პრობლემები, რომლებსაც “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მალავს

პრობლემები, რომლებსაც “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მალავს

“ბარსელონას” გულშემატკივრები კმაყოფილები არიან – გუნდი ტიტულებს სტაბილურად იგებს, მიმდინარე ზაფხულში კი, კატალონიელებმა რამდენიმე იმედისმომცემი ფეხბურთელი დაიმატეს და თითქოს, ყველაფერი კარგად მიდის. თუმცა, პერიოდულად ნეგატიური ცნობებიც ვრცელდება, რომლებიც, არავინ იცის, სადამდე მიიყვანს კლუბს.

ხორდი პასკუალმა, რომელიც “ბარსელონას” წევრი მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდანაა, კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა სახელწოდებით “დაივიწყეთ შენაძენები. “ბარსელონას” პრობლემები, რომლებიც ვეღარ დაიმალება”. წერილი, შესაძლოა, ცოტათი გადაჭარბებულია, მაგრამ მასში სიმართლესაც ბევრ იპოვით.

გთავაზობთ, ამ წერილის თარგმნას, დასკვნების გამოტანა კი თქვენთვის მოგვინდია.

“იტორიულად, “ბარსელონას” როგორც წევრებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის, ყველაფერი, რაც პირველი გუნდის მიღმა ხდება, ნაკლებად მნიშვნელოვანია. “ბარსელონა ბ”, ასაკობრივი გუნდები და მთლიანად აკადემია, არის ის, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ალბათ არავის უნახავს “ბარსა ბ”-ს ერთ თამაშზე მეტი ტელევიზორში.

იგივე სიტუაციაა სპორტის სხვა სახეობებში. არადა, გუნდები ნაციონალურ თუ საერთაშორისო ტიტულებს სტაბილურად იგებენ. იყო დრო, როდესაც საკალათბურთო გუნდის არენა, “პალაუ ბლაუგრანა” ივსებოდა. ახლა, ამ დარბაზს სავსეს ლიგის ფინალში, “რეალის” წინააღმდეგ გასამართ მატჩშიც კი ვერ ნახავთ. იგივე სიტუაციაა ხელბურთში, ფინალურ ოთხეულში, “კიელთან” ან “ვესზპრემთან” გამართული თამაშების დროსაც.

ბევრისთვის, “ბარსელონა” მხოლოდ პირველი გუნდია. მეტი არაფერი. თუ გუნდი ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგას იგებს, ესე იგი, ყველაფერი კარგად მიდის. თუ ასე არ ხდება, მაშინ, ყველაფერი ცუდადაა. ეს რეალობა, ბოლო წლებში, კიდევ უფრო გაუარესდა. ახლა, MSN-მა ყველაფერი ჩაყლაპა. ხეები ტყეში შესვლის საშუალებას არ გვაძლევენ.

ყველაფერს კი თავისი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ კარგად ვერ გავეცანით ნეიმარის საქმეს, რომელიც იმით დასრულდა, რომ კლუბმა საგადასახადო საქმეში თავი დამნაშავედ ცნო, ის პირები კი, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, არ დასჯილან. ჩვენ კარგად ვერც იმაში გავერკვიეთ, თუ რა მოხდა “ლა მასიასთან” დაკავშირებით, როდესაც FIFA-მ კლუბს ტრანსფერები აუკრძალა.

კლუბისგან ჩვენ გამუდმებით გვესმის, რომ ეს იყო “ადმინისტრაციული შეცდომა”, ან რომ საქმეში “შავი ხელი” ურევია. მედია კი, რომელიც მუდამ კლუბს იცავს და რომელსაც კლუბის წევრები და გულშემატკივრები ეცნობიან, ამაზე დუმს. ჟურნალისტები არასდროს ადანაშაულებენ კლუბის ხელმძღვანელებს. თურმე, ხელმძღვანელობამ ყველფერი კარგად ან ძალიან კარგად გააკეთა, მაგრამ თუ რამე ცუდი ხდება, ამას უბრალოდ აიგნორებენ: რაც არ იხსნება, ის არ არსებობს.

კლუბის ყოფილმა ეკონომიკურმა დირექტორმა, ხავიერ ფაუსმა, ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს, აგუსტი ბენედიტოს სასამართლოში უჩივლა. ბენედიტომ მას ბრალი დასდო, რომ Qatar Airways-სთან ბიზნეს საქმიანობა აკავშირებდა, ეს კი კლუბის დირექტორთა საბჭოს ეთიკის კოდექსის დარღვევაა. ბენედიტომ საქმე მოიგო, მაგრამ გააშუქა ეს ინფორმაცია პრესამ?

რამდენიმე დღის წინ, აღმოჩნდა, რომ კლუბმა ხუან ლაპორტას დროს გაყიდული მიწის ნაკვეთი (Can Rigalt) უკან უნდა გამოისყიდოს. თავიდან, ცნობები დიდი სათაურებით გავრცელდა და პასუხისმგებელ პირად ლაპორტა დასახელდა. ახლა, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჯაროვდა, გაირკვა, რომ დამნაშავე ამჟამინდელი ხელმძღვანელობაა, რომელმაც არაფერი გააკეთა, რაც ხელშეკრულებით იყო ნაკისრი. დადგინდა, რომ ლაპორტა არაფერ შუაშია. შედეგი? სრული მდუმარება მედიაში.

ხორდი მესტრე (სპორტული ვიცე-პრეზიდენტი), ალბერტ სოლერი (პროფესიონალური სპორტული განყოფილების დირექტორი) და რობერფ ფერნანდესი (მწვრთნელების მდივანი), რამდენიმე დღის წინ, ლუკა დინის პრეზენტაციას დაესწრნენ. მათ რამდენიმე კითხვა “ლა მასიასთან” დაკავშირებით დაუსვეს. კითხვები ფეხბურთელების განვითარებას ეხებოდა. სამეულმა მძიმე სურათი დახატა. ისინი აცხადებდნენ, რომ აკადემიაში კარგი ფეხბურთელები არ არიან, უახლოესი 2 წლის განმავლობაში პირველ გუნდში ვერავინ დაწინაურდება. არადა, “ლა მასია” მსოფლიოში საუკეთესო აკადემიად ითვლებოდა. ამაზე მედიაში არცერთი სიტყვა არ თქმულა. არაფერი! თითქოს, ეს განცხადება არც არსებობდა.

მოდელები იცვლება: თამაში, ვარჯიში, ფილოსოფია… მაგრამ როდესაც კითხვა ისმება, ამას ყველა უარყოფს და როდესაც ვინმე ჭრილობაზე მარილის მოყრას ცდილობს, ამას უბრალოდ აიგნორებენ.

რაც შეეხება “Espai Barca”-ს. “კამპ ნოუს” ეს განახლება აუცილებელია. მქონია ბედნიერება, ევროპის არაერთი სტადიონი შიგნიდან მენახა. მაშინაც, როდესაც ეს არენები ცარიელი იყო. როდესაც მათ ინფრასტრუქტურას (ბარები, რესტორნები, სტუმართა ოთახები, შესასვლელები…) ჩვენსას ადარებ, ნათელი ხდება, რომ გაუმჯობესება გვჭირდება. თუმცა, ამ ხელმძღვანელობამ ლაპორტას გეგმა დაიწუნა და განაცხადა, რომ განახლებისთვის 300 მილიონი ევრო ბევრია და კლუბს ამის ფუფუნება არ აქვს. ახლა კი, ისინი სტადიონის ინფრასტრუქტურის განახლებაში 600 მილიონის ჩადებას აპირებენ. როგორ?

ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ თანხა 3 წყაროდან იქნებოდა მოძიებული: სპონსორებისგან, “კამპ ნოუს” სახელის გაყიდვიდან და ვალის 200 მილიონამდე შემცირებით, კიდევ ერთი სესხის აღებიდან.

რეალობა კი განსხვავებულია. დირექტორთა საბჭოს Qatar Airways-თან 65-მილიონიანი შეთანხმება ჰქონდა. ახლა კი, კლუბი მხოლოდ 35 მილიონს მიიღებს. ეს ყველაფერი ამდენი ტიტულის მოგების შემდეგ… დავიჯერო, ამაზე მეტის გადამხდელი კომპანია ვერ მოიძებნა? ძალიან, ძალიან უცნაურია.

გასულ წელს, კლუბის ვალი 328 მილიონი იყო. წელს ის 280-მდე შემცირადა. 328-280-48. პედროს, ადამასა და ბარტრას გაყიდვიდან კლუბმა 48 მილიონი ევრო მიიღო. რა დამთხვევაა! ნება მიბოძეთ, აგიხსნათ: 2015/16 წლების ბიუჯეტი 632 მილიონი ევრო იყო. შემოსავალმა 670 მილიონი შეადგინა, რაც 38-მილიონიან მატებას ნიშნავს. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ხსენებული ფეხბურთელების გაყიდვის გარეშე, კლუბს ხელმძღვანელობა წლიურ ბიუჯეტსაც კი ვერ შეასრულებდა. როდესაც შემოსავალი არაა, ვალების გასტუმრება ფეხბურთელების გაყიდვით ხდება. მჯერა, რომ სწორედ ამიტომ ყიდის კლუბი ფეხბურთელებს ნებისმიერ ფასად.

ყველაფერი ამის მიუხედავად, ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ოპოზიცია დუმს. რამდენიმე ტვიტი და მეტი არაფერი. მხოლოდ ლაპორტამ სცადა, ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით, კლუბი გაეკრიტიკბინა. სხვებს არც სათქმელი და არც გასაკეთებელი არაფერი აღმოაჩნდათ. არადა, კლუბის ძალიან ბევრი წევრი გაბრაზებულია. პრობლემა ისაა, რომ კლუბს სწორედ მისი წევრები წარმოადგენენ და მათი უმრავლესობა დუმს. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, მედიაშიც არაფერი შუქდება. თითქოს, არაფერი ხდება. კლუბის წევრების უმრავლესობისთვისაც, არაფერი ხდება.

კლუბი დაღმასვლას განაგრძობს. პროცესი შეუქცევადია. დიდი პრობლემაა ის, რომ ჩვენ, ვინც ხმას ვიღებთ, საუბრის მეტი არაფერი შეგვიძლია. და თუ ჩვენ მხოლოდ ვლაპარაკობთ და არაფერს ვაკეთებთ, აღარასდროს ვიქნებით “მეტი ვიდრე კლუბი”. ჩვენ, როგორც ახლა, ვიქნებით ერთ-ერთი რიგითი კლუბი.”

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი