მოგეხსენებათ გუშინ ღამეს, “ბარსა” “კორნელია ელ პრატის” ესტუმრა, სადაც “ესპანიოლს” დაუპირისპირდა. ამ მატჩში ჩვენ 6 გოლის ხილვა შევძელით. აქედან 5 ერთი გუნდის ფეხბურთელებმა გაიტანეს, ხოლო ერთიც მეორის. ალბათ რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რომელი გუნდის ფეხბურთელებმა, რამდენი გოლის გატანა შეძლეს…
წლევანდელ სეზონში, “ესპანიოლს” საკუთარ მოედანზე ქულა არ ქონდა დაკარგული, სანამ “ბლაუგრანას” არ შეხვდებოდა. პედროს (2), ჩავისა და ვილიას (2) გოლები “ბარსას” დიდი წარმატების მოპოვებაში დაეხმარა. ამ 5 გოლის საპასუხოდ კი “ესპანიოლმა” ვალდესის კარის აღება მხოლოდ ერთხელ შეძლო. ასევე აღსანიშნავია ის, თუ როგორ დახვდა პუბლიკა ანდრეს ინიესტას. ფეხბურთელს, რომელმაც “ესპანიოლის” ყოფილი და გარდაცვლილი ფეხბურთელი, დანი ხარკე ასე ძალიან დააფასა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გატანილი გოლიც სწორედ მას მიუძღვნა.
და აი ალბერტო უნდიანო მალიენკოს სასტვენის ხმაც გაისმა. მატჩი დაიწყო და “ესპანიოლმა” “ბარსას” შეშინებაც მოინდომა. შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწყო და პოჩეტინოს ფეხბურთელები საგოლე მომენტების შექმნას ცდილობდნენ, მაგრამ დიდი ვერაფერი გამოზდიოდათ. პირველი საგოლე მომენტი ალვეშმა და მესიმ შექმნეს, მაგრამ მომენტის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ კამენის კარის აღება შეძლო პედრო როდრიგესმა, რომელიც SPORT.ES-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ეს ყოველივე კი როდრიგესმა მესის გადაცემის შემდეგ გააკეთა. სიმართლე გითხრათ, პედროს ადგილას ყოფნას იმ მომენტისთვის ნამდვილად არ ვისურვებდი. წარმოიდგინეთ გოლს იტან გავსებული “კორნელია ელ პრატის” აჟიტირებული გულშემატკივრების წინ…
ამ გოლს კარგად არც “ესპანიოლის” ფეხბურთელები შეხვედრიან. მათ შეტევების წარმოება ისევ განაგრძეს. მათ შეტევებს კი “ბარსას” ფეხბურთელები პასუხობდნენ და პასუხობდნენ საკმაოდ შედეგიანადაც. 30–ე წუთი იყო, როდესაც “ბლაუგრანა” კიდევ ერთი შეტევას იწყებდა. შეტევა მარცხენა ფლანგიდან დაიწყო. ვილიამ ბურთი პედროსკენ გაგზავნა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა. მან უკან ლეო მესი დაინახა, ბურთი ლეოს მიუვიდა, რომელმაც ჩავის მისამართით გენიალური გადაცემა გააკეთა. ჩავი შეტევის მარჯვენა მხარეს იდგა. მან ბურთი მეკარის საჯარიმოში შემოაგდო, მაგრამ ბურთი ალვეშმა ვერ დაიმორჩილა და იგი უკან, ჩავის დაუბრუნდა, რომელმაც ძალიან მახვილი კუთხიდან გოლის გატანა შეძლო. სხვაობა 2–მდე გაიზარდა. კამენი და მისი თანაგუნდელები კი გვერდითა არბიტრთან მივარდნენ და კამათი დაუწყეს, რადგანაც ისინი თვლიდნენ, რომ ეს გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა. ასეა, თუ ისე, გოლი ჩაითვალა. ბევრი “ბარსას” დანებდებოდა, მაგრამ “ესპანიოლი” ღირსეულად თამაშს აპირებდა და შეტევების წარმოებას კიდევ და კიდევ ცდილობდა.
გოლის გატანის შანსი ქონდა კალეხონს. იგი ძალიან კარგ პოზიციაში აღმოჩნდა, საიდანაც ძალიან ლამაზი გოლის გატანაც შეიძლებოდა, მაგრამ ლამაზი გოლის ნაცვლად ჩვენ ლამაზი სეივი ვიხილეთ, რომელიც ვიქტორ ვალდესმა შეასრულა. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
მეორე ტაიმი “ბარსამ” მშვიდად და აუღელვებლად დაიწყო, ან რატომ უნდა აღელვებულიყო? გუნდი 2–0–ს იგებდა, მაგრამ ეს სიმშვიდე 62–ე წუთამდე გაგრძელდა. ახლა კი გეტყვით, თუ რა მოხდა 62–ე წუთამდე. მესამოცე წუთი იყო, როდესაც მესიმ ბურთი კამენის კარისკენ გადაგზავნა. კამერუნელმა კი ამ ბურთის მოგერიება შეძლო, ხოლო დამატებაზე პედრომ შესანიშნავად ითამაშა და ანგარიში 3–მდე გაზარდა. რა მოხდა 62–ე წუთზე? რა მოხდა და გოლი ოსვალდომ გაიტანა. გაიტანა და ახმაურდა მთელი სტადიონი. “ესპანიოლის” ფეხბურთელებმა ენერგიის მოზღვავება იგრძნეს და არაფრის დათმობას არ აპირებდნენ, მაგრამ 75–ე წუთზე ვილიამ ყველაფერი დაასრულა. დავიდმა გოლის გატანა მესის პასის შემდეგ შეძლო. მეოთხე გოლს კი რამდენიმე კარგი მომენტი მოყვა, რომლის დაგვირგვინებაც ვილიამ მოახერხა და ანგარიში 1–5 გახდა. ამჯერად საგოლე პასი ჩავის ანგარიშზეა. ისევ 5…
ამ სეზონში, ბევრი გუნდი გვინახავს, რომელმაც მატჩი “ბარსას” წინააღმდეგ ძალიან სწრაფ ტემპში და ისე დაიწყო, რომ გეგონებოდა “ბარსას” დამარცხება მართლა შეეძლო, მაგრამ 10 წუთში ყველაფერს ნათელი ეფინებოდა. ეს კი სულ სხვა შემთხვევა იყო. “ესპანიოლი” მთელი 90 წუთის განმავლობაში თავისი ღირსების დაცვას იმ 40 ათასი გულშემატკივრის წინაშე ცდილობდა, რომელიც მატჩს თვალს ცოცხლად ადევნებდა. ალბათ მარტო ამისთვის ღირს მათი დაფასება და იმედია “სხვა გუნდების” წინააღმდეგაც ასე ითამაშებენ.
და მაინც, როგორ გვიყვარს ამ სეზონის “ურთულეს მატჩებში” 5 გოლის გატანა…
[media=http://www.youtube.com/watch?v=Ad8H5o8T7Tg]



