12 წლით უკან: რითი ცხოვრობდა ბარსელონა.  ნაწილი მე-2

12 წლით უკან: რითი ცხოვრობდა ბარსელონა. ნაწილი მე-2

სტატიაში დავბრუნდებით 12 წლით უკან და ვნახავთ, თუ რა ხდებოდა “ბარსელონაში” იმ დროს. სიახლეები, რომლებიც 12 წლის წინ ყველა “კულეს” აინტერესებდა და ნერვიულობდა, დღეს სასიამოვნო წასაკითხია. გავიხსენოთ თუ როგორ დასრულდა იმ დროინდელი გმირების ისტორია “ბარსელონაში”. 

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

ფაქტი მეექვსე: მატია კეჟმანი:”ოდესმე მოვირგებ “ლურჯ-ბროწეულისფერ” მაისურს” 

ჰოლანდიური პსვ-ს სერბი ფორვარდი, მატია კეჟმანი, აგრძელებს თავისი ინტერვიუებით ხალხის განცვიფრებას. ბოლო პრესკონფერეციაზე, კეჟმანი ინტერვიუს დროს ამბობს, თუ როგორი დიდი ოცნებაა მისთვის, იყოს “ბარსელონას” ფეხბურთელი. კეჟმანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმაზე, რომ მისი გუნდი ტრანსფერის საკითხებს არ ეკიდება ისე, როგორც საჭიროა და თუ მისი აგენტები ვერ მოახერხებენ სიტუაციის გამოსწორებას, კეჟმანი მათ დაითხოვს.

კითხვაზე, თუ რატომ “ბარსელონა”, კეჟმანმა უპასუხა: “ბავშვობაში მე თავს წარმოვიდგენდი ხოლმე “ბარსელონას” მოთამაშედ. ეს ჩემი ოცნებაა. ამ ზაფხულს ვიყავი კატალონიის დედაქალაქში და დიდი სახლიც კი ავარჩიე ჩემთვის, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე”.

შედეგი: ვინ არის ის? კეჟმანი ერთ დროს ღირსეულ თავდამსხმელად ითვლებოდა. მისი კონკურენტი “ჩელსიში” და პსვ-შიც არიენ რობენი იყო. ყველამ ვიცით, თუ რას მიაღწია რობენმა. ოცნებები ყოველთვის არ ხდება. კეჟმანმა კი ვერც სახლი იყიდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და ვერც “ბარსელონაში” ითამაშა. თუმცა ესპანეთში მაინც ითამაშა ერთი სეზონი,  “ატლეტიკოს” შემადგენლობაში. კეჟმანმა კარიერა “ბატეში” დაასრულა. 

ფაქტი მეშვიდე: “ბარსელონა” ფავორიტია სილვინიოსთვის ბრძოლაში 

“ბარსელონა” იწყებს მარცხენა მცველის ძიებას. “სელტას” მცველი სილვინიო კატალონიელთა ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ სეზონში შეიძლება განთავისუფლდეს მარცხენა მცველის პოზიცია, თუ ვან ბრონხოrსტი, რომელიც არენდით იმყოფება “ბარსელონაში”,  დაბრუნდება “არსენალში”. სილვინიო დღეს-დღეობით ბევრი გუნდისთვის სასურველი მოთამაშეა, თუმცა მისTvis ბრძოლაში “ბარსელონა” დაწინაურდა და დიდი ალბათობით სილვინიოს ტრანსფერი გარდაუვალია. 

შედეგი: ბრაზილიელი მართლაც გადმოვიდა “ბარსელონაში”, 2 მილიონ ევროდ. შედეგად სილვინიომ და “ბარსამაც”  ამ ტრანსფერით ნამდვილად იხეირა. სილვინიო დაეხმარა გუნდს 3 ლა ლიგის და 2 ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. სილვინიო  არასდროს ჩაითვლება “ბარსელონას” ლეგენდად, თუმცა საჭირო და დასაფასებელი  ფიგურა იყო გუნდში. სხვათა შორის, ჯოვანი ვან ბრონხოსტი იმ წელს არ დაბრუნდა “არსენალში” და ორივეს ერთად მოუწია თამაში “კამპ ნოუზე”. 

ფაქტი მერვე: ლაპორტა:” “ბარსას” შეუძლია იყიდოს ანრი ან ოუენი” 

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ფრენკ რაიკაარდის აზრით, მაიკლ ოუენი უფრო კატალონიელთა სტილს უხდება, ვიდრე “რეალისას”. “ბარსელონაში” იციან, რომ მადრიდში სერიოზულად დაინტერესდნენ ოუენით. ჟოან ლაპორტა ეთანხმება რაიკაარდს და ზაფხულში აპირებს ხმამაღალი ტრანსფერის გაკეთებას. ეს ან მაიკლ ოუენი ან ტიერი ანრი იქნება.

“კლუბს დღეს შესწევს იმის ძალა, რომ გააკეთოს ასეთი დონის ტრანსფერები. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მწვრთნელთან საუბრისას მივიღებთ. მე არ მოვითხოვ ტიტულებს, ჩემი მიზანია ის, რომ “კამპ ნოუზე” დაბრუნდეს საფეხბურთო სპექტაკლი და როცა ეს მოხდება ტიტულებიც თავისთავად მოვა”. 

შედეგი: როგორც ჩანს მაიკლ ოუენს არ ეწერა “ბარსელონაში” თამაში. იგი კატალონიელთა მოსისხლე მტრის გუნდში, მადრიდის “რეალში” გადავიდა. ტიერი ანრიმ კი “ბარსელონასთან” კონტრაქტს ხელი 2007 წელს მოაწერა. საბოლოოდ ანრიმ აიხდინა ოცნება და მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ტიერისთვის დასამახსოვრებელი  მატჩის იყო “რეალთან”, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოგებული თამაში, ანგარიშით 6-2. ანრი იმ მატჩში ყველა მხრიდან ბრწყინავდა და მადრიდელების დაცვა აშკარად ძალიან ანერვიულა. საბოლოოდ ტიერი ანრიმ, თავისი დიდებული  კარიერა ნიუ-იორკში დაასრულა.

ფაქტი მეცხრე: ნავარო ბრუნდება 

ნავაროს 11-თვიანი ტანჯვა, რომელიც საშინელი ტრავმით იყო გამოწვეული,  დასრულდა. ფერნანდო ნავარომ, მთლიანად მოიშუშა ტრავმა და მოედანს ამ კვირას უბრუნდება. “ბარსელონა” ამხანაგურ შეხვედრაში, “პორტუს” დაუპირისპირდება. ნავარომ მუხლზე ტრავმა, 2002 წლის 15 დეკემბერს მიიღო “სევილიასთან” შეხვედრის დროს და მაშინვე ოპერაცია გაიკეთა. გამოჯანმრთელების პროცესში მან გადაწყვიტა ვარჯიში სარეზერვო გუნდთან ერთად, რათა სათამაშო ფორმა ნელ-ნელა აღედგინა.

“ეს ყველაფერი დამეხმარება მე აღვიდგინო სათამაშო ფორმა და გამომიძახონ პირველ გუნდში, როცა რაიკაარდს დავჭირდები”.

და როგორც იქნა ეს დღეც დადგა. მცველმა ასევე პირობა დადო, რომ იბრძოლებს ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად.

შედეგი: ყველამ ვიცით ვინ არის დღეს ფერნანდო ნავარო, იგი “სევილიას” კაპიტანია. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონაში” ფეხი ვერ მოიკიდა, ნავარომ წარმატებით გააგრძელა კარიერა ესპანეთში. ჯერ იყო “ალბასეტე”, შემდეგ “მალიორკა”. 2008 წლიდან დღემდე იგი “სევილიას” ღირსებას იცავს და სულ მალე ნავარო ამ გუნდში თავის მე-200 მატჩს ჩაატარებს. ახლა უკვე როგორც “სევილიას” კაპიტანი, ფერნანდო ნავარო 32 წლისაა. 

ფაქტი მეათე: ლუის ენრიკეს საგადასახადოსთან აქვს პრობლემები 

“ბარსელონას” კაპიტანმა, ლუის ენრიკემ, არც ისე დიდი ხანია რაც დაკარგა ძირითადში ადგილი. მას ასევე შეექმნა პრობლემები საგადასახადოსთან. ესპანეთის სამინისტროს განცხადებით, ფეხბურთელი შემოსავლების დამალვაშია ეჭვმიტანილი. ლუის ენრიკემ დაახლოებით 270 000 ევრომდე არ გადაიხადა. ამ ყველაფერს ესპანური “La Vanguardia” გვატყობინებს. ამავე გაზეთიდან ვიგებთ, რომ ლუის ენრიკე უარყოფს ამ დარღვევას. მისი თქმით  ფული “ბარსელონამ” უნდა გადაიხადოს, რადგან მან ეს ფული კატალონიური გუნდისგან მიიღო, კონტრაქტის გახანგრძლივებისას. 

შედეგი: სკანდალი გადასახადებზე, სათამაშო კრიზისი, არასახარბიელო პერიოდი გუნდში – ამ ყველაფრის ფონზე ასრულებს კარიერას ლუის ენრიკე “ბარსელონაში”, როგორც ლეგენდა 34 წლის ასაკში. ეს ყველაფერი მოხდა 2004 წელს. დღეს კი ენრიკე “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელია და რას მოახერხებს იგი ამ პოსტზე სულ ცოტა ხანში ვნახავთ. რაც შეეხება საგადასახადოსთან პრობლემებს, ეს ტრადიცია დღესაც გადმოჰყვა თანამედროვე “ბარსელონას” – ლეო მესის ჯერ კიდევ ბევრი აქვს მოსაყოლი ამ საკითხზე.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი