12 წლით უკან: რითი ცხოვრობდა “ბარსელონა”

12 წლით უკან: რითი ცხოვრობდა “ბარსელონა”

სტატიაში დავბრუნდებით 12 წლით უკან და ვნახავთ თუ რა ხდებოდა “ბარსელონაში” იმ დროს. სიახლეები, რომლებიც 12 წლის წინ ყველა “კულეს” აინტერესებდა და ნერვიულობდა, დღეს სასიამოვნო წასაკითხია. გავიხსენოთ თუ როგორ დასრულდა იმ დროინდელი გმირების ისტორია “ბარსელონაში”. 

პირველი ნაწილი                            

ფაქტი პირველი: ვალდესი სჭირდება “ბარსელონას”

“ბარსელონამ” 2008 წლამდე გაუხანგრძლივა კონტრაქტი თავის ახალგაზრდა მეკარეს, ვიქტორ ვალდესს. მანამდე ფეხბურთელის მამა, ხოსე ვალდესი და ედუარდო იპიენსი ორჯერ შეხვდნენ ჩიკი ბეგირისტაინს კონტრაქტის პირობების შესათანხმებლად. ორივე შემთხვევაში მოლაპარაკება იშლებოდა. ახალი კონტრაქტი კი როგორც იქნა გაფორმდა და 21 წლის ფეხბურთელის ხელფასიც მოიმატებს. ამ სეზონში 21 წლის მეკარე “ბარსელონას” პირველი ნომერი გახდა. 

შედეგი: ვიქტორ ვალდესი ახლა 33 წლისაა. “ბარსელონაში” მისი ისტორია დასრულდა. პირველ გუნდში 387 ჩატარებული მატჩი და უამრავი ტიტული. ვალდესს ნამდვილად შეუძლია იამაყოს ამით. წინა სეზონში მიღებული ტრავმის გამო, ვიქტორმა ვერ შეძლო სეზონის ბოლომდე დასრულება “ბარსელონაში”. იგი ახლა “მანჩესტერ იუნაიტედში” ირიცხება, რომლის მწვრთნელი ლუის ვან გაალია. ვალდესი ჰოლანდიელ სპეციალისტს, მის ნათლიად მიიჩნევს ფეხბურთში.                                

ფაქტი მეორე:  რუშთუ რეჩბერი “ბარსელონაში” გადასვლას ნანობს

თურქეთის ეროვნული ნაკრების მეკარე, რუშთუ რეჩბერი ნანობს, რომ “ბარსელონასთან” კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც თურქეთმა მესამე ადგილი დაიკავა, რეჩბერი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მეკარეთა შორის. იმ წელსვე იგი “ბარსელონაში” ჩაირიცხა სადაც მალევე ტრავმა მიიღო და ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ახლა კი ის ნანობს, რომ თურქეთი დატოვა მხოლოდ იმისთვის, რომ სათადარიგოთა სკამზე ყოფილიყო.

შედეგი: ვინ არის ის? რეჩბერმა თავი ყველას 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატით დაამახსოვრა. “ბარსელონაში” მან ვერაფერს მიაღწია და სულ 10 თამაშიც კი არ ჩაუტარებია. კარგია, რომ კატალონიაში კოშმარული პერიოდის გამო, რეჩბერმა თავის მოკვლა არ სცადა (თუმცა მისი კარიერიდან გამომდინარე გასაკვირი არ იქნებოდა). “ბარსელონას” შემდეგ რეჩბერი კვლავ თურქეთში დაბრუნდა და თავისი საფეხბურთო კარიერაც იქ დაამთავრა.

ფაქტი მესამე: მარკ ოვერმარსი: “მათ გაყიდეს ლუიშ ფიგუ, ახლა რას აპირებს გუნდი ჩემს თაობაზე”

 

“ბარსელონას” ფეხბურთელს, მარკ ოვერმარსს მიაჩნია, რომ კლუბი ამზადებს ნიადაგს მის გასაშვებად. ამ განცხადებას ოვერმარსი იმით ხსნის, რომ იგი ზედიზედ 3 მატჩია არ შეყავთ განაცხადში.

მე ძალიან მაინტერესებს თუ რა ხდება. კონტრაქტის მიხედვით მე აქ კიდევ წელიწადნახევარი უნდა დავრჩე. ვფიქრობ, რომ კლუბს ჩემი გაშვება უნდა და ამისთვის ნიადაგს ამზადებს.

