ეს კვირა “ბარსელონასთვის” ჩემპიონთა ლიგის კვირაა, თუმცა ტატა მარტინოს შეგირდებს არ აქვთ ლა ლიგაში მოდუნების უფლება, რადგან პირველი ადგილი ჯერ არ ეკუთვნის მათ. 3 გუნდს ერთნაირი ქულები აქვს, შეცდომის დაშვება კი არ შეიძლება, ვინაიდან, როგორც ტატა მარტინო იტყოდა, თითოეული შეცდომა მკაცრად დაისჯება.
რეაგირების შემდეგ”ბარსელონა” “რაიო ვალიეკანოს” უპირისპირდება. “ვალენსიასთან” საშინაო მარცხმა გუნდის დონე ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ძალიან კარგი თამაში გვაჩვენა “სანჩეს პისხუანზე” მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა გახსნეს ანგარიში. “ანოეტაზე” “ბარსა”, რომელიც ესპანეთის თასის ფინალში გავიდა, გამარჯვების ღირსი იყო.
“რაიო” არის გუნდი, რომელიც არ მიმართავს “ავტობუსს”. პაკო ხემესის ხელმძღვანელობით, ფეხბურთელები სასიამოვნო და კარგი ფეხბურთის დემონსტრირებას ახდენენ, რაც ჩვენ სექტემბერში ვიხილეთ. “რაიოს” შეტევის არ ეშინოდა და მისი ბურთის ფლობის მაჩვენებელი უფრო დიდი იყო ვიდრე კატალონიელებისა. ამ ფაქტმა მატჩის შემდეგ დებატები გამოიწვია; მედიის თქმით, “ბარსელონამ” თვითმყოფადობა დაკარგა. “რაიოს” ტაქტიკამ არ გაამართლა და “ბარსას” კონტრშეტევებით პედრომ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო მე-4 გოლი ფაბრეგასმა გაიტანა.
ლა ლიგის საშინელი სტარტი “რაიომ” უკან მოიტოვა. 2014 წლის პირველ 7 შეხვედრაში მოთამაშეებმა ქულების 50% მოიპოვეს და გუნდი უფრო სოლიდური გახდა. მძიმე დამარცხებების მიუხედავად (2-5 “ვილიარეალთან”, 2-4 “ატლეტიკოსთან”), როგორც ჩანს, “რაიო ვალიეკანოს” მაინც შეუძლია საზრიანად და სრულყოფილად ასპარეზობა. ისინი “კამპ ნოუს” 2 მატჩიანი წაუგებელი სერიისა და “მალაგას” დამარცხების (4-1) შემდეგ სტუმრობენ.
“ბარსელონას” ფეხბურთელები მშვიდად უნდა მიუდგნენ ამ დაპირისპირებას. ინგლისში გასამართი მატჩი ისედაც ენერგიის მაქსიმუმს მოითხოვს, ასე რომ, მცირე კონსერვატიულობა არ გვავნებს, მაგრამ “ბარსელონას” დამაჯერებელი მოგება მაინც სჭირდება, რათა მანჩესტერში კარგ ხასიათზე გაემგზავროს.
გუნდების სიახლეები
“ბარსელონა”
როგორც იქნა, ტატა მარტინოს ყველა ფეხბურთელი ნორმალურად ვარჯიშობს. თამაშის უფლების მიღების შემდეგ ნეიმარი განაცხადს დაუბრუნდა, ისევე, როგორც მაშერანო და ალბა (მათ წინა მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს). კუნთის დისკომფორტის გამო ჩავი უსაფრთხოების მიზნით არ მიიღებს მონაწილეობას დღევანდელ დაპირისპირებაში. განაცხადში არ არიან ჯონათან დოს სანტოსი (ტრავმა), ოიერი და კუენკა (ტექნიკური მიზეზები).
მოსალოდნელია, რომ “სიტისთან” გასამართი შეხვედრის გამო მარტინო შეცვლის სასტარტო შემადგენლობას. ალბასა და მაშერანოს დაბრუნების მიუხედავად, დაცვის ხაზის ცენტრში ვიხილავთ პუიოლსა და ბარტრას, ფეხბურთელებს, რომლებსაც ამ სეზონში ერთად თამაშის დროს გოლი არ გაუშვიათ. ადრიანო და მონტოია ფლანგებს დაიკავებენ, ასე რომ, დანი ალვესი და ჟერარდ პიკე დაისვენებენ. მოედნის ცენტრში იმოქმედებენ სესკი, ბუსკეტსი და ინიესტა, თუმცა ალექს სონგის თამაში შესაძლებელია. შეტევის ხაზში მოგვევლინებიან მესი, ალექსისი და პედრო, მაგრამ თუ ტატა რომელიმეს დასვენებას გადაწყვეტს, ტელიო და ნეიმარი მოედანზე გამოსასვლელად მზად არიან.
მოსალოდნელი სასტარტო შემადგენლობა: ვალდესი, მონტოია, პუიოლი, ბარტრა, ადრიანო, ბუსკეტსი, სესკი, ინიესტა, ალექსისი, მესი, პედრო.
გუნდის განაცხადი (3 მოთამაშე ამოვარდება): ვალდესი, პინტო, მოინტოია, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, პედრო, ინიესტა, ალექსისი, მესი, ნეიმარი, მაშერანო, ბარტრა, სერხიო, სონგი, ალბა, აფელაი, ტელიო, ადრიანო, ალვესი და სერხი რობერტო.
“რაიო ვალიეკანო”
“მალაგას” დამარცხების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პაკო ხემესი სასტარტო შემადგენლობაში შესამჩნევ ცვლილებებს შეიტანს. ასევე, ამ მომენტისათვის ეს არის “რაიოს” საუკეთესო თერთმეტეული. მწვრთნელი არჩევანში შეზღუდულია, რადგან 6 ძირითადი ფეხბურთელი აკლია. გუნდის ახალ შენაძენს, რაზვან რათს, თამაში არ შეუძლია. მასთან ერთად განაცხადს მიღმა დარჩნენ გალვესი, ბორხა, ლოპესი, ხოსე კარლოსი, სება ფერნანდესი (ტრავმა) და ნაჩო მარტინესი (დისკვალიფიკაცია). ამ ფეხბურთელებს შორის “მალაგას” წინააღმდეგ მხოლოდ მარტინესმა ითამაშა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იოჰან მოხიკა დაიკავებს მარცხენა მცველის პოზიციას.
სავარაუდოდ პაკო ხემესი გამოიყენებს 4-2-3-1 ფორმაციას. საყრდენი ნახევარმცველები იქნებიან რობერტო ტრასორასი და რაულ ბაენა. ერთადერთი ფორვარდი იქნება ხოაკინ ლარივეი, რომელსაც შემტევი ნახევარმცველები ალბერტო ბუენო, რუბენ როჩინა და იაგო ფალკე დაეხმარებიან. ამ უკანასკნელმა “მალაგას” 2 გოლი გაუტანა. კიდევ ერთი ყოფილი ლა მასიელი, რუბენ მარტინესი, დაიცავს “რაიოს” კარს.
მოსალოდნელი სასტარტო შემადგენლობა: რუბენი, ტიტო, არბილა, ზე კასტრო, საული, მოხიკა, ტრასორასი, ბაენა, ფალკე, როჩინა, ბუენო, ლარივეი.
გუნდის განაცხადი: რუბენი, ტიტო, არბილა, ზე კასტრო, გალეანო, საული, მოხიკა, ტრასორასი, ბაენა, ადრიანი, ლასი, ფალკე, როჩინა, ბუენო, ვიერა, ლონგო და ლარივეი.
მოსალოდნელი შედეგი:
რას უნდა ველოდოთ ამ მატჩისაგან? “რაიო” არ არის “ვალენსია” და, გულწრფელად რომ ვთქვა, ვერ წარმომიდგენია, რომ “ბარსელონა” ისევე ცუდად ითამაშებს, როგორც ხუან ანტონიო პიცის გუნდის წინააღმდეგ. ერთადერთი ლოგიკური შედეგი “ბარსელონას” ადვილი გამარჯვება იქნებოდა, თუმცა, ჩემი აზრით, “რაიო” გაიტანს “კამპ ნოუზე”. ასე თუ ისე, ნებისმიერი შედეგი გამარჯვების გარდა “ბლაუგრანასთვის” დიდი წარუმატებლობა იქნება.