აი, სწორედ ეს მაწუხებს ყველაზე მეტად. როდესაც პრინციპულ მეტოქეს მიწასთან ვასწორებთ, ვიმეორებთ რა ისტორიულ შედეგებს, ჩვენს ტრადიციებს ოდებს ვუმღერით. როდესაც ძირითადი შემადგენლობის ნახევარს, ლა მასიას აღზრდილები წარმოადგენენ, ჩვენს ტრადიციებს დითირამბებს ვუძღვნით. მსოფლიოში არ არის სხვა გუნდი, რომელსაც ასე ადვილად ამოსაცნობი ხელწერა გააჩნია. ჩვენ მზად ვართ დავმარცხდეთ, მაგრამ შემტევ სტილს ვერ ვუღალატებთ.
მაგრამ საკმარისია ყატარულ კომპანიასთან სარფიანი გარიგება გავაფორმოთ და მაისურებზე Qatar Foundation დავიწეროთ და ყველა ტრადიცია ფეხქვეშგათელილი გვეჩვენება. ნუთუ მხოლოდ მე დავიწყე ამ გუნდის გულშემატკივრობა იმიტომ, რომ მისი სათამაშო ოსტატობითა და სტილით ვიყავი მოხიბლული? ნუთუ, მოიძებნენ ადამიანები, რომლებიც არჩევანის გაკეთებისას, მაისურის ხელშეუხებლობით ხელმძღვანელობდნენ? ყველაფერთან ერთად, ისიც ვერ გამიგია სად იყვნენ როსელის მაგინებლები ბოლო 4 წლის განმავლობაში – “ბარსას” მაისურს UNICEF 2006 წლიდან ამშვენებს.
საქმე თუ წარწერაშია, პრეტენზიები დაგვიანებულია. ხოლო წარწერა თუ არაფერშუაშია და მის სანაცვლოდ ფულს რომ მივიღებთ, ეს გაღელვებთ, მაშინ ბოდიშის მოხდით გეტყვით, რომ ეს სულ სხვა საუბრის თემაა. Qatar Foundation ბუკმეიკერული კანტორა როდია. ეგ კი არა, კომერციული ორგანიზაციაც კი არაა.
ალბათ, არ გჭირდებათ იმის შეხსენება, რომ კლუბს არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა აქვს. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ბლაუგრანამ სატელევიზიო უფლებებთან დაკავშირებით, ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც წინა კონტრაქტთან შედარებით ნაკლებშემოსავლიანია. სარეკლამო წარწერა კი წელიწადში 30 მლნ-ის მომტანია, ორჯერ მეტის, ვიდრე “რეალს” უხდის bwin.
მეჩვენება, რომ უმეტესობას თანამედროვე მარკეტინგისადმი არსებული ზიზღი, კლუბზე გადააქვს. მაგრამ მინდა მათ შევახსენო, რომ კლუბი ადამიანი არ არის, რომელიც ჰამბურგერის კოსტუმში გამოწყობილი მაკდონალდსს უკეთებს რეკლამას. ბლაუგრანა დღეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კლუბია, ის თანამედროვე ფეხბურთის სახეა. არ შეიძლება ერთდროულად წარმატებული იყო და თან ანდერგრაუნდში იმყოფებოდე. ვინმესთვის ტრადიციების შენარჩუნებაა უპირატესი ამოცანა? ნუ იღელვებთ, არსებობს ბილბაოს “ატლეტიკი” და სხვა კლუბები. “ბარსელონამ” კი უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი, ის დროს უწყობს ფეხს. გამოდის რომ, კლუბის შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას რომ იღებთ სხვადასხვა წყაროებიდან, შვილისთვის საკლუბო ატრიბუტიკის შეძენა რომ შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და გუნდის ნებისმიერი მატჩის ყურება რომ არაა პრობლემა, ეს კარგია, ხოლო როდესაც კლუბი რეკლამის ხარჯზე აგვარებს პრობლემებს, ეს უკვე ცუდია.
ჩვენ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელშიც ფულით ყველაფერს იყიდი – იუმორს, ერთგულებას, სიყვარულს, მეგობრობას. საშინელებაა როდესაც ადამიანები იყიდებიან, მაგრამ კლუბი ადამიანი არ არის, ეს ორგანიზაციაა. მას მორალური თვისებები არ გააჩნია, მას ფინანსური ანგარიში აქვს. “ბარსელონას” ფეხბურთელებს შეუძლიათ ყვითელი, წითელი ანაც იასამნისფერი მაისურებით იბურთაონ, მაგრამ ამით მათი თამაშის სტილი არ შეიცვლება. ფეხბურთი ამით არ შეიცვლება. მე მეგონა, რომ ჩვენ ფეხბურთს ვგულშემატკივრობდით და არა ტანისამოსს.