“ვფიქრობ, რომ კლუბს უჭირს ჩემთან განშორება, რადგან დიდი თანხა გადაიხადეს ჩემში. “ბარსელონამ” გაყიდა ფიგუ, რას გააკეთებს კლუბი ახლა. მე ისღა დამრჩენია, რომ დაველოდო. თუ მომდევნო თვეების განმავლობაში სიტუაცია არ შეიცვლება, უფრო დიდი პრობლემები წარმოიქმნება”– განაცხადა ოვერმარსმა “მარკასთან” ინტერვიუში. 

შედეგი: სამწუხაროდ ჰოლანდიელმა გარემარბმა შეცდომა დაუშვა “ბარსელონაში” გადმოსვლით. მას უბრალოდ კლუბში ცუდი დრო დახვდა. ამ პერიოდის გახსენება არცერთ “კულეს” სურს. 2004 წელს ტრავმის გამო მან კარიერა დაასრულა და შესაბამისად კონპესაციის გარეშე მან “ბარსელონა” დატოვა. 2008 წელს ოვერმარსმა განაახლა კარიერა ჰოლანდიაში, თავის მშობლიურ გუნდში ერთი წლით.

ფაქტი მეოთხე: ლაპორტა “ბარსელონაში” დიდ რეფორმებს აპირებს 

“ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა. ლაპორტამ აღნიშნა, რომ იგი აპირებს კლუბში დიდი ცვლილებების განხორციელებას, როგორც ეს “მანჩესტერ იუნაიტედმა” გააკეთა.

“მენეჯმენტის ის მოდელი, რომელიც გვინდა, რომ განვახორციელოთ “ბარსელონაში”, წააგავს “მანჩესტერ იუნაიტედისას”. ყველაფერს რასაც გავაკეთებთ, გათვლილი გვაქვს გრძელვადიან პერსპექტივაზე.” – განაცხადა ლაპორტამ. 

შედეგი: ლაპორტას მოღვაწეობაზე და მის შედეგებზე უამრავი რამის დაწერა შეიძლება. ეჭვგარეშეა სწორედ ლაპორტამ მოახდინა უდიდესი რევოლუცია “ბარსელონაში”. იმაში, რასაც “ბარსელონამ” ბოლო წლებში მიაღწია, ლაპორტას წვლილი უდიდესია. მისი ძალისხმევით კიდევ უფრო დაიხვეწა “ლა მასია”, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში. დღეს მის ტრიუმფალურ დაბრუნებას ბევრი ელოდება კატალონიაში. ვინ იცის, ეს შეიძლება მართლა მოხდეს კიდეც.

ფაქტი მეხუთე: ტიაგუ მოტა ბოდიშს იხდის მთელი გუნდის წინაშე

როცა ფეხბურთელი მოედანზე ნერვებს ვერ თოკავს, მას ნამდვილად გააგდებენ. ამით არამარტო თავად დაზარალდება (ჯარიმები, სანქციები და ა.შ), არამედ მასთან ერთად მთელი გუნდიც. წინა ტურში მოტამ “ბარსელონა” აშკარად დააღალატა. “სოსიედადთან” ურთულეს მატჩში მან ორი ყვითელი მიიღო.

“მე ვესაუბრე რაიკაარდს, მან გამოთქვა იმის იმედი, რომ ეს აღარასდროს განმეორდება. რაც შეეხება ჯარიმას, ბოსი ამაზე დაფიქრდება.მე ბოდიშს ვიხდი მთელი გუნდის წინაშე. არ ვთვლი, რომ არაკორექტულად მოვიქეცი. პირველ შემთხვევაში, ჯარიმის დროს, მე არბირტს ვუთხარი, რომ ნიჰატი ცდილობდა სასტვენის გარეშე დარტყმას, ამის შემდეგ მე მან ყვითელი ბარათი მიჩვენა. მეორე შემთხვევაში კი  მსაჯს უბრალოდ ვუთხარი, რომ არ ემოქმედა მიკერძოებულად”.

შედეგი: “ბარსელონას” აღზრდილმა ტიაგუ მოტამ, ვერ შეძლო  გამხდარიყო გუნდის მექანიზმის წევრი. “ბარსელონაში” მან ხალხს თავი დაამახსოვრა როგორც ფეხბურთელი, რომელიც ხშირად ტრავმიანობდა და ასევე უხეშობდა მინდორზე. “ბარსადან” წასვლის შემდეგ მან ითამაშა: “ატლეტიკოში”, “ჯენოაში”, ინტერსა” და პსჟ-ში. ტიაგუ მოტასთვის გამორჩეული იყო  2010 წელი, როცა ის “კამპ ნოუზე” დაბრუნდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინაში, ინტერის მაისურით. იმ წელს სწორედ ინტერი გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

 

გაგრძელება იქნება…

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია