ლამინ იამალისთვის “ვილიარეალი” განსაკუთრებული მეტოქეა. “ბარსელონას” 19 წლის ვარსკვლავს სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ აქვს ყველაზე მეტი გოლი გატანილი. კატალონიელთა მომდევნო შეხვედრაც “ვილიარეალთან” გაიმართება და იამალს თავისი შედეგის გაუმჯობესების შესაძლებლობა ექნება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, იამალმა “ბარსელონას” პირველ გუნდში ჩატარებულ 167 ოფიციალურ მატჩში 62 გოლი გაიტანა, რომელთაგან 5 სწორედ “ვილიარეალის” კარში შეაგდო. ამისთვის მას მხოლოდ 6 შეხვედრა დასჭირდა.
ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე “ბილბაოა”, რომელსაც იამალმა 4 გოლი გაუტანა. შემდეგ მოდიან “გრანადა”, “მალიორკა”, “ალავესი”, “ვალენსია”, “რაიო ვალიეკანო”, “ბეტისი” და “რეალ მადრიდი”, რომელთა წინააღმდეგაც ახალგაზრდა ფეხბურთელს 3-3 გოლი აქვს გატანილი.
იამალის პირველი შეხვედრა “ვილიარეალთან” 2023 წლის აგვისტოში შედგა, როდესაც “ბარსელონას” ჩავი ერნანდესი წვრთნიდა. მაშინ 16 წლის ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მან გავის საგოლე გადაცემა გაუკეთა და ორჯერ ბურთი ძელს მოარტყა. მეორე შემთხვევაში ძელიდან დაბრუნებულ ბურთს რობერტ ლევანდოვსკი დაეუფლა და გამარჯვების გოლი გაიტანა. “ბარსელონამ” შეხვედრა 4-3 მოიგო.
მომდევნო ორ მატჩში იამალმა “ვილიარეალის” კარის აღება ვერ შეძლო. კატალონიელები ჯერ 3-5 დამარცხდნენ, შემდეგ კი უკვე ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით მეტოქე 5-1 დაამარცხეს. ამ უკანასკნელ შეხვედრაში იამალმა რაფინიას შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთა.
პირველი გოლი “ვილიარეალის” წინააღმდეგ მან 2025 წლის მაისში გაიტანა, თუმცა “ბარსელონა” იმ შეხვედრაში 2-3 დამარცხდა.
ამის შემდეგ იამალმა მეტოქის კარი ზედიზედ ორ მატჩში აიღო. 2025 წლის დეკემბერში მან “ვილიარეალთან” სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (2-0) ერთი გოლი გაიტანა, ხოლო 2026 წლის 28 თებერვალს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამართულ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა და “ბარსელონას” 4-1 გამარჯვებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა.
ეს იამალის პროფესიულ კარიერაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ჰეთ-თრიქია.
ახლა “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. წინა ტურში კატალონიელებმა “ატლეტიკო” სტუმრად 2-1 დაამარცხეს, იამალმა კი ფერმინ ლოპესს შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთა.




forum კომენტარები (0)