ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის მე-13 ტურში “ბარსელონასა” და “ვილიარეალს” შორის გასამართი მატჩის მსაჯი დაასახელა. შეხვედრას გამოცდილი ესპანელი არბიტრი ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი განსჯის, ხოლო VAR-ზე გილერმო კუადრა ფერნანდესი იმუშავებს.
ერნანდეს ერნანდესს მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მატჩზე ჯერ არ უმუშავია. სამაგიეროდ, მან უკვე იმსაჯა “ვილიარეალის” შეხვედრაში, როდესაც 23 აგვისტოს ყვითლები მადრიდის “ატლეტიკოს” დაუზავდნენ (2-2).
ესპანელმა არბიტრმა “ბარსელონას” მატჩი ბოლოს გასული სეზონის 35-ე ტურში, “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ განსაჯა. კატალონიელებმა ის შეხვედრა 2-0 მოიგეს და ესპანეთის ჩემპიონობა გაინაღდეს.
საინტერესოა, რომ “ბარსელონა” ის გუნდია, რომლის მატჩებშიც ერნანდეს ერნანდესს ლა ლიგაში ყველაზე მეტჯერ უმსაჯია. სტატისტიკა ასეთია:
- 42 მატჩი
- 26 გამარჯვება
- 12 ფრე
- 4 მარცხი
ამ მსაჯის ხელმძღვანელობით კატალონიელებმა ბოლო მარცხი 2024 წლის 4 მაისს განიცადეს, როდესაც სტუმრად “ჟირონასთან” 2-4 დამარცხდნენ.
რაც შეეხება “ვილიარეალს”, ერნანდეს ერნანდესმა მისი მონაწილეობით 30 შეხვედრა განსაჯა. ამ მატჩებიდან 13 ყვითლების გამარჯვებით დასრულდა, 10 ფრედ, ხოლო 7 – მარცხით.
განსაკუთრებით საინტერესოა უშუალოდ “ბარსელონასა” და “ვილიარეალის” ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა. ერნანდეს ერნანდესს ამ გუნდების დაპირისპირებაში აქამდე ოთხჯერ უმსაჯია და კატალონიელებს არცერთი მატჩი არ წაუგიათ.
პირველი ასეთი შეხვედრა 2014/15 წლების სეზონში, ესპანეთის თასის ნახევარფინალში გაიმართა და “ბარსელონას” გამარჯვებით (3-1) დასრულდა. 2018/19 წლების სეზონში გუნდებმა 4-4 ითამაშეს, ხოლო 2022/23 და 2023/24 წლების სეზონებში კატალონიელებმა შესაბამისად 1-0 და 4-3 მოიგეს.
ამრიგად, ერნანდეს ერნანდესის ხელმძღვანელობით “ბარსელონას” “ვილიარეალთან” ჩატარებულ ოთხ მატჩში სამი გამარჯვება და ერთი ფრე აქვს.




forum კომენტარები (0)