რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სპეციალურად გამართული პრესკონფერენცია, რომლის დროსაც, “ბარსელონას” კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს, ის კლუბს დატოვებს.
“მიმდინარე სეზონის ბოლოს, “ბარსელონას” დავტოვებ. კონტრქტის გაწყვეტა გადავწყვიტეთ.
მუხლის ტრავმის მკურნალობა იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე ვვარაუდობდით. იმ დონეზე თამაში აღარ შემიძლია, რა დონეზეც მსურს.
სეზონის ბოლომდე სრულად დავიხარჯები. ჯერ არ ვიცი, რას გავაკეთებ მომდევნო სეზონიდან. უპირველესად, დასვენება მჭირდება და შემდეგ ვნახოთ.” – განაცხადა პუიოლმა პრესკონფერენციაზე.
კარლეს პუიოლი “ბარსელონაში” 1995 წელს, 17 წლის ასაკში მივიდა. პირველ გუნდში ის 1999 წლიდან თამაშობს. კატალონიელთა 35 წლის კაპიტანმა, “ბარსელონას” პირველ გუნდში 593 თამაში ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. მან 6-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ სამეფო თასი, 6-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ უეფას სუპერთასი და ორჯერაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.