ბავშვი, რომელმაც დედას წაართვა ბურთი და ეზოში სათამაშოდ წავიდა, დიდი ხნის შემდეგ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
პაოლო მალდინი: “ლიონელ მესის თამაშს ვუყურებ და ვფიქრობ, რომ ის “ოქროს ბურთს” ყოველ წელს უნდა იგებდეს. არგენტინელი საოცარი მოთამაშეა”.
პეპ გვარდიოლა: “მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გაწვრთნა ჩემთვის დიდი პატივი იყო, ის ნომერ პირველი მოთამაშეა მათ შორის, ვინც ოდესმე მინახავს და ალბათ მომავალში ვნახავ.
მინდოდა ლეო საუკეთესო ფეხბურთელად მექცია, მან კი პირიქით, მე გამხადა ნომერ პირველი მწვრთნელი”.
რაიან გიგსი: “ის უკანასკნელი 20 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. მესი ტანმომცრო, მაგრამ ბალანსირებულია, რის გამოც ძნელია მისი დაჭერა”.
მარკ ვან ბასტენი: “ყოველგვარი კამათის გარეშე, მესი უკანასკნელი წლების საუკეთესო ფეხბურთელია. მან საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო, მაგრამ მაინც გამაჯრვება სწყურია. აი ეს აქცევს ლიონელს ნომერ პირველად”.
იოჰან კრუიფი: “მესი საფეხბურთო სამყაროსთვის დაუფასებელი საგანძურია. ამჟამად ლეო ამ სპორტის განსახიერებაა, რამაც ის ახალგაზრდობისთვის მისაბაძ მაგალითად აქცია”.
მარიო ბალოტელი: “ჩემზე წინ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დგას და ეს არის ლიონელ მესი. დანარჩენები უკან ჩამოვიტოვე”.
საყოველთაო აღიარების მოპოვება დამოუკიდებლად შეუძლებელია. დიდი წარმატების უკან ყოველთვის თანადგომაა, რომლის გარეშეც ჩვენ ცხოვრებაში ვერაფერს გავხდებით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს სიტყვები ლიონელ მესისაც ეხება.
როგორც წინა ნაწილში, ასევე ახლაც, მინდა გესაუბროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ლიონელ მესის წარმატებული კარიერის მთავარ შემოქმედებად შეიძლება ჩავთვალოთ. ასე, რომ ვაგრძელებთ.
დეიდა – მარსელა კუჩიტინი
ქალბატონი მარსელა კუჩიტინი ოჯახში ყველაზე უმცროსია. ლიონელ მესი არის – საყვარელი ნათლული, რომელიც პატარაობაში ბურთს მის ვაჟებთან ერთად თამაშობდა.
ახლა სამივე პროფესიონალურ დონეზე თამაშობს, ხოლო დედა, ისევე როგორც ადრე, როსარიოში ცხოვრობს და ხშირად ხვდება სელია მარიას. როცა ლეო მშობლიურ არგენტინაში მოფრინავს, ყოველთვის სტუმრობს საყვარელ დეიდას.
“ის რაღაც საოცრებებს აკეთებდა. ბურთს ისე ურტყამდა სახლის კარებზე, რომ მეზობლები ხანდახან თხოვდნენ, რომ ცოტა ხნით დაესვენა.” – იხსენებს მარსელა. ალბათ ახლა ისინი ამაყობენ, რომ ოდესღაც ლეგენდარული არგენტინელის მეზობლები იყვნენ.
ბიძაშვილები – მაქსიმილიანო, ემანუელი და ბრუნო

მაქსიმილიანო ბიანკუჩი
“მესი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ მე განსხვავებული ვარ. ვცდილობ კარიერულ წინსვლას მივაღწიო.”– განაცხადა მაქსი ბიანკუჩიმ. ძმებისგან განსხვავებით ის “სან-ლორენსოს” რიგებში გამოდიოდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბრაზილიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს იკავებდა. ეს 2013 წელს მოხდა, როცა ლეოს ბიძაშვილი “ვიტორიას” ღირსებას იცავდა და 6 მატჩში 7 გოლი შეაგდო.
ის ხშირად იცვლის კლუბებს სამხრეთ ამერიკის ფარგლებში. მისი ყველაზე დიდი მიღწევაა 7 გოლი “ფლამენგოს” რიგებში და ბრაზილიის ჩემპიონობა 2008-2009 წლის სეზონზე.
