ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა “ბარსელონასა” და “სეუტას” შორის. კატალონიელებს შემდეგ ეტაპზე გასვლა ნამდვილად არ გაჭირვებიათ. მათ ანგარიშით, 5–1 გაიმარჯვეს. პირველი გოლი ნოლიტომ გაიტანა, რომელსაც მილიტოს, პედროს, ბოიანისა და მესის გოლები მოყვა…
2 მატჩის ჯამში “ბარსელონამ”, “სეუტა” ანგარიშით, 7–1 დაამარცხა. დღევანდელ შეხვედრაში კატალონიელების თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ ძირითად შემადგენლობაში მარკ ბარტრა, ტიაგო ალკანტარა და ნოლიტო დააყენა. ამ ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ.
თამაშის დაწყებიდან 2 წუთიც არ იყო გასული, როცა “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელმა, ნოლიტომ ანგარიშის გახსნა შეძლო. რამდენიმე წუთის შემდეგ კი მან კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ყველას აჩვენა, თუ რატომ მიცა გვარდიოლამ მას სათამაშო დრო. სწორედ ნოლიტოს ჩამოწოდებული კუთხურის წყალობით შეძლო “ბარსას” ცენტრალურმა მცველმა, გაბი მილიტომ გოლის გატანა.
2 ბურთიანი სხვაობის გამო თამაშის ტემპი არ დაცემულა. მეტიც, “სეუტას” ფეხბურთელები შეტევებშიც კი აქტიურობდნენ, გამორჩეულად კი გილსონი, რომელმაც რამდენიმეჯერ პინტოს შეწუხებაც კი შეძლო. ალბათ, მატჩის საბოლოო ბედი ვიტორ მორენოს გაძევების შემდეგ გადაწყდა. მან ბოიან კრკიჩს საჯარიმოში ხელი კრა და “ბარსას” ცხრიანს გოლის გატანის შანსი არ მიცა. ხელის კვრა იყო და არბიტრის მიერ ამოღებული წითელი ბარათი უმალვე გამოჩნდა ჩვენს ცისფერ ეკრანებზე. ახლა კი ბოიანს გოლის გასატანად უფრო დიდი შანსი მიეცა. ბურთი თერთმეტმეტრიანის ნიშნულზე მოათავსა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, ბურთისკენ დაიძრა, დაარტყა და ძელი… ანგარიში არ გაზრდილა, სამაგიეროდ გოლის გატანა კაცნაკლულმა “სეუტამ” შეძლო. კერძოდ კი ეს გუსმანმა გააკეთა.
შესვენებამდე 5 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც გაბრიელე მილიტომ ტრავმის მიღება კიდევ ერთხელ შეძლო. მის მაგივრად მოედანზე ერიკ აბიდალი შემოვიდა.
შესვენება დასრულდა და გუნდები მეორე ტაიმის ჩასატარებლად გამოვიდნენ. მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთი იყო გასული, როდესაც პედრომ ბურთი ფრედსონ ფოკის კარისკენ გადაგზავნა და ანგარიში სამამდე გაზარდა. ბოიანმა კი თავისი გაფუჭებული პენლის სანაცვლოდ, 64–ე წუთზე გოლის გატანა შეძლო. მატჩის საბოლოო წერტილი კი ცვლილებაზე შემოსულმა არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლეო მესიმ მოახერხა. 68–ე წუთზე ანგარიში უკვე 5–1 იყო.
დღევანდელ მატჩში ჩვენ “ბარსას” მხრიდან ერთი დებიუნტანტის ხილვა შევძელით. მისი სახელია სერხი რობერტო. იგი მოედანზე 66–ე წუთზე, მაქსველის ნაცვლად შემოვიდა. უნდა ითქვას, რომ მან დავალებას თავი ძალიან კარგად გაართვა.