სჭირდება “ბარსელონას” ლუის სუარესი? I ნაწილი

სჭირდება “ბარსელონას” ლუის სუარესი? I ნაწილი

ლუის სუარესს ხშირად უკავშირებენ “ბარსელონას”. ზოგიერთისთვის ურუგვაელის ტრანსფერი სასურველია, ხოლო დანარჩენები ეწინააღმდეგებიან მას. Totalbarca.com-ის მწერლები ერიკი და ელისონი თავიანთ მოსაზრებას გვიზიარებენ ამ თემაზე.

ერიკი: დიახ, “ბარსელონამ” უნდა შეიძინოს სუარესი

ლუის სუარესზე ნებისმიერი დისკუსია ძალიან ჩახლართული გახდა, მაგრამ ჩემმა მეგობარმა მოახერხა მდგომარეობის 1 წინადადებით გადმოცემა: “თუ სუარესი ჩართულია საფეხბურთო მატჩში, მაშინ მე ის ჩემს გუნდში მსურს.” მორალური თვალსაზრისით,  ვერ და არ დავიცავ სუარესს, მაგრამ მე ის ის ჩემს გუნდში მსურს. იგი არის ერთგვარი მებრძოლი, რომელიც “ბარსელონას” სჭირდება და აკლია – შეუპოვარი, კონკურენტუნარიანი და მცველების კოშმარი. სუარესი არ იმსახურებს აპლოდისმენტებს სამართლიანი თამაშის გამო, მაგრამ ის მეტოქეს ჯოჯოხეთს მოუწყობს და თავისი მონდომებით გუნდს წარმატებამდე მიიყვანს.

გასულ სეზონში ხშირად იყო იგივე საუბარი დიეგო კოსტაზე, რომელსაც, უხეში ქმედებების მიუხედავად, თითქმის ყველა აქებდა ესპანეთში. არ ვამბობ, რომ ეს ორი ფეხბურთელი ერთნაირია, მაგრამ განვლილ სეზონამდე კოსტას დისციპლინა აკლდა: “მოედანზე ყველას ვეჩხუბებოდი, თავს ვერ ვაკონტროლებდი. ყველას შეურაცხყოფას ვაყენებდი და მეტოქეს პატივს არ ვცემდი. მეგონა, რომ ის უნდა მომეკლა.” თუმცა დიეგო სიმეონემ ფეხბურთელს დისციპლინა ასწავლა და ჩაუნერგა. კოსტას მიერ მიღებული ბარათების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და ბოლოს წითელი ბარათი 2012 წელს “ვიქტორია პლზენთან” მატჩში მიიღო. სიმეონე და ლუის ენრიკე ერთმანეთს ჰგვანან: თავიანთი კლუბების ყოფილი კაპიტნები და ძლიერი, ქარიზმატული მწვრთნელები. ორი დიეგოს ერთობლივი მუშაობის შედეგად ფიცხი კოსტა გახდა ლა ლიგის ჩემპიონი – იქნებ ორმა ლუისმა იგივე გააკეთოს.

“ბარსას” რამდენიმე სეზონია სჭირდება სტრაიკერი, რომელიც ლუის ენრიკეს პრიორიტეტი გახდა. ვილიამ 1 კარგი სეზონი ჩაატარა და შემდეგ ტრავმა მიიღო, ნეიმარი და სანჩესი კი არ არიან ნამდვილი სტრაიკერები. სასაცილოა, რომ ისეთმა მაღალი დონის კლუბმა, როგორიც “ბარსელონაა”, სტრაიკერის გარეშე  კონკურენცია სცადა ჩემპიონთა ლიგაში – მგონი უბრალო დამთხვევა არ არის ის, რომ “ბარსას” კარგი სტრაიკერი უკანასკნელად  2011 წელს ჰყავდა, მაშინ, როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სტრაიკერის არარსებობა წარმოქმნის ხვრელს გუნდში და რადიკალურად ზღუდავს მწვრთნელის უნარს, განახორციელოს ტაქტიკური ცვლილებები ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. უფრო და უფრო ბევრი გუნდი იყენებს 2 ჩამშლელ ნახევარმცველს და შედეგად მესი, ანუ “ბარსას” ცრუ ცხრიანი, ხშირად არის 4 დაცვითი ნახევარმცველის გარემოცვაში, რის გამოც ის ბურთის მისაღებად უკან იხევს ან მისი განეიტრალება ხდება. დაცვის ზურგს უკან აგრესიული ნახევარმცველების გარბენებისა და სტრაიკერის გარეშე, “ბარსელონა” ვეღარ უტევს ცენტრიდან და შეტევას ფლანგებიდან იწყებს, რაც ხშირად წარუმატებელია. სტრაიკერის ეფექტურად გამოყენების ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა იყო ცნობილი Remuntada (დაბრუნება) 2013 წელს “მილანთან” მატჩში, რომლის დროსაც ვილია მესის წინ თამაშობდა 3-4-3 ტაქტიკურ სქემაში. ვილია იშვიათად ეხებოდა ბურთს, მაგრამ ის ძალიან კარგად არჩევდა პოზიციას, ხშირად გარბოდა მცველების ზურგს უკან და მესის სივრცეებს უთავისუფლებდა. შედეგად მესიმ 2, ვილიამ კი 1 გოლი გაიტანა და “ბარსა” ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ლუის სუარესი ზუსტად და ყველაზე კარგად შეესაბამება კატალონიურ კლუბს. მისთვის ნაცნობია სტრაიკერის/მარჯვენა ფლანგელის პოზიცია, რომელსაც “ბლაუგრანა” მოითხოვს. ის გასულ სეზონში სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა. ბრენდან როჯერსი იყენებდა “ბარსას” მსგავს 4-3-3 ტაქტიკურ სქემას. მეტიც, როჯერსის წინა ხაზი და სწრაფი კონტრშეტევები არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ეთამაშათ კატალონიელებს განვლილ სეზონში. შეიძლება ითქვას, რომ სტერლინგი და სტარიჯი არიან მესისა და ნეიმარის ანალოგები – სწრაფი ფეხბურთელი კარგი დრიბლინგით და მემარცხენე ფორვარდი, რომელიც მოქმედებს ცენტრში ან მარჯვენა ფლანგზე. ინდივიდუალური ოსტატობის მიუხედავად, ისინი ერთად ფენომენალურად მუშაობდნენ და ხელის შეშლის მაგივრად ერთმანეთს ეხმარებოდნენ. სუარესი ხშირად უკეთებდა სტარიჯს საგოლე გადაცემებს, პოზიციას უცვლიდა და პირიქით. “ბარსელონას” წინა ხაზს სწორედ ეს პოზიციათა ცვლა სჭირდება. როგორც წესი, ახალ ფეხბურთელებს “ბარსაში” ადაპტაციისათვის დიდი დრო სჭირდებათ, მაგრამ სუარესმა შეიძლება მოახერხოს თანაგუნდელების დახმარება – მისთვის ნაცნობია სისტემა.

მოკლედ, ლუის სუარესი არის მოძრავი, მშრომელი სტრაიკერი და ალბათ, ამჟამად საუკეთესო ფინიშერი. შეეფერება “ბარსას” სპეციფიკურ მოთხოვნებს. ხასიათის შესამჩნევი, გაუმართლებელი ხარვეზების მიუხედავად, სუარესს მოედანზე აკლია ის ეგო, რომელმაც ხელი შეუშალა ზლატან იბრაჰიმოვიჩს. ამ ყველაფრის შემდეგ ერთი კითხვა მაინც რჩება: შეუძლია სანჩესს სამუშაოს იმავე დონეზე შესრულება? ხშირად მითქვამს, რომ სანჩესი უპირველესყოვლისა არის კრეატიული მოთამაშე და არა ფინიშერი, როგორც ნეიმარი. მას შეუძლია გოლების გატანა, მაგრამ ბომბარდირობა არ არის მისი მთავარი როლი. ჩილეს ნაკრებში ის თავისუფალია, საფრთხეს ყველგან ჰქმნის, ეს კი კატალონიელებს არ სჭირდებათ. მაგრამ გასულ სეზონში სანჩესმა დაიწყო შანსების გამოყენება და გოლების გატანა, გააკეთა ის, რაც ადრე არ გამოსდიოდა. სუარესზე ფულის დახარჯვა შეიძლება არც იყოს საჭირო და ეს ფული შესაძლოა სხვა პოზიციების გასაძლიერებლად გამოიყენოს კლუბმა.

თუმცა წინათგრძნობა მეუბნება, რომ მარტო სანჩესზე დაყრდნობა სარისკოა, რადგან “ბარსაში” ალექსისს, როგორც სტრაიკერს, იშვიათად იყენებენ. სავარაუდოდ, ტატა მარტინო ჩილელის ყველაზე დიდი ფანი იყო. ტატამ გააძლიერა ფეხბურთელის თავდაჯერება და შედეგად სანჩესმა კარგი სეზონი ჩაატარა. მარტინომ რამდენჯერმე საჯაროდ აღნიშნა, რომ ჩილელს თავდასხმის ცენტრში შეუძლია თამაში, მაგრამ როდესაც მნიშვნელოვან მატჩებში ტაქტიკური ცვლილება იყო საჭირო ან როდესაც მესის ტრავმა ჰქონდა, ტატამ არცერთხელ გამოიყენა “ბარსას” მე-9 ნომერი ცენტრში. სეზონის ბოლოს ფაბრეგასი თამაშობდა, ხოლო ალექსისი სათადარიგო ფეხბურთელებს შორის რჩებოდა. მარტინომ კრიტიკა დაიმსახურა და შესაძლოა მწვრთნელის მოპყრობა სანჩესის მიმართ შეცდომა იყო, მაგრამ არგენტინელი არის პროფესიონალი, რომელმაც ჩემზე მეტი იცის. ტატა შეიძლება ფიქრობდა, რომ ალექსისი ვერ შეასრულებდა “ბარსას” სტრაიკერის ფუნქციებს. როგორც ჩანს, კიდევ ერთი პროფესიონალი ლუის ენრიკე მარტინოს ეთანხმება. ალექსისი ნელ-ნელა უმატებს თამაშს და კლუბის მხრიდან, ალბათ, უგუნურება იქნება ასეთი ფეხბურთელის გაშვება. “ბარსაში” ფლანგზე ის შესანიშნავია, ხოლო ნაკრებში სრული თავისუფლება აქვს, მაგრამ სანჩესს, როგორც სტრაიკერს, ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი; “ბარსელონაში” კი ახლა გარდამავალი პერიოდია და ექსპერიმენტების დრო არ არის.

“ბარსელონასთვის” საუკეთესო შესაძლო სტრაიკერი ხელმისაწვდომია. მდგომარეობის სირთულის მიუხედავად, ლუის ენრიკე იქნება სულელი, თუ ამ შანსს ხელიდან გაუშვებს. სუარესი დისკვალიფიცირებულია ოქტომბრამდე, მაგრამ შემოდგომის პერიოდი არ არის პრობლემატური კატალონიელებისათვის. ტრანსფერი ძვირია, ხოლო თავად ფეხბურთელის ქცევა არ არის სამაგალითო, მაგრამ მას შეუძლია მესის დახმარება და ჩემპიონთა ლიგაში “ბარსასთვის” წარმატების დაბრუნება.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია