“ბარსელონას” მარჯვენა მცველი ალეიშ ვიდალი, ძალიან მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, აცხადებს, რომ ის კატალონიურ კლუბში დარჩენას აპირებს. 27 წლის ფეხბურთელმა ეს კომენტარი “გლადბახთან” გამართული თამაშის (4:0) შემდეგ გააკეთა.
“კლუბს შეუძლია, ჩემ მომავალთან დაკავშირებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. თუმცა, მე დარჩენას ვაპირებ. სისულელე იქნებოდა, მსოფლიოს საუკეთესო კლუბის დატოვებაზე მეფიქრა. “ბარსელონასთან” კონტრაქტი მაკავშირებს და ვფიქრობ, რომ აქ წარმატების მიღწევა შემიძლია.
ჩემი დღევანდელი თამაშის შესაფასებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოედანზე უკვე 3 თვეა არ გამოვსულვარ. საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ფსიქოლოგიურ ასპექტებზე მუშაობა მაინც საჭიროა.
ყოველთვის რთულია თამაში, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში უქმობა გიწევდა. სწორედ ასე მოხდა. ვარჯიშებზე 100%-ით დახარჯვას განვაგრძობ.
მესმის, რომ ჩემი უთამაშებლობის მიზეზი სპორტულია და არა პიროვნული – ასე გადაწყვიტა მწვრთნელმა. თავდაუზოგავად შრომას განვაგრძობ და ახალ შანსს დაველოდები.” – აცხადებს ვიდალი.
“გლადბახთან” გუშინ გამართულ შეხვედრამდე ალეიშ ვიდალი მოედანზე უკანასკნელად 17 აგვისტოს, “სევილიასთან” ესპანეთის სუპერ თასზე გამართულ შეხვედრაში (3:0) ვიხილეთ.


