საფრანგეთის ბოლო 15 წლეულის მთავარმა ვარსკვლავმა, ზინედინ ზიდანმა ისაუბრა ”ოქროს ბურთის” შესახებ და თავისი არჩევანი ესპანელი ფეხბურთელების სასარგებლოდ შეაჩერა.
ინდივიდუალური პრიზის გადაცემა ამ სეზონიდან შეცვლილი სახით მოხდება. არსებული ”ოქროს ბურთი”, რომელსაც France Football-ი გასცემდა და ”ბრილიანტის ბურთი”, რომელსაც FIFA გასცემდა გაერთიანდნენ. შეიცვალა ხმის მიცემის პროცედურაც, მოკლედ რომ ვთქვათ ხმებიც გაერთიანდა. საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები მისცემენ ხმას, მათ ხმებს დაემატება ჟურნალისტების ხმები.
ამჟამად ”ოქროს ბურთის” მოგების კანდიდატად 23 ფეხბურთელია დასახელებული, რომელთა შორის 6 ესპანელია. 6 დეკემბერს 23 ფეხბურთელიდან 3 კანდიდატი დარჩება. 10 იანვარს ცნობილი გახდება ”ოქროს ბურთის” მფლობელი ფეხბურთელის სახელი და გვარი.
”მიმდინარე სეზონში ბევრი ფეხბურთელი იმსახურებს ამ ჯილდოს. მე მათ შორის რომელიმე ესპანელს ავირჩევდი, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი მათ მოიგეს. ისინი მთელი წლის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდნენ. ჩემი აზრით ესპანურმა ფეხბურთმა დაიმსახურა ”ოქროს ბურთის” მოგება ყველაზე მეტად” – აღნიშნა ზინედინ ზიდანმა.
23 ფეხბურთელს შორის არის 6 ესპანელი. ესენია: იკერ კასილიასი, ხაბი ალონსო, კარლეს პუიოლი, ანდრეს ინიესტა, ჩავი ერნანდესი და დავიდ ვილია.
”ინიესტას მსგავსი ფეხბურთელები სიამოვნებას მგვრიან, რასაც ისინი ბურთს უკეთებენ არის ლამაზი და სასარგებლო. მე მომწონს მოედანზე ანდრესის მოქმედება” – ესე ახსნა თავისი არჩევანი 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა.