workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბლოგი: მილანის პრობლემა ბარსელონაში

ბლოგი: მილანის პრობლემა ბარსელონაში

შევეცდები ფაქტების დახმარებით ჩამოვაყალიბო თუ რა ხდება დღეს “ბარსელონაში”. ერთი შეხედვით გუნდი ვეღარ თამაშობს იმ თამაშს, როგორსაც თვალი შეეჩვია – ვგულისხმობ რაიკაარდის რა გუარდიოლას ერას. კლუბი ნელ-ნელა წყვეტს დიდი ტიტულების მოგებას. ეს კი მიგვითითებს გუნდის დასუსტებაზე.

სხვა მხრივ – შეიძლება დაეთანხმო იმათ, ვინც ამბობს, რომ უამრავ ასეთ კლუბში ანალოგიური სიტუაციაა. მაგრამ 3-4 თამაშში “უარი თქვა” ჩემპიონთა ლიგაზე, ესპანეთის ჩემპიონობაზე და ესპანეთის თასზე, მგონი სწორედ ესაა ჩაგდებული სეზონი.

რაიკაარდი-გუარდიოლას გუნდმა იმდენად მაღლა აწია ზღვარი ხარისხისა, რომ პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას გულშემატკივრები უკვე კრიზისს უწოდებენ.

მახსოვს, “Dream Team”-ის ბოლო პერიოდში ვფიქრობდი, რომ გუნდი მუდმივად ასეთ უმაღლეს თამაშს ვერ აჩვენებს და მაინტერესებდა რამდენად მტკივნეულად გადაიტანდა ვარდნას კლუბი. მოხდება ეს მალე თუ ნელა, ინერციით თამაშის ხარჯზე დაიკარგება ის ფილოსოფია, რომელიც გუარდიოლამ ჩანერგა თავის ერაში.

ეს დროც დადგა. პრობლემა კი ძალზედ დიდია. ტყუილად არ მიხსენებია დასაწყისში “მილანი”. სწორედ ისინი შეეჯახნენ ამ პრობლემას თავის დროზე. რამდენიმე წარმატებული სეზონის შემდეგ მილანური კლუბი ჩაეფლო პრობლემებში: რა ვუყოთ გუნდის ლიდერებს? ინძაგი, ამბროზინი, ნესტა, ზეედორფი, გატუზო, მალდინი, დიდა?… გავყიდოთ! – ცოტა არაჰუმანურია არა? (ყველას გვახსოვს მსოფლიო კრიტიკა “რეალის” მიმართ, როდესაც მადრიდელებმა გაყიდეს იერო და რაული) სწორედ ამის გამო შეიძლება თამაშის დონე დაეცეს და ეს ყველაფერი კი აისახება რეზულტატზე.

შეინარჩუნო ლიდერები, განაახლო “კოსმეტიკური” შემადგენლობა და გააგრძელო სვლა წინ – ალბათ ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან. კოსმეტიკა შეიძლება იყოს სხვადასხვა. ვილანოვა, როურა და მარტინო – კოსმეტოლოგები.

“ვისენტე კალდერონზე” მარცხის შემდეგ, მხოლოდ ნამდვილ ზარმაცს თუ დაეზარებოდა კრიტიკის გამოთქმა მარტინოს მისამართით. სხვადასხვა ფორუმებზე დაწერილ სიახლეებში როგორ აღარ მოიხსენიებდნენ არგენტინელს.

“დღეს მივხვდი, რომ გვჭირდება ახალი მწვრთნელი. როგორი მწვრთნელიც გვყავს, ისეთი ხარისხის თამაშიც ვიხილეთ დღეს. მარტინო დამარცხდა”

“სასწრაფოდ! უნდა ჩავამთავროთ სეზონი და ვეძებოთ ახალი მწვრთნელი”

“იმედია ხელმძღვანელობა გადაწყვეტს ყველაფერს ზაფხულში. ვატარებთ საუკეთესოების წოდებას და მწვრთნელიც შესაბამისი გვჭირდება”

“ტატა კარგია, თუმცა ეს კაცი “ბარსელონას” დონის არაა, უბრალოდ წავიდეს სახლში, ის იქაა გმირი, აქ კი ჩვეულებრივი რიგითი მწვრთნელი. არანაირი ახალი იდეა, არაფერი არ მოუტანია ამ კაცს ახალი. თუ ფეხბურთელები ვერ თამაშობენ, გაამხნევე, შთააგონე მათ გამარჯვება, დაუსახე მიზანი, “დაანთე ცეცხლი მოედანზე”. ტატა სახლში, თან მიაყოლეთ ხელმძღვანელობა. არანაირი პროგრესი არაა. დაასუფთავეთ გუნდი!”

“დააბრუნეთ რაიკაარდი და ის ააწყობს ნამდვილ გუნდს”

“მარტინო – მწვრთნელი, რომელსაც არ შეუძლია გუნდს მოაგებინოს გადამწყვეტი მატჩები”

“უკვე უამრავი აუხსნელი ქმედება მარტინოსაგან. ისეთი ტაქტიკები, რომლებსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ეს მარცხები უბრალოდ მისახავს აზრს, რომ ტატა არ არის ჩვენთვის შესაფერისი მწვრთნელი. არათუ ცუდი, არამედ არა “ბარსელონასთვის” განკუთვნილი.”

ეს კიდევ შედარებით ზრდილობიანად დაწერილი კომენტარების ციტირება, თორემ ალბათ ყველამ იცის, უმეტესობა როგორ გამოხატავდა მოსაზრებას.

ვის აღარ უხმობდნენ გულშემატკივრები მწვრთნელად: ლიპი, დელ ბოსკე, ხიტლფელდი, მარტინესი, კლოპი, დე ბური, ლუის ენრიკე, რაიკაარდი, სიმეონე. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ფულჰემის მაგატასაც კი “ექაჩებოდნენ”. მოდით ჩემს აზრსაც შემოგთავაზებთ და შეგახსენებთ, როგორი ბუმი იყო 2012 წელს, როდესაც გუარდიოლამ გუნდი დატოვა, გულშემატკივრების უმრავლესობა მარსელო ბიელსას უხმობდა. მგონი ცუდი ვარიანტი არ იქნებოდა კატალონიელთათვის ბიელსას ხასიათი.

შეეძლო კი ტატას გუნდისათვის მეტის გაკეთება? შეიძლება კი. მაგალითად, ახალგაზრდებისადმი მეტი ნდობა. თუნდაც მარკ ბარტრა. მგონი ცუდი არ იქნებოდა ლიდერებისადმი გაცილებით დიდი დასჯადობის გამოვლენა. ალბათ გახსოვთ, როდესაც ნეიმარი შემოყავდა ცვლილებაზე, გაყავდა ლეო მესი, რაც მესის არ მოეწონა. ამის შემდეგ დღემდე არგენტინელი ძირითადში თამაშობს (თუ ტრავმა არ აწუხებს). იქნება ის კარგ ფორმაში თუ ცუდში. 

დანიშნეთ ახლა კლოპი ან სიმეონე და რა? ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ხავი, ინიესტა, მესი, ვალდესი, პიკე, ბუსკეცი, ალვეში და სხვები, ნამდვილად არ ექნებათ ტიტულებისადმი ისეთი მონდომება, როგორიც დღეს გააჩნია თუნდაც როისს, ლევანდოვსკის, მხითარიანს, გროსკოიცს, შმელცერს, არდა თურანს, კოკეს, დიეგო კოსტას, გოდინს, კურტუას და სხვა ლიდერებს. ამისი უმთავრესი ახსნა კი არის ის, რომ მათ ჯერ არ ჰქონიათ იმდენი ტიტული, რამდენიც “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ბოლო წლებში მოიპოვეს.

დიახ, პრობლემა არსებობს და ის არ გადაწყდება არც ერთ სეზონში და არც ერთ ტრანსფერში.

გვინდა თუ არა, მაინც მოგვიწევს “მილანის” გზის გავლა: კოსმეტიკურად შემადგენლობის ცვლილება და მწვრთნელ-კოსმეტოლოგების აყვანა, რომლებიც კოლექტივში ატმოსფეროს დარღვევის გარეშე, დაელოდებიან მოწინააღმდეგეების დასუსტებას და ისარგებლებენ რა ამით, მოიგებენ რაიმე დიდ ტიტულს. სწორედ ასე იყო კარლო ანჩელოტის “მოხუცი” “მილანი”.

შეიძლება მომავალ სეზონში სწორედ ტატა გახდეს ჩვენი მხსნელი. მაინც რა მოხდა? გასახდელში ყველაფერი კარგად იყო, ფატალური შეცდომები არ დაუშვია, “რეალი” ორჯერ დაამარცხა. ცუდი შედეგი არ უჩვენებია. ხოლო ხელახლა აფრენა და კვლავინდებური “Dream Team”-ის დაბრუნება ჯერ შეუძლებელია.

მჯერა კრუიფის, რომელმაც შემდეგი რამ თქვა:”ბარსელონაში უკვე 4 წელია მწვრთნელი არ ხელმძღვანელობს”

როგორ გზას აირჩევს კლუბის ხელმძღვანელობა – დრო გვაჩვენებს. მაგრამ მჯერა, რომ მოვა დრო და გუნდი კვლავინდებურად დაუბრუნდება თავისი თამაშის პიკს და კვლავ ავა ცამდე, გაივლის გზას per aspera ad astra.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward