თანამედროვე ფეხბურთში ბევრი დერბი იმართება. იქნება ეს მილანი–ინტერი, მანჩესტერი–ლივერპული, რომა–ლაციო, სელტიკი–რეინჯერსი, ბოკა–რივერი თუ მრავალი სხვა.. ყველა ეს გუნდი ესწრაფვის დერბიში გამარჯვებას, მაგრამ არა ისე, როგორც ბარსა და რეალი. ესპანურ გრანდებს კლასიკოში გამარჯვება თუნდაც წლის უტიტულოდ დასრულებად უღირთ, რასაც სხვებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ეს დაპირისპირება ყველა სხვა შეხვედრაზე მაღლა დგას, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც კი მის ჩრდილქვეშ ექცევა. დიახ, ეს ტიტანთა ჯახია, ეს მისი უდიდებულესობა “ელ კლასიკოა”.
რაც უფრო ცოტა დრო რჩება 29 ნოემბრამდე, მით უფრო მატულობს დაძაბულობა. არ არსებობს გულშემატკივარი, რომელიც გულგრილად ელის ამ თარიღის დადგომას. მთელი ქვეყნიერება ორ ნაწილად იყოფა: თეთრად და ლურჯშინდისფრად. ერთადერთი ვისაც ნეიტრალურობა მოეთხოვება ამ შეხვედრის მსაჯია. ბასკი არბიტრი იტურალდე გონსალესი, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აწევს მხრებზე. ის უშეცდომოდ უნდა წარუძღვეს კლასიკოს და მაყურებელს საშუალება მიცეს ნამდვილი სანახაობა იხილოს. სანახაობა კი გარდაუვალია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მოედანზე 11 მსოფლიო ჩემპიონი აპირებს თამაშს.
ბუნებრივია, ბოლო კვირაში მსოფლიო პრესის ფურცლები აჭრელებულია ინფორმაციებით კლასიკოს შესახებ. იწერება უკვე ჩავლილ, დასამახსოვრებელ მატჩებზე, საფეხბურთო სამყაროს მოსაზრებებზე, პროგნოზებზე, სიმპატიებზე. ხდება ბარსასა და რეალის ფეხბურთელების, მწვრთნელების ერთმანეთთან შედარება. ამის გამო, ცოტა არ იყოს ძნელია რაიმე ახლის მოფიქრება და დაწერა. ყველა ეს ფრაზა და მოსაზრება ათასჯერ გადაღეჭილი და ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელი და გამაღიზიანებელიც კია შიშითა და იმედით სავსე გულშემატკივრისთვის, რომელიც ეკლებზე ზის და წამებს ითვლის მატჩის დაწყებამდე. ამიტომაც, არ ვაპირებ თავი შეგაწყინოთ შედარებებით: ალვეში ჯობს თუ რამოსი, კარვალიო თუ პუიოლი, ხავი თუ ალონსო, ოზილი თუ ინიესტა, პედრო თუ დიმარია, იგუაინი თუ ვილა, პიკე თუ პეპე, ბუსკეტსი თუ ხედირა და რაც ყველაზე ხშირად გვესმის – კრისტიანო რონალდო თუ მესი ან პეპ გუარდიოლა თუ ჟოზე მოურინიო. არ ვაპირებ სათითაოდ დავახასიათო ყველა ეს წყვილი და მიმოვიხილო მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. არ ვაპირებ ობიექტურობის ნიღაბს ამოვეფარო და მეტოქის ქება–დიდებას(თუნდაც დაფასება დაარქვით) მოვყვე.
უბრალოდ გავიხსენოთ დაახლოებით 25 წლის წინ მომხდარი ერთი ფაქტი: პატარა ხავი ერნანდესი მაღაზიიდან ბურთის მოპარვაში დაადანაშაულეს. მცირე ხნის ყოყმანის შემდეგ, ხავიმ ტირილით მიუგო სამართალდამცველს: “დიახ, მე მოვიპარე ბურთი და დავჭერი, რადგან მადრიდის რეალის ბურთი იყო. მე კი მძულს მადრიდელები.” სწორედ ამიტომ ჩემთვის ყველაფერი დღესავით ნათელია. მე ბარსაფანი ვარ, ისევე როგორც თქვენ, ვინც ამ სტატიას კითხულობთ. ჩემთვის, ჩვენთვის ყოველგვარი არგუმენტების გარეშეც ცხადია თუ ვინ ჯობს ყოველ კონკრეტულ წყვილში. მაშინ როცა ასე მცირეღა რჩება კლასიკოს დაწყებამდე, არაა საჭირო ზედმეტი ფილოსოფია და ჩაღრმავება. გულშემატკივრებს ახლა მხოლოდ გამხნევება, ერთად დგომა და საბრძოლო შემართება გვჭირდება! კლასიკოში ჩემთვის საუკეთესო მეკარე ვიქტორ ვალდესია, საუკეთესო მცველები პიკე და პუიოლი, საუკეთესო ნახევარმცველები ხავი და ინიესტა, ფორვარდები პედრო და ვილია, საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი, ხოლო მწვრთნელი პეპ გუარდიოლა. დიახ. დღეს ჩემთის საუკეთესო მთლიანად საფეხბურთო კლუბი ბარსელონაა, იმის მიუხედავად, თუ ვინ თამაშობს მეტოქე გუნდში, ვინ წვრთნის ან როგორი შედეგები აქვს მას. მე დღეს ბლაუგრანა სათვალიდან ვუყურებ სამყაროს და არც მსურს სხვანაირად იყოს!
სტატია მოამზადა klim-მა (გიორგი დევდარიანი)