totalbarca.com-ის მწერლები ალი და იუსეფი “ბარსელონასთან” დაკავშირებულ საკამათო საკითხებს განიხილავენ. წინა სტატია კარლეს პუიოლს მიუძღვნეს, ახლა კი ისინი კლასიკური #9 თავდამსხმელის საჭიროებაზე გვესაუბრებიან და საკუთარ აზრს გვიზიარებენ. გთხოვთ, დააფიქსირეთ თქვენი შეხედულება ამ საკითხზე.
ალი: კლასიკური #9 თავდამსხმელის შეძენის მოწინააღმდეგე
მიზეზი “ბარსელონას” ბოლოდროინდელი წარმატება, ან თუნდაც სონგისა და ალვესის ჩაცმის სტილი შეიძლება იყოს. ასეა თუ ისე, უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ კულეები ფაქტებს ყურადღებას აღარ ვაქცევთ. უფრო სწორედ, ჩვენ, როგორც ფანებს, განებივრება უფრო და უფრო გვაფუჭებს. “კარლეს პუიოლი ცუდ შეხვედრას ატარებს? უმჯობესია შემცვლელი ვიპოვოთ.” “ვალდესმა ბურთი დი მარიას მისცა და არგენტინელმა გაიტანა? სასაცილოა! ისეთი კლუბი, როგორიც “ბარსაა”, მაღალი დონის მეკარეს იმსახურებს.” “ფიზიკურად ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაში გვიჭირს? მიზეზი კლასიკური #9 თავდამსხმელია; ჩვენი შეტევა არ არის საკმარისად კარგი.”
აბა, თუ მიხვდებით, რომ კლუბის კაპიტანი და ლეგენდა პუიოლი არ არის ვადაგასული პროდუქტი, რომლის უბრალოდ შეცვლა საკმარისია. ვიქტორ ვალდესი მეკარეებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა, ხოლო ჩვენი შეტევის ხაზი იმაზე უკეთესია ვიდრე ოდესმე ყოფილა. სტატისტიკის მიზეზი მარტივია; კლუბი ენდობა თავის ფეხბურთელებს. 31 თამაშში შესრულებული 494 დარტყმიდან გატანილი 83 ბურთი, გოლების სხვაობა – 64, მოგებული თამაშების რაოდენობა – 24.
ტატა მარტინოს გავლენა გუნდის თავდამსხმელებზე სენსაციურია. პედრო როდრიგესი (15), ალექსის სანჩესი, ფაბრეგასი და ნეიმარი (11) უნდა ამაყობდნენ თავიანთი ასპარეზობით. მათ გააძლიერეს ის შემადგენლობა, რომელსაც ერთ არგენტინელზე დამოკიდებულების გამო აკრიტიკებდნენ. ეს დამოკიდებულება შემცრიდა და ახლა გოლები ყველა მხრიდან გადის.
მიუხედავად ჩვენი შეტევის ხაზის ასპარეზობისა, მოდით, მაინც გავითვალისწინოთ არგუმენტები. “ბარსელონა” გვარდიოლას მოსვლის შემდეგ სიამოვნებას იღებს ოქროს თაობით, რომელმაც აჯობა კრუიფის “ოცნების გუნდს”. ზოგიერთი წარმატებას გვარდიოლას მიაწერს, მაგრამ თავად კატალონიელთა ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა აღიარა, რომ წარმატების ძირითადი მიზეზი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესი იყო. მიუხედავად თავმდაბლობისა, პეპის სიტყვები საყურადღებოა. მაშინ გუნდს ფეხბურთის თანამედროვე ისტორიის 2 საუკეთესო კლასიკური #9 თავდამსხმელი ჰყავდა ეტოოსა და ანრის სახით, მაგრამ ვერცერთმა ვერ ითამაშა ამ პოზიციაზე ისე კარგად, როგორც მესიმ. ეს კი “ბერნაბეუზე” ანგარიშით 2-6 გამარჯვების შემდეგ მტკიცდება. არაფერს ვაბრალებ ეტოოსა და ანრის, მაგრამ ნათელია, თუ რა კარგად მოირგო მესიმ ეს როლი. ფორმაცია შეიცვალა, რათა არგენტინელის, როგორც #9 თავდამსხმელის, შესაძლებლობებს მორგებოდა. ამ ფორმაციის პრობლემა იყო ის, რომ დანარჩენ შემტევებს სხვა პოზიციაზე უხდებოდათ თამაში. ეს აწუხებდა ანრის, იბრაჰიმოვიჩსა და ვილიას, რომლებიც არა მათთვის ბუნებრივ ცენტრალურ პოზიციას, არამედ ფლანგებს იკავებდნენ, აქ კი, როგორც წესი, სანჩესისა და პედროს მსგავსი მოთამაშეები ბრწყინავენ. საბოლოო ჯამში, ისინი სათადარიგოთა შორის იყვნენ.
ახლა შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ვინც არ უნდა იყოს ეს კლასიკური #9 თავდამსხმელი, ის მაინც სათადარიგო სკამის გამათბობელი იქნება. ბოდიშს ვუხდი იმ გულშემატკივრებს, რომლებიც რობინ ვან პერსიზე, რუნიზე, აგუეროზე, სუარესზე ან ლევანდოვსკიზე ოცნებობენ. არც ერთს არ მოუნდება სკამის გათბობა. ის, რაც მე კიდევ უფრო მაოცებს, არის სათადარიგო ფეხბურთელის რამდენიმე მილიონ ევროდ ყიდვის იდეა. ასახელებენ ლარსონს, სათადარიგო მოთამაშე, რომელიც შეხვედრის მიმდინარეობას ცვლის. ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს დღევანდელ ფორმაციას არ ერგება, კლუბის შემტევი მოთამაშეების მრავალმხრივობის გამო სათამაშო დროს ვერ მიიღებს. ცუდად არ გამიგოთ, არ ვაკნინებ ლარსონის ღვაწლს და არც ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მის გავლენას ვივიწყებ, მაგრამ შვედის დროც კი არ აღმოჩნდა ხანგრძლივი და მას ვერაფერს დავაბრალებთ, რადგან ასაკის მიუხედავად, ყველა ფეხბურთელის მთავარი მიზანი არის სათამაშო დრო, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას. და რომ აღარაფერი ვთქვა იმ ზეწოლაზე, რომელსაც მესის შემცვლელი განიცდის. არგენტინელი რეკორდების მოხსნას ისე უყურებს, როგორც ჰობის, ასე რომ, წარმატებები ამ საქმეში.
რაც შეეხება ზოგიერთი გულშემატკივრის აზრს, რომლის მიხედვით კლასიკური #9 თავდამსხმელი საჭიროა, რადგან ‘ტიკი-ტაკა’ ფიზიკურად ძლიერი გუნდებისა და “ავტობუსის” წინააღმდეგ არ მოქმედებს, მე მათ გავახსენებდი ამ სეზონში შოტლანდიური გუნდის ანგარიშით 6-1 დამარცხებას. კატალონიელთა მეტოქეებს შორის, “სელტიკი” ერთ-ერთი ყველაზე დაცვითი გუნდია, რომელსაც ჰეთ-თრიქი “ბარსას” ყველაზე გამხდარმა ფეხბურთელმა გაუტანა. ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ “ავტობუსის” “ფარეხიდან” გამოყვანა შესაძლებელია, თუ სტრატეგია სწორად არის შედგენილი. ხალხი ხშირად ურევს ერთმანეთში ფიზიკურად ძლიერ გუნდებსა და მაღალი დონის გუნდებს, მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ გაჭირვება კი სირცხვილი არ არის. სათადარიგო მოთამაშის შეძენა ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაშისათვის უსარგებლო იქნება და ეს ფეხბურთელი, ვინც არ უნდა იყოს, გახდება “ბარსელონას” ბენდტნერი.
ზედმეტი თანხის სანაცვლოდ იმ ფეხბურთელის ყიდვა, რომელიც სათადარიგოთა სკამს გაათბობს და გუნდს არაფერს მოუტანს, ცუდი იდეაა. ორ სეზონზე მეტს ვერ გაძლებდა. ფაქტების მიხედვით, ჩვენი თავდამსხმელები ფორმაში არიან და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაგვიბრუნდა. იმედია ეს დიდი ხნის განმავლობაში გაგვახსენებს, რომ კლასიკური #9 შემტევი არ გვჭირდება.
იუსეფი: კლასიკური #9 თავდამსხმელის შეძენის მომხრე
როდესაც საქმე ფორვარდის შეძენას ეხება, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად იბრაჰიმოვიჩი უნდა დაბრუნდეს, ან იგუაინი მოვიდეს და არც ჩვენი ფეხბურთელები არიან დაბალი დონის. კლასიკური #9 თავდამსმხელის შეძენის იდეა სარეზერვო გეგმაა. სწორედ ამიტომ არ ვასახელებ ძირითადი შემადგენლობისათვის განკუთვნილ ფეხბურთელს, არამედ მხედველობაში მაქვს მოთამაშე, რომელსაც შეხვედრის მიმდინარეობის შეცვლა შეეძლება, ან გუნდს სხვა ვარიანტებს შესთავაზებს, როდესაც “ტიკი-ტაკა” არ იმოქმედებს. დიახ, ჩვენ გყვავს ნეიმარი, მესი და სანჩესი, მათ ცენტრში თამაში შეუძლიათ, მაგრამ მე არ მსურს ფეხბურთელი, რომელიც პოზიციას შეავსებს, არამედ მსურს ის, ვინც განსხვავებულია.
“მადრიდის ატლეტიკოს” წინააღმდეგ გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა, მაგრამ ვინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ კატალონიელებს გაუჭირდათ? რეალურად, ჩემი აზრით, გუნდი ყველაზე სახიფათო იყო პედროსა და ალბას ჩაწოდებების დროს, მაგრამ ვინ გამოიყენა ისინი? არავინ. “ლევანტეს” კარში პიკეს გატანილ გოლამდე ლა ლიგაში “ბარსა” იყო ერთადერთი გუნდი, რომელსაც კუთხურიდან არ გაეტანა. ეს რას გეუბნებათ? რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ასეთი ვარიანტები?
გამიხარდებოდა “ბარსელონაში” ბენტეკეს ხილვა. ის გუნდის ფიზიკურ ძალას და თავით თამაშს გააუმჯობესებდა. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც კარგი მხარდაჭერის შემთხვევაში ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ხოლო ალბას, ალვესის, ნეიმარის, ჩავის, ინიესტას, მესისა და ფაბრეგასის გამო მხარდაჭერა პრობლემა არ არის. ბენტეკეს მსგავს თავდამსხმელს ვასახელებ, რადგან “ბარსელონაში” გადასვლა მის კარიერაში დიდი ნაბიჯი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშის მოლოდინი არ ექნებოდა, მაგრამ ის გააცნობიერებდა, თუ რამხლა ძალისხმევაა საჭირო ადგილის მოსაპოვებლად. მეორე მხრივ, ისეთი ფეხბურთელი, როგორიც იბრაჰიმოვიჩი ან ვან პერსია, უბრალოდ არ მიიღებდა სათადარიგო მოთამაშის როლს. ჩვენ სათადარიგო შემადგენლობისათვის გვჭირდება ვარიანტები, რომლებსაც “ბარსა” საჭიროების დროს გამოიყენებს. წარმოიდგინეთ “სიტის”, “რეალის” ან “ჩელსის” წინააღმდეგ თამაში და “ავტობუსი”. კლასიკურ #9 თავდამსხმელს შეუძლია ჩაწოდებების გამოყენება და მეტოქის საჯარიმოს სიღრმეში თამაში.
ზოგიერთი სათამაშო სტილის წინააღმდეგ თამაშისას “ბარსელონა” ბოლო წლებში სირთულეებს გადაეყარა, რადგან ბურთის ფლობის სტატისტიკისა და დომინირების მიუხედავად, მეტოქე საჰაერო ორთაბრძოლების მოგებით გოლს მაინც იტანდა. ეს პრობლემა დაცვის ხაზსაც ეხება. “ბარსას” სჭირდება მაღალი მცველი, რომელიც გუნდის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლებს გაუმკლავდება და ფიზიკურად ძლიერი, მაღალი ფორვარდი, რომელიც თავით კარგად ითამაშებს.
“ბარსელონაში” მსოფლიო დონის ძალიან ბევრი ფლანგელია, მაგრამ არცერთს არ შეუძლია კლასიკური #9 თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში. “რეალს” ჰყავს ბენზემა, “სიტის” – ნეგრედო, “არსენალს” – ჟირუ, “იუვენტუსს” – ლორენტე, “მილანს” – ბალოტელი, “პარის სენ-ჟერმენს” – იბრაჰიმოვიჩი. გავაგრძელო? იმის აღიარება, რომ ხანდახან დაცვის ხაზის გარღვევა ძნელია, არ არის სირცხვილი. ჩვენ ეს რამდენჯერმე დავინახეთ “ჩელსის” წინააღმდეგ თამაშისას, ახლა “ატლეტიკო” გამოჩნდა და ალბათ “მანჩესტერ სიტიც” დაემატება. სათადარიგო კლასიკური #9 თავდამსხმელის შეძენა “ბარსელონას” ვერ დააზარალებს.
totalbarca.com-ის მომხმარებელთა 74.34% ტრანსფერის მომხრეა. თქვენ რას ფიქრობთ? გთხოვთ, დააფიქსირეთ თქვენი შეხედულება.