მადრიდული AS-ის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონა” სამხრეთ ამერიკიდან 4 ამომავალი ვარსკვლავის წამოყვანაზე მუშაობს.
იერი მინა
21 წლის კოლუმბიელი ცენტრალური მცველი ბრაზილიის უმაღლეს ლიგაში, “პალმეირასის” შემადგენლობაში თამაშობს. ბრაზილიურ კლუბში ის წელს, კოლუმბიური “სანტა ფედან” გადავიდა და ქვეყნის ჩემპიონატში ერთი თამაში ჩაატარა. მას კოლუმბიის ნაკრებში 2-ჯერ უთამაშია.
ხუან მანუელ სანაბრია
ურუგვაის 17-წლამდელთა ნაკრების 16 წლის კაპიტანი. ის ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშობს. “ბარსელონას” გარდა, ახალგაზრდა ფეხბურთელით “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლივერპულიც” დაინტერესდნენ.
გაბრიელ ჟეზუსი
ბრაზილიურ “პალმეირასში” მოთამაშე კიდევ ერთი ფეხბურთელი. 19 წლის თავდამსხმელის “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლის შესახენ ცნობები უკვე დიდი ხანია ვრცელდება. მისი შეძენით მადრიდის “რეალი” და “ინტერიც” არიან დაინტერესებული და ბოლო ინფორმაციით, ახალგაზრდა შემტევი სწორედ მილანურ გუნდში გადასვლასთანაა ახლოს.
გაბრიელ ბარბოსა
ბრაზილიის ჩემპიონატში თამაშობს 19 წლის გაბრიელ ბარბოსაც, რომელსაც მეტსახელად “გაბიგოლი” შეარქვეს. მას “სანტოსთან” კონტრატქი 2021 წლამდე აკავშირებს. ბრაზილიური კლუბის პირველ გუნდში ის უკვე 3 წელია თამაშობს. 80 მატჩში მან 22 გოლი გაიტანა. 2016 წელს, ბარბოსამ ბრაზილიის ნაკრებში 4-ჯერ ითამაშა და თავი 2-ჯერ გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ”, სამხრეთ ამერიკიდან, ერთი ფეხბურთელი უკვე დაიმატა. “ფლუმინენსეს” 20 წლის ცენტრალური მცველი მარლონ სანტოსი “ბარსა ბ”-ში არენდით ითამაშებს.