მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელობასა და ანდრეს ინიესტას შორის ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების პროცესი ჯერ არ დაწყებულა, კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ მიიჩნევს, რომ შეთანხმების მიღწევა საკმაოდ რთული იქნება. ინიესტა 32 წლის არის, რამაც კონტრაქტის პირობებზე შეიძლება გავლენა იქონიოს.
“შესაძლებელია, რომ ანდრეს ინიესტას ახალი ხელშეკრულების პირობებმა დისკუსია გამოიწვიოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ესპანელი ნახევარმცველი “ბარსელონაში” თამაშს გააგრძელებს.”-ციტირებს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” პრეზიდენტის სიტყვებს AS.
რამდენიმე თვის წინ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეხვედრას აპირებს. ინიესტამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ “ბარსელონაში” თამაში აბედნიერებს და სწორედ კატალონიურ კლუბში აპირებს კარიერის დასრულებას.
ინიესტას ხელშეკრულება კატალონიურ კლუბთან 2018 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ანდრესი “ბარსელონას” მიერ აღზრდილი ლეგენდარული ნახევარმცველია. ესპანელს პროფესიონალური კარიერის მანძილზე სხვა კლუბში არ უთამაშია.
მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო ინიესტამ 6 კვირა გამოტოვა. ანდრესმა 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.


