სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ “ბარსელონა” ლა ლიგას უბრუნდება. ჰანსი ფლიკის გუნდი 22 ნოემბერს, მე-13 ტურში, “ვილიარეალს” დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, რაც ესპანეთში 14:00 საათია.
როგორც Mundo Deportivo წერს, ეს დრო “ბარსელონასთვის” განსაკუთრებით ხელსაყრელი არ არის. კატალონიელებს შუადღის მატჩებში საკმაოდ მოკრძალებული სტატისტიკა აქვთ.
2020/21 წლების სეზონიდან, როდესაც ლა ლიგაში 14:00 საათზე მატჩების დაწყების პრაქტიკა დაინერგა, “ბარსელონამ” ამ დროს 7 შეხვედრა ჩაატარა. შედეგი ასეთია: 3 გამარჯვება, 3 ფრე და ერთი მარცხი. შესაბამისად, გუნდის მოგების მაჩვენებელი მხოლოდ 43%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამ 7 მატჩიდან “ბარსელონამ” მხოლოდ ერთხელ მოიგო ერთბურთიანზე დიდი სხვაობით. ეს 2020 წლის 29 ნოემბერს მოხდა, როდესაც კატალონიელებმა “ოსასუნა” 4-0 დაამარცხეს. იმ შეხვედრაში გოლები მარტინ ბრეითუეიტმა, ანტუან გრიზმანმა, ფილიპე კოუტინიომ და ლიონელ მესიმ გაიტანეს. არგენტინელმა თავისი გოლი რამდენიმე დღით ადრე გარდაცვლილ დიეგო მარადონას მიუძღვნა.
ამის შემდეგ “ბარსელონას” ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.
2021 წლის თებერვალში კატალონიელები “კადისს” დაუზავდნენ (1-1). ლიონელ მესის მიერ პენალტით გატანილ გოლს სტუმრებმა 89-ე წუთზე უპასუხეს, როდესაც ალექს ფერნანდესმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.
2022 წლის 31 დეკემბერს “ბარსელონამ” იმავე ანგარიშით დაასრულა დერბი “ესპანიოლთან“. მარკოს ალონსოს გოლს ხოსელუმ პენალტით უპასუხა. მატჩი განსაკუთრებით სკანდალური გამოდგა მსაჯის, მატეუ ლაოსის გადაწყვეტილებების გამო, რომელმაც ფეხბურთელებს 17 ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა.
2023 წლის ნოემბერში “ბარსელონამ” “რაიო ვალიეკანოსთანაც” 1-1 ითამაშა. მასპინძლები უნაი ლოპესმა დააწინაურა, ხოლო კატალონიელებმა ანგარიში ფლორიან ლეჟენის ავტოგოლით გაათანაბრეს. მატჩის მიწურულს რაფინიას წინააღმდეგ შესაძლო პენალტი არ დაინიშნა.
მოუგებელი სერიის ბოლო შეხვედრა 2024 წლის 30 ნოემბერს გაიმართა, როდესაც “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “ლას პალმასთან” 1-2 დამარცხდა. სტუმრებს სანდრო რამირესმა და ფაბიუ სილვამ მოაგებინეს, ხოლო კატალონიელთა ერთადერთი გოლი რაფინიამ გაიტანა. ეს ჰანსი ფლიკის პირველი საშინაო მარცხი იყო “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის რანგში.
ბოლო ორ შეხვედრაში ვითარება შეიცვალა
2024/25 წლების სეზონში “ბარსელონამ” უარყოფითი სერია შეწყვიტა. 2025 წლის 2 თებერვალს კატალონიელებმა “ალავესი” 1-0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ რაფინიას გადაცემის შემდეგ გაიტანა.
იმ პერიოდში “ბარსელონა” სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა საბოლოოდ ჩემპიონობა მაინც მოიპოვა.
14:00 საათზე დაწყებული ბოლო შეხვედრა გუნდმა 2026 წლის 22 მარტს ჩაატარა. მეტოქე კვლავ “რაიო ვალიეკანო” იყო, რომელიც კატალონიელებმა 1-0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი რონალდ არაუხომ გაიტანა, რომელმაც ჟოაუ კანსელუს მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავით ზუსტად დაარტყა.
მიუხედავად გამარჯვებისა, “ბარსელონამ” დამაჯერებლად ვერ ითამაშა და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე შესაძლებლობა მისცა.
ამრიგად, “ბარსელონამ” შუადღის ბოლო ორი მატჩი მოიგო, თუმცა ორივე მინიმალური ანგარიშით. ახლა ჰანსი ფლიკის გუნდს “ვილიარეალთან” მოუწევს თამაში, რომელიც კატალონიელებისთვის ამ უჩვეულო დროს კიდევ ერთი გამოცდა იქნება.




forum კომენტარები (0)