “ფენომენი” ორჯერაა მსოფლიოს ჩემპიონი, ორჯერ აქვს ოქროს ბურთი მიღებული, მას არცერთხელ არ აუღმართავს ჩემპიონთა ლიგის თასი. რონალდომ ერთ “მუნდიალზე” 15 გოლის გატანა მოახერხა, ეს კი ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
ახლა რონალდო “კორინთიანსში” თამაშობს და კვლავ აჩვენებს კლასს წონასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად. მისი ოცნება იყო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება, თუმცა ბრაზილიის ნაკრების უკვე ყოფილმა მწვრთნელმა, დუნგამ იგი არაფრად ჩააგდო და რონალდინიოსთან ერთად “მუნდიალს” მიღმა დატოვა. ახლა “კიჭას” ყველანაირი მოტივაცია დაკარგული აქვს. იგი არ აპირებს 2014 წლამდე დალოდებას (მსოფლიო ჩემპიონატისთვის). მან განაცხადა, რომ ამ წლის ბოლოს აპირებს ბუცების ლურსმანზე დაკიდვას.


რივალდო
კიდევ ერთი ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონი. რივალდო, რომელმაც “დეპორტივოში” და “ბარსელონაში” გაიბრწყინა, მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი “მილანში” უზბეკეთშიც კი თამაშობდა. იგი “ბუდიონკორის” ღირსებას იცავდა. მან ჟურნალისტებთან აღიარა, რომ უზბეკეთში წასვლა ოჯახის გაჭირვებამ გადააწყვეტინა. “ბუდიონკორამდე” მას “ოლიმპიაკოსის” და “აეკის” მაისური ჰქონდა მორგებული.
“ბარსელონაში” რივალდო წამყვან ფეხბურთელად მიიჩნეოდა და ეს ასეც იყო. “ბლაუგრანას” გულშემატკივრები მისი თამაშის შემხედვარე გიჟებს გავდნენ. ამის მიუხედავად ბრაზილიელს კონფლიქტი მოუვიდა ლუი ვან გაალთან და იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა “კამპ–ნოუ”. “ბარსას” შემდეგ მას “სერიოზულად” აღარ უთამაშია. ვიტორი ახლა “მოჯი–მირიმის” ღირსებას იცავს, სადაც ოდესღაც კარიერა დაიწყო.


გაგრძელება იქნება…