ემანუელ ბიანკუჩი
ემანუელთან ერთად ლეო “ნიუელს ოლდ ბოისის” ღირსებას იცავდა. ამ ორი პიროვნების ცხოვრებაში სიტუაცია განსხვავებულად წარიმართა. ისინი 2011 წელს შეხვდნენ ბარსელონაში. ემანუელი კატალონიურ “ჟირონაში” გადაბარგდა.
ერთი წლის მანძილზე ბიძაშვილები მაღალგანვითარებულ, ევროპულ რეგიონში ცხოვრობდნენ და იხსენებდნენ ბავშვობის პერიოდს, როცა ისინი როსარიოს ქუჩებში თამაშობდნენ ბურთს. საკუთარი თავის დამკვიდრების მიზნით ემანუელ ბიანკუჩი სხვადასხვა კლუბის რიგებში გამოდიოდა. გერმანიაში, ესპანეთსა და პარაგვაიში ძიების შემდეგ, საბოლოოდ ის “სეარაში” გადაბარგდა, სერია B- დან.
ბრუნო ბიანკუჩი
“ბრუნოს თამაშის ისეთივე მანერა აქვს, როგორც ლეოს.” – განაცხადა ბიანკუჩის ბავშვობის მწვრთნელმა, რობერტო რამირესმა.
ბრუნოს ოჯახი როსარიოს სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს. ბავშვობაში ყოველდღე ეზოში თამაშობდა ფეხბურთს, თანაც ძალიან მაღალ დონეზე. მისი შესრულების ხელოვნება იწვევდა ძალიან ხშირ შედარებას ცნობილ ბიძაშვილთან.
“ბრუნო უფრო ტექნიკურია, ვიდრე ლიონელ მესი. მოვა დრო, როცა ის ლეგენდარულ არგენტინელს აჯობებს.” – განაცხადა 10 წლის წინ ავტომექანიკოსმა პედრო პეკორამ, რომლის სახელოსნოს ირგვლივ პატარა ბიანკუჩი ყოველდღე თამაშობდა და ფინტებს ამუშავებდა.
ბრუნოსა და მესის ოჯახში ძალიან ხშირად ადარებენ. მათი ფეხბურთზე სიგიჟემდე შეყვარებული ბაბუა, ამბობს, რომ კუჩიტინი სწორედ ისეთ დონეზე თამაშობს, როგორც ლიონელი თავის დროზე.
სამი ფეხბურთელის მამამ, კლაუდიო ბიანკუჩიმ 2006 წელს განაცხადა, რომ აღსანიშნავია მათი მსგავსი სიმაღლე და გადაცემათა გაკეთების ხელოვნების ერთგვაროვნება. “როცა პატარა ბრუნოს გოლი გაჰქონდა ის მათ არ აღნიშნავდა, ამის ნაცვლად უბრალოდ თავს ხრიდა და მეკითხებოდა: მოგეწონა?.”
ახალგაზრდა ბიანკუჩი მშობლიურ “ნიუელსში” თამაშობს. ჯერ-ჯერობით 19 წლის ფეხბურთელის აგენტს ევროპულ კლუბებთან კონტაქტი არ ჰქონია, რაც ბრუნოს ლეოსთან შედარებებს უფრო და უფრო ამცირებს. ამ ასაკში, ხომ მესიმ მადრიდის “რეალის” კარში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.
რელიგიური მწვრთნელი რამირესი უყვება ბავშვებს, თუ როგორ უნდა გახდნენ პროფესიონალი ფეხბურთელები. “90% თქვენზეა დამოკიდებული, დანარჩენი 10 კი – ღმერთზე”.
საფეხბურთო ღმერთი უკვე დიდი ხანია მფარველობს კუჩიტინთა ოჯახს, ასე რომ ახლა ყველაფერი ბრუნოზეა დამოკიდებული.
ბავშვობის მეგობარი – სინთია არელიანო


სილვია არელეანო და სელია მესი თითქმის ერთდროულად დაფეხმძიმდნენ, რის გამოც სინთია მათ “საშვილოსნოს დებად” მოიხსენიებს.
ლეო და სინთია ერთმანეთს ისე ეპყრობოდნენ, როგორც და-ძმა. მათ რომანტიული ურთიერთობა არასოდეს არ ჰქონიათ (პრინციპში, ამაზე არასოდეს არ ულაპარაკიათ), მიუხედავად იმისა, რომ მთელი ბავშვობა ერთად გაატარეს.
“ჩვენ მას პიკის ვეძახდით, რადგან ყველაზე პატარა იყო.” – იხსენებს სინთია. ლეო არ ყოფილა ძალიან კარგი მოსწავლე. ფიზკულტურა და ხატვა მოსწონდა. საკონტროლო სამუშაოებზე სინთია მესის ყოველთვის აძლევდა სახაზავს, რომელსაც სწორი პასუხები ეწერა.
მათი დამრიგებელი იხსენებს, რომ დაწყებით სკოლაში ლეო იმდენად მორცხვი იყო, რომ სინთიას მის გვერდით დაჯდომა და მესის ნათქვამის ხმამაღლა გამეორება უწევდა.
“როცა ლეო ესპანეთში გაფრინდა, ყველა ვტიროდით.” – ამბობს უკვე სრულწლოვანი სინთია არელეანო. წარმატების მიუხედავად მისი ბავშვობის მეგობარი საერთოდ არ შეცვლილა: “ის ისეთივე მორიდებულია, როგორც ადრე”.
სინთიას როსარიო არ დაუტოვებია. ის ფსიქოლოგია და დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.
ბავშვობის მეგობარი – ხუან კრუს ლეგისამონი
ხუან ლეგისამონი ლიონელ მესის 6 წლის ასაკიდან იცნობს. ისინი როსარიოს ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში დაუმეგობრდნენ ერთმანეთს.
ისინი ახალი წლის პერიოდსა და ზაფხულის არდადეგებს მუდამ ერთად ატარებდნენ. შემდეგ “ნიუელსის” ბავშვთა გუნდში ერთად გადავიდნენ. ხუანი კარში იდგა, ლეოს კი გოლები გაჰქონდა.
“ჩვენ გვიწოდებდნენ, “მანქანა-87”-ს რადგან ყველას და ყველაფერს ვანადგურებდით. გასვლასა თუ სახლში, “რივერ პლეიტსა” თუ “ბოკას”, სულერთი იყო. თითქმის არასოდეს არ ვაგებდით. ლეო გვყავდა, რომელსაც მატჩში საშუალოდ 5 გოლი გაჰქონდა”.
ხუანმა პატარა ლეოს შესახებ ძალიან სასაცილო ისტორია გაიხსენა.
“ბავშვთა ტურნირის ფინალში გავედით. პრიზი გუნდის ყველა წევრისთვის ველოსიპედი იყო. ლეო იგვიანებდა. ის აბაზანაში ჩაიკეტა და კარის გახსნას ვერ ახერხებდა. პირველი ტაიმი 0-2 წავაგეთ. ბოლოს მან ფანჯარა გაამტვრია და როგორღაც შეხვედრის მეორე ნახევარს მოუსწრო. როცა მესი მოვიდა მატჩი შემოვაბრუნეთ და კუთვნილი ველოსიპედები დაგვირიგეს. 3-2 ვიმარჯვეთ და, რა თქმა უნდა, ყველა გოლი მან გაიტანა”.
ახლა ისინი იშვიათად ხედავენ ერთმანეთს, მაგრამ სისტემატიური მიმოწერა აქვთ Whatsapp-ში. ჩათში ლეოსა და ხუანის გარდა მათი საერთო მეგობრები: ლუკას სკალია, ფრანკო კასანოვა და აუგუსტინ რუანი მონაწილეობენ.
“ლეოს ვუყურებთ, როგორც ჩათის ჩვეულებრივ მონაწილეს და არა მსოფლიო ვარსკვლავს. ის ჩვენი საუკეთესო მეგობარია და ერთად ხშირად ვერთობით.”
ლეოს, ხუანსა და მათ მეგობრებს თავისუფალ დროს, როსარიოს რომელიმე ტავერნაში უყვართ გართობა. ლეგისამონი მესის ხასიათს გამოარჩევს. “სხვაზე ცუდს არასოდეს არ ამბობს, ის როგორც ადამიანი უფრო კარგია ვიდრე თავდამსხმელი”.
მეორე ნაწილის დასასრული…
შემდეგ და უკანასკნელ ნაწილს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.
სპეციალურად Barcamania.Ge-სთვის.
სგ ავტორ!!
არ გეზარება ამხლეა რაღაცის წერა მე კითხვა დამეზარა კარგი იქნება 😀
საღოლ ავტორ, იმედია ბოლო ნაწილში ბებია არ გამოგრჩება