workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპ გვარდიოლა: გამარჯვების სხვა გზა. რატომ მოუხდა წასვლა? (I ნაწილი)

პეპ გვარდიოლა: გამარჯვების სხვა გზა. რატომ მოუხდა წასვლა? (I ნაწილი)

2011 წლის ნოემბერში, “მილანთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩამდე, პეპმა ბოლო სავარჯიშო სესიამდე თავის ფეხბურთელებს წრეში დადგომა სთხოვა. მწვრთნელმა დაიწყო იმ საიდუმლოს გამხელა, რომელიც მხოლოდ მან, ტიტო ვილანოვამ და ექიმებმა იცოდნენ. პეპმა ვერ იპოვა შესაფერისი სიტყვები. იმ მომენტის სიმძიმე ლაპარაკში ხელს უშლიდა. ხმა უკანკალებდა. ექმიმმა მოთამაშეებს აუხსნა  მდგომარეობის სერიოზულობა, ხოლო გვარდიოლა იატაკს მიაშტერდა და თავისი ბოთლიდან წყალს სვამდა, რათა კანკალი მოეშორებინა, მაგრამ წყლის სმამ ვერ უშველა.

ექიმებმა თქვეს, რომ გვარდიოლას ახლო მეგობარსა და მარჯვენა ხელს, ტიტო ვილანოვას, სანერწყვე ჯირკვლის კიბოს გამო ოპერაცია სჭირდებოდა. ტიტო ვერ გაემგზავრებოდა იტალიაში გუნდთან ერთად.

2 საათის შემდეგ შოკირებულმა მოთამაშეებმა ქალაქი დატოვეს. პეპი გაუცხოებულს ჰგავდა, გუნდისგან იზოლირებული თავის ფიქრებში წასულიყო. “სან სიროზე” “ბარსამ” მეტოქე ანგარიშით 3-2 დაამარცხა და თავის ჯგუფში ლიდერი გახდა იმ მატჩის შემდეგ, რომელმაც მაყურებლები კონტრშეტევებითა და საგოლე მომენტებით გაახარა. შედეგის მიუხედავად, გასაგები მიზეზის გამო, პეპი სევდიანი იყო.

როგორც ანდაზაშია ნათქვამი, ცხოვრება არის ის, რაც ხდება ჩვენს გარშემო, სანამ გეგმებს ვაწყობთ. ცხოვრება დაგარტყამთ და წაგაქცევთ ზუსტად მაშინ, როდესაც თავი ხელშეუხებელი გგონიათ და დაგავიწყდათ, რომ დაცემაც თამაშის ნაწილია. მეგობრის დაავადების შეტყობის შემდეგ, გვარდიოლამ საკუთარ თავს სწორედ ის კითხვები დაუსვა, რომლებიც მას აწუხებდა მაშინ, როდესაც ყველამ შეიტყო აბიდალის სიმსივნეზე. ფრანგმა მკურნალობის შემდეგ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. პეპმა იმ საღამოს უწოდა ყველაზე ემოციური საღამო, რომელიც მას სტადიონზე ენახა. აბიდალი 90-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე. ანგარიში 1-1 იყო და სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ “ბარსას” ფინალამდე 1 ნაბიჯი აშორებდა. გულშემატკივრები მცველს შეხვდნენ ხმამაღალი ოვაციით, რაც საკმაოდ იშვიათია. ინგლისელების მსგავსად, კატალონიელებს ემოციების მიმართ რაციონალური მიდგომა აქვთ, მაგრამ თუ მიზეზი მიეცათ, მაშინ ემოციებს მთელი გულით გამოხატავენ.

რამდენიმე კვირა გავიდა და ყველას გაუფრთხილებლად პუიოლმა აბიდალს კაპიტნის სამკლაური მისცა, რათა ფრანგს ჩემპიონთა ლიგის თასი აღემართა. დაახლოებით 1 წლის შემდეგ ექიმებმა აბიდალს უთხრეს, რომ მკურნალობამ ნაყოფი არ გამოიღო და გადანერგვა იყო საჭირო.

აბიდალისა და ვილანოვას პრობლემებმა ძალიან გაანერვიულეს გვარდიოლა. ეს სიახლე მისთვის ძალიან ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა. ვითარება იყო მოულოდნელი, უკონტროლო და რთულად მისაღები იმ ადამიანისათვის, რომელსაც ყველაფრის კონტროლი და განჭვრეტა უყვარს და რომელსაც ყოველთვის აქვს სარეზერვო გეგმა. ამ შემთხვევაში გვარდიოლას არაფრის გაკეთება  შეეძლო. საფრთხე ემუქრებოდა იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომლებზეც, პეპის აზრით, პასუხისმგებელი თავად იყო.

მილანში მოგების შემდეგ “ბარსელონა” უნდა გამგზავრებულიყო მადრიდში, სადაც “ხეტაფეს” დაუპირისპირდებოდა. მარცხი ნიშნავდა, რომ  ვერც გვარდიოლამ და ვერც მთლიანმა გუნდმა ვერ მიუძღვნა გამარჯვება ტიტოს, რომლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

“ბარსამ” ანგარიშით 1-0 წააგო ცივ, ნახევრად ცარიელ სტადიონზე და ცხადი გახდა, რომ ასეთ მდგომარეობაში წარმატებას მიჩვეული ფეხბურთელების (და მწვრთნელის) გამხნევება და ინსპირაცია ძალიან რთულია. ქულების დაკარგვის გამო გვარდიოლა ნაწყენი იყო, რადგან გუნდმა ნაადრევად დაიწყო ჩემპიონობის ხელიდან გაშვება. მადრიდის “რეალმა” სტუმრად დაამარცხა “ატლეტიკო” (1-4) და 5 ქულით გაასწრო კატალონიელებს. “რეალს” გამარჯვება და “ბარსას” ბატონობის დასრულება სწყუროდა.

ჩემპიონატში პრობლემები არ იყო გვარდიოლას ცუდი ხასიათის ერთადერთი მიზეზი. მატჩის შემდეგ გუნდი შეშფოთდა მწვრთნელის მდგომარეობის გამო. 2011 წლის 27 ნოემბერს ფრენის დროს პეპი უფრო დეპრესიული იყო, ვიდრე ნებისმიერი წაგების შემდეგ. თვითმფრინავში მის გვერდით არავინ იჯდა, მაგრამ ცარიელი ადგილის დაკავება არავის სურდა. სწორედ ამ ადგილზე უნდა ყოფილიყო ტიტო ვილანოვა.

გვარდიოლას მორალურ მდგომარეობაზე უარესის დასახელება რთული იქნება.

“უგუნურებაა იმის არ გათვალისწინება, თუ რა მოგელის ამ სამუშაოზე,” – ალბათ ამას ეტყოდა სერ ალექს ფერგიუსონი ესპანელ კოლეგას, სანამ ის გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი აზრს შეიცვლიდა, ეული პეპი თვითმფრინავში რომ ენახა.

ანდონი სუბისარეტამ იხილა, თუ რამხელა ზეგავლენა იქონია ტიტოს ავადმყოფობამ გვარდიოლაზე. მან დაინახა, თუ რა ხდებოდა მილანსა და მადრიდში მგზავრობისას, ვარჯიშის დროს. თითქოს გვარდიოლას ჰქონდა ხვრელი, საიდანაც მთელი ენერგია გაედინებოდა. ის ჰგავდა განადგურებულ, მოულოდნელად დაბერებულ და ჩამომხმარ ადამიანს.

ნეტავ სცოდნოდა მაშინ სუბის, რა ეთქვა, როგორ დაემშვიდებინა და გაემხნევებინა გვარდიოლა. ეს ალბათ არაფერს შეცვლიდა, მაგრამ სინანულის გრძნობა არ ტოვებს მას.

რა თქმა უნდა, ტიტომ მოაგვარა პრობლემები, მაგრამ იმ კვირას პეპის ყველაზე ცუდი ეჭვები დადასტურდა – მას მეტი აღარ შეეძლო: თავს ვეღარ ართმევდა პასუხისმგებლობას, ვეღარ ეძებდა გადაწყვეტილებებს, ვეღარ ებრძოდა კრიზისს, აღარ შეეძლო გაუთავებელი მუშაობა და მომზადება ოჯახისგან მოშორებით.

იმ კვირას გამყარდა პეპის ეჭვები, რომლებიც ოქტომბრიდან აწუხებდა. “ბატესთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ მწვრთნელმა როსელსა და სუბისარეტას განუცხადა, რომ მომდევნო სეზონში მუშაობის გაგრძელებისთვის საჭირო ძალას ვეღარ გრძნობდა. იმ მომენტში კონტრაქტის გაგრძელება რომ შემოეთავაზებინათ, უარს იტყოდა. პასუხი არ იყო ფორმალური, მაგრამ გვარდიოლამ თავისი გრძნობები ნათელი გახადა. კლუბის რეაქცია იყო დაუყოვნებელი: აჩქარება არ არის საჭირო და პეპს დროს მისცემენ.

ძველი მეგობარი და კოლეგა სუბისარეტა კარგად იცნობს პეპის ხასიათს და იცოდა, რომ საუკეთესო გამოსავალი ზეწოლისაგან გათავისუფლება იქნებოდა. სპორტულ დირექტორს იმედი ჰქონდა, რომ გვარდიოლას განცხადება დაღლილობის ბრალი იყო, მოსალოდნელი ცუდი ხასიათი კი – იმ ემოციური რყევის შედეგი, რომელიც გვარდიოლას ფეხბურთელობის პერიოდიდან აწუხებდა.

და მაინც, სუბისარეტამ გაიხსენა მათი სადილი გვარდიოლას, როგორც მწვრთნელის, პირველი სეზონის დროს. ეს იყო მეგობრების შეხვედრა. მაშინ სუბი არ მუშაობდა კლუბში, ხოლო პეპი ჯერ კიდევ ნერვიულობდა გუნდში არსებული მდგომარეობისა და ხალხის რეაქციის გამო. მისი ენთუზიაზმი გადამდები იყო, მაგრამ გვარდიოლამ გაახსენა სუბის, რომ “ბარსელონაში” მის სამუშაოს თავისი ვადა ჰქონდა. “ბლაუგრანას” თავკაცისთვის ეს იყო დამცავი მექანიზმი; იცოდა, რომ კლუბს მწვრთნელების დათხოვა დანდობის გარეშე შეუძლია. პეპი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ადრე თუ გვიან მის სიტყვებს ფეხბურთელებისთვის მნიშვნელობა აღარ ექნებათ და მისი გარემოცვის (მედიის, პრეზიდენტის მტრების, ექსპერტების, ყოფილი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების) კონტროლი შეუძლებელი გახდება.

პეპის მეგობარი, კრუიფის ასისტენტი, “ბარსას” ყოფილი თავკაცი და ლეგენდარული ფილოსოფოსი ჩარლი რეშაკი ყოველთვის ამბობდა, რომ კატალონიელთა მწვრთნელი თავისი ძალისხმევის მხოლოდ 30% უთმობს გუნდს, დარჩენილი 70% კი იხარჯება იმაზე, რაც მწვრთნელის ასეთ დიდ კლუბში დანიშვნას და მუშაობას უზრუნველყოფს. პეპი გრძნობდა ამას ჯერ კიდევ ფეხბურთელობის პერიოდში, ხოლო უზარმაზარ ზეწოლაში საბოლოოდ მწვრთნელობისას დარწმუნდა – ამ მხრივ, ჩარლის გათვლა სწორი იყო.

იოჰან კრუიფი ხშირად სადილობდა გვარდიოლასთან ერთად. მას ყველაფერი ესმოდა და პეპი გააფრთხილა, რომ მეორე სეზონი ყოველთვის უფრო რთული იყო პირველზე, მესამე კი – მეორეზე. კრუიფის თქმით, “ოცნების გუნდის” პერიოდის გამეორება რომ შეეძლოს, გუნდს უფრო ადრე დატოვებდა, ვიდრე ეს რეალურად გააკეთა. “არ დარჩე საჭიროზე დიდხანს.”

სუბისარეტამ იცოდა, რომ პეპის გადარწმუნება ძნელი იყო, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. სპორტულმა დირექტორმა სხვადასხვა ტაქტიკას მიმართა, ხან ჩუმად იყო, ხან მფარველობა შესთავაზა, ხან კი პეპს აჩქარებდა, ხოლო პეპის პასუხები მომავალთან დაკავშირებით სულ ერთი და იგივე იყო: “ისედაც იცი, თუ რა გამოვიარე, რა მდგომარეობაში ვარ. რთულია” და ასევე: “ჩვენ ვისაუბრებთ, ვისაუბრებთ.”

