“სევილია” – “ბარსელონა”, გარდა იმ მიზეზებისა, რომლებიც წინა სტატიებში შემოგთავაზეთ, კიდევ რამდენიმე ფაქტორის გამო არის გამორჩეული. გთავაზობთ იმ 10 გარემოებას, რომლებიც ამ შეხვედრას დამატებით ინტერესს სძენს.
1) “სანჩეს პისხუანი”
დღეს ათიათასობით მაყურებელი “სევილიას” საგულშემატკივროდ შეიკრიბება. იმ გუნდის, რომელმაც სახლში თამაში ძალიან კარგად იცის და საკუთარი მაყურებლების თვალწინ 15 აგვისტოს შემდეგ (“ბარსელონა”, ესპანეთის სუპერ თასი, 0-2) არ წაუგია, რაც მატჩს დამატებით სირთულეს, დაძაბულობას და ამავდროულად დიდ ინტერესს სძენს.
2) მესის უსაყვარლესი “მსხვერპლი”. გავიხსენოთ “სევილიელთა” მწვრთნელის, სამპაოლის სიტყვები: “ორი ოქროს ბურთი უნდა არსებობდეს. ერთი – არგენტინელისთვის, მეორე კი ყველა სხვა დანარჩენი ფეხბურთელისთვის”. ლიონელ მესის ბევრი გუნდი დაუმწუხრებია და უამრავი გუნდის კარი აუღია, მის ანგარიშზე “ბარსელონას” მაისურით 500-ზე მეტი გოლია. თუმცა მისი უსაყვარლესი მეტოქე სწორედ ანდალუზიური კლუბია, რომლის კარის ბადეში ბურთი 28 მატჩშიი 26 ჯერ გაახვია.
3) ნასრის დაბრუნება
სამირ ნასრი ხოსეპ გვარდიოლას სტილს როგორც ჩანს ვერ მოერგო, რაც გახდა მიზეზი მისი “სევილიაში” გადმობარგებისა. წინა შეხვედრა მან ტრავმის გამო გამოტოვა, დღეს კი სრულ მზადყოფნაშია და დიდი ალბათობით “ბარსელონას” ბევრ პრობლემას შეუქმნის.
4) სამპაოლი და “ბარსელონა”
მწვრთნელმა, რომელმაც 1 წლის წინ ჩილე თავის პირველ “კოპა ამერიკამდე” მიიყვანა, რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მისი მიზანი მწვრთნელის რანგში ყოველთვის იყო “ბარსელონას” დამარცხება. ესპანეთის სუპერ თასზე ეს ვერ მოახერხა, დღეს კი ამისათვის შესანიშნავი შანსი აქვს.
5) ლუის ენრიკე დიდი ეჭვის ქვეშ დგას
“ბარსელონამ” ამ სეზონში ჯერ-ჯერობით ვერა და ვერ მოახერხა ისეთ ფორმაში შესვლა, როგორშიც მაგალითად ის წინა სეზონის ამავე პერიოდში იყო. ეს ყველაფერი, ნაწილობრივ, გამუდმებული ტრავმიანობითაცაა გამოწვეული. “ბლაუგრანამ” ლა ლიგაში უკვე საკმაოდ ბევრი ქულა გაანიავა და დღეს ამის დრო ნამდვილად აღარაა.
6) ვიეტო
ვიეტო კლუბში წინა ზაფხულს მოვიდა და უკვე ყველა დაარწმუნა, რომ მას ნამდვილად შეუძლია “სევილიას” გამორჩეული ფიგურა გახდეს. ფეხბურთელიც შრომობს და “სევილიას” გულშემატკივრების გახარება ამ სეზონში უკვე 5-ჯერ მოახერხა.
7) დაცვის პრობლემები
“ბარსელონაში” ბოლო რამდენიმე სეზონია ნამდვილად დგას დაცვის ხაზის პრობლემა. ერთი შეხედვით უმტიტი ამ პრობლემის მომგვარებლად უნდა მოგვლენოდა და ნაწილობრივ ასეც მოხდა, მაგრამ ახლა უკვე პიკეს არყოფნამ ეს საკითხი ისევ წინ წამოწია. დაცვის პრობლემებმა ამ სეზონში უკვე რამდენიმე მატჩში იჩინა თავი და მის ბედზე პირდაპირი გავლენაც იქონია. თუნდაც “მანჩესტერ სიტისთან” მარცხში (1-3).
8) ტერ შტეგენი ყურადღების ცენტრში.
ბოლო სამ გასვლით მატჩში, “ბარსელონამ” 9 გოლი გაუშვა, რაც გერმანელი გოლკიპერის გარშემო უამრავ კითხვის ნიშანს ბადებს.
9) ნეიმარი და “სევილია”
“სევილიას”, მესის მსგავსად, ნეიმარიც არ აკლებს, რომელიც ამ გუნდთან თითქმის ყოველ თამაშში აკეთებს რაიმე ღირებულს, რაც შემდეგ გოლს, შემდეგ კი მოგებას იწვევს. ვნახოთ, დღეს თუ გამოუვა ბრაზილიელს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა.
10) მეორე ადგილზე გადანაცვლება?
“სევილას” დღეს შანსი აქვს გადაასწროს “ბარსელონას” და “ატლეტიკოს”, რომელმაც “რეალ სოსიედადთან” მატჩი 0-2 დათმო. სამი ქულის აღების შემთხვევაში ანდალუზიელები 24 ქულით მადრიდის “რეალის” ქვემოთ აღმოჩნდებიან.