ფერმინ ლოპესი “ბარსელონას” ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან ფეხბურთელად ყალიბდება. 23 წლის ნახევარმცველმა 8 ნოემბერს “ატლეტიკოსთან” ორი გოლი გაიტანა, გუნდს მადრიდში 2-1 მოაგებინა და ესპანეთის ჩემპიონატში ლიდერობა შეუნარჩუნა. ამასთან, მან კატალონიური კლუბის მაისურით 40-გოლიან ნიშნულს მიაღწია.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ჩავიერ მუნიოსი აღნიშნავს, რომ ფერმინმა არაერთხელ დაამტკიცა გადამწყვეტ მატჩებში პასუხისმგებლობის აღების უნარი. “ატლეტიკოსთან” შეხვედრა ამის კიდევ ერთი მაგალითი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მან დუბლი ლა ლიგაში თავისი მე-100 მატჩის დროს შეასრულა.
ფერმინმა მარადონასა და რომარიოს გადაასწრო
ფერმინ ლოპესს “ბარსელონას” პირველ გუნდში ჩატარებულ 151 ოფიციალურ მატჩში უკვე 40 გოლი აქვს. ამ მაჩვენებლით მან ორი ლეგენდარული ფეხბურთელი ჩამოიტოვა: დიეგო მარადონამ კატალონიურ კლუბში 58 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა, ხოლო რომარიომ 66 მატჩში – 39.
მართალია, ფერმინს ამ შედეგის მისაღწევად გაცილებით მეტი შეხვედრა დასჭირდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ის თავდამსხმელი არ არის და ბევრ მატჩში მოედანზე შეცვლაზე შედიოდა.
ახლა ფერმინი სხვა ცნობილი ფეხბურთელების მაჩვენებლებს უახლოვდება. ბოიან კრკიჩს 41 გოლი აქვს, ალან სიმონსენს – 42, იოჰან ნეესკენსსა და სესკ ფაბრეგასს – 43-43, ლუიშ ფიგუს – 45, დავიდ ვილიას – 48, ხოლო გარი ლინეკერს – 52. აღსანიშნავია, რომ ნეესკენსმა 43 გოლი 183 მატჩში გაიტანა, ფაბრეგასმა კი იმავე რაოდენობის გოლი 153 შეხვედრაში მოაგროვა.
დიდი მატჩების ფეხბურთელი
ფერმინს მნიშვნელოვანი შეხვედრების გადაწყვეტის გამოცდილება დაუგროვდა. 2023 წლის ზაფხულში მან “რეალ მადრიდთან” ამხანაგურ მატჩში ტიბო კურტუას შთამბეჭდავი გოლი გაუტანა. 2025 წლის მაისში კი “ესპანიოლთან” მატჩში მეორე გოლი შეაგდო და “ბარსელონას” ჩემპიონობა საბოლოოდ გაუნაღდა.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადა. ესპანეთის ნაკრებმა ფინალში საფრანგეთი დაამარცხა, ფერმინმა კი ორი გოლი გაიტანა და მაიკლ ოლისეს, დეზირე დუესა და მაგნეს აკლიუშის გუნდს ოქროს მედლების მოპოვების შესაძლებლობა წაართვა.
“ატლეტიკოსთან” გამარჯვების შემდეგ ფერმინმა გუნდის ამბიციებზეც ისაუბრა:
“ძალიან გვინდოდა გამარჯვება.”
“სანაკრებო პაუზას ლიდერის სტატუსით უნდა შევხვედროდით.”
“ჩვენი ძალა დავამტკიცეთ.”
“ყველა ტურნირზე ვიბრძოლებთ.”
ფერმინის მთავარი უპირატესობა მხოლოდ გოლები და საგოლე გადაცემები არ არის. ის მოედნის დიდ ნაწილს ფარავს, აქტიურად მონაწილეობს დაცვით მოქმედებებში და შეტევაშიც გადამწყვეტ როლს ასრულებს. სწორედ ამ მრავალმხრივობისა და მზარდი შედეგიანