“ბარსელონას” ლეგენდარულმა მარჯვენა მცველმა, ამჟამად ტურინის “იუვენტუსში” მოთამაშე დანი ალვესმა კატალონიური კლუბის ფეხბურთელები გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი FIFA-ს გალა-წარმოდგენას არ დაესწრნენ.
გუშინ, ციურიხში, FIFA-ს დაჯილდოება გაიმართა. “ბარსელონადან” წლის სიმბოლურ გუნდში 4 ფეხბურთელი მოხვდა, წლის საუკეთესო მოთამაშედ კი კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა. ღონისძიებას “ბარსელონას” არცერთი ფეხბურთელი არ დასწრებია. ამის ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ გუნდი “ბილბაოსთან” თასზე გასამართი მატჩისთვის ემზადება. თუმცა, ალვესს, რომელიც “ბარსელონაში” 8 წლის განმავლობაში თამაშობდა, ამ მიზეზის არ სჯერა.
“ისინი ღონისძიებაზე უნდა მოსულიყვნენ. ეს ჩემი აზრია. ისინი აქ ჩამოსასვლელად და ოთხშაბათს ფეხბურთის სათამაშოდ მზად არიან. მიღებულ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ისინი აქ უნდა ყოფილიყვნენ. “რეალის” ბევრ წარმომადგენელს ვხედავდი და თავს კარგად ვერ ვგრძნობდი.
რონალდუმ ჯილდო დაიმსახურა. მე ხმა სხვას მივეცი, მაგრამ პორტუგალიელის გამარჯვება სავსებით სამართლიანია.” – განაცხადა ალვესმა, რომელიც FIFA-ს წლის გუნდში მოხვდა.