2011/12 წლების სეზონის დაწყებამდე, ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, გვარდიოლამ თავისი შეგირდები შეკრიბა, რათა ეთქვა ის, რასაც ფეხბურთის შექმნის დღიდან ყველა მწვრთნელი ეუბნება წარმატებულ გუნდს: “უნდა მიხვდეთ, რომ ისტორია აქ არ მთავრდება. უნდა გააგრძელოთ გამარჯვება.” ასეც მოხდა და კატალონიელებმა მოიგეს ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

“ბარსას” ჩემპიონატში ძვირად დაუჯდა სამეფო თასისა და სუპერთასის შეხვედრებში ჩადებული ენერგია – მცირერიცხოვან შემადგენლობას ვილიასა და აბიდალის ტრავმები დაემატა და პრობლემების რიცხვი გაიზარდა. “ბარსას” გულშემატკივრებს არ სურდათ მთავარი მეტოქის აღორძინება და გვარდიოლას ამხნევებდნენ.

სექტემბერში გამართული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი “მილანის” წინააღმდეგ გახდა გარდამტეხი წერტილი, რომელმაც მთელი სეზონი განსაზღვრა. “კამპ ნოუზე” იტალიელებმა ბოლო წუთებში გაათანაბრეს ანგარიში (2-2). გადამწყვეტი გოლი კუთხურის დროს ცუდი თამაშის შედეგად გავიდა. გვარდიოლამ დაასკვნა, რომ გუნდმა დაკარგა კონკურენციის სურვილი და “ბარსას” ძლიერ მხარეებს მოაკლდა ყურადღება. ამ შეხვედრას მოჰყვა რამდენიმე ცუდი მატჩი ლა ლიგაში, მათ შორის კი “ხეტაფესთან” მარცხი.

პერიოდულად გვარდიოლა ეკითხებოდა საკუთარ თავს: ისე ესმოდათ ფეხბურთელებს მისი ნათქვამი, როგორც რამდენიმე წლის წინ? რატომ ვერ მუშაობდა საჭირო დონეზე 3-4-3 სისტემა? ის რისკზე მიდიოდა. ისე ირჩევდა ფეხბურთელებს, თითქოს მეხუთე სეზონი არც კი იგეგმებოდა. გრძნობდა, რომ მოთამაშეების კონტროლი უფრო და უფრო რთული ხდებოდა. ზოგიერთი საერთოდ სწორ გზას გადაუხვევდა, მავნე ჩვევების დავიწყება რომ არ დაეწყო. დანი ალვესი საახალწლო არდადეგების შემდეგ დაგვიანებით დაბრუნდა. ბრაზილიელმა მიიღო მოულოდნელი “სიურპრიზი” ფეხბურთიდან დროებითი ჩამოშორების სახით, რათა ყველაფერი გაერკვია – უპრეცედენტო ნაბიჯი ესპანური გრანდისთვის.

შემდგომ ალვესმა თავისი თანაგუნდელების თანდასწრებით რამდენჯერმე მოისმინა საყვედური იმაზე, რომ ტაქტიკას სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. პეპისთვის ეს უჩვეულო იყო. “მცველი, პირველ რიგში შენ ხარ მცველი,”- უთხრა გვარდიოლამ ბრაზილიელს მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი ზედმეტად გაერთო შეტევით. ალვესი უკმაყოფილო დარჩა სათადარიგოთა სკამზე ჯდომით და ის არ იყო მარტო. არაპირდაპირი გზით პეპმა ფეხბურთელებს, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვით გაბრაზებულები იყვნენ, უჩვენა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, ხოლო მაგალითისთვის კეიტა და პუიოლი გამოიყენა. “დარწმუნებული ვარ, რომ უდიერად მახსენებდნენ, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილების გაგების შემდეგ, გუნდს ეგრევე მხარს უჭერდნენ”- უთხრა გვარდიოლამ თავის შეგირდებს.

ეს ყველაფერი ლოგიკურია. დროთა განმავლობაში ნებისმიერი გუნდის გასახდელში ჩნდება მსგავსი პრობლემები, მაგრამ თითოეული კონფლიქტი, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო, ანგრევდა იმ ხიდებს, რომლებსაც გვარდიოლა აშენებდა საკუთარ თავსა და გუნდს შორის.

 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward