გიორგი მიქაუტაძე 22 ნოემბერს იმ სტადიონზე ითამაშებს, სადაც რეგულარულად ასპარეზობაზე ბავშვობიდან ოცნებობს. “ვილიარეალის” ქართველი თავდამსხმელი “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას განსაკუთრებული მოტივაციით ხვდება.
Mundo Deportivo მიქაუტაძეს ვრცელ სტატიას უძღვნის და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 26 წლის ფეხბურთელი კატალონიური კლუბის გულშემატკივარია. რამდენიმე დღის წინ DAZN-თან ინტერვიუში ქართველმა თავდამსხმელმა საკუთარი ოცნების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა:
“ბარსელონა” ჩემი ცხოვრების კლუბია. ბავშვობიდან ვუყურებ მის თამაშებს და ახლა ვშრომობ, რათა იქ თამაშის შესაძლებლობა მომეცეს. რატომაც არა?”
მიქაუტაძე ლიონში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. საფეხბურთო კარიერა “ლიონის” აკადემიაში დაიწყო, თუმცა პროფესიულ დონეზე თავის დამკვიდრება “მეცში” მოახერხა. მოგვიანებით ითამაშა ბელგიურ “სერენში”, “აიაქსსა” და “ლიონში”, 2025 წელს კი “ვილიარეალს” შეუერთდა.
ესპანურმა კლუბმა მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც “ვილიარეალის” ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერი გახდა.
ქართველი თავდამსხმელის სახელი “ბარსელონას” ზაფხულის სატრანსფერო გეგმებთანაც იყო დაკავშირებული. მაშინ მიქაუტაძემ თავისი პირველი სეზონი “ვილიარეალში” 16 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით დაასრულა.
მიმდინარე სეზონში მას 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. “ვილიარეალთან” კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს, ხოლო Mundo Deportivo-ს ცნობით, მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონ ევროს შეადგენს.
მიქაუტაძის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მრავალმხრივობაა. 176 სანტიმეტრი სიმაღლის თავდამსხმელი გამოირჩევა სისწრაფით, მოძრაობით, ტექნიკითა და მცირე სივრცეში მოქმედების უნარით.
ქართველ ფეხბურთელს საერთაშორისო ასპარეზზეც მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე 3 გოლი გაიტანა და ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. საქართველოს ნაკრების მაისურით კი 49 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი.
რა საერთო აქვს მიქაუტაძესა და პედრის?
Mundo Deportivo კიდევ ერთ საინტერესო დეტალზეც ამახვილებს ყურადღებას. მიქაუტაძე გატანილ გოლებს ხშირად სათვალის გამოსახვით აღნიშნავს, ზუსტად ისე, როგორც ამას “ბარსელონას” ნახევარმცველი პედრი აკეთებს.
თუმცა მათი ჟესტების ისტორიები განსხვავებულია. პედრი ამ ფორმით ბაბუას მიაგებს პატივს, ხოლო მიქაუტაძის შემთხვევაში ყველაფერი მეგობართან PlayStation-ის თამაშის დროს დაიწყო.
ქართველმა თავდამსხმელმა ეს ისტორია იანვარში, “ვილიარეალის” პრესკონფერენციაზე გაიხსენა:
“ეს ჩემს მეგობართან ურთიერთობას უკავშირდება. როდესაც მასთან ერთად PlayStation-ს ვთამაშობდი, გოლი გავიტანე და ასე აღვნიშნე. მას შემდეგ ამ ჟესტით მას მივმართავ.”
22 ნოემბერს მიქაუტაძეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა უშუალოდ “ბარსელონას” წინააღმდეგ შეეძლება.




forum კომენტარები (0)