“ლურჯ-ბორწეულისფერები” აგრძელებენ ცენტრალური მცველების ძებნას. იმის გათვალისწინებით, რომ კატალონიელებმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას მატიესა (“ვალენსია”) და მარკინიოსის (პსჟ) ტრანსფერებზე, კლუბის ხელმძღვანელობა დაცვის ცენტრის გაძლიერების ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს.
ალტერნატიულ ვარიანტებად მოიაზრებიან ისეთი მცველები, როგორებიც არიან იან ვერტონგენი (“ტოტენჰემი”) და მატს ჰუმელსი (დორტმუნდის “ბორუსია”).
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე დაჟინებით მოითხოვს ორი ცენტრალური მცველის შეძენას. გარდა კარლეს პუიოლის შემცვლელისა, მწვრთნელს კიდევ ერთი მაღალი დონის მცველის შეძენა სურს, რათა ჟერარ პიკემ კონკურენცია იგრძნოს.
გარდა ამისა, პოტენციურ ახალწვეულებად სახელდებიან უფრო მოკრძალებული მცველები, ფედერიკო ფასიო და ფაბიან შერი.