საქართველოს ნაკრებისა და “ვილიარეალის” თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ “ბარსელონას” მიმართ სიმპათიაზე ისაუბრა და კატალონიურ კლუბში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა DAZN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ბარსელონა” ბავშვობიდან მისი საყვარელი გუნდია და მის მატჩებს დღემდე ადევნებს თვალს.
“რა თქმა უნდა, “ბარსელონას” ინტერესის შესახებ მოსმენა სასიამოვნოა. ეს ბავშვობიდან ჩემი საყვარელი კლუბია და მის თამაშებს დღემდე ვუყურებ.
ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. უნდა გავაგრძელო შრომა, რათა, შესაძლოა, მომავალში ისეთ დიდ კლუბში გადასვლის შესაძლებლობა მომეცეს, როგორიც “ბარსელონაა”.”
მიქაუტაძის სახელი “ბარსელონას” გასული ზაფხულის სატრანსფერო პერიოდშიც უკავშირდებოდა. კატალონიური კლუბი ქართველ თავდამსხმელს ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილავდა, თუმცა ტრანსფერი არ განხორციელებულა.
აღსანიშნავია, რომ ნოემბრის დასაწყისში მიქაუტაძემ ფრანგულ L’Équipe-თან ინტერვიუშიც ისაუბრა საკუთარ ამბიციებზე და აღნიშნა, რომ კარიერის ახალ საფეხურზე გადასასვლელად მზად არის.
ქართველი შემტევი “ვილიარეალს” 2025 წლის სექტემბერში “ლიონიდან” შეუერთდა. მისი მოქმედი კონტრაქტი ესპანურ კლუბთან 2031 წლის ივნისამდეა გათვლილი.

მე ეხლა გიყურებ და რა ვქნა, ჯერ ვერ ხარ ბარსას დონე. სისწრაფე არ გაქვს, დააკვირდი რაფინიას როგორ დარბის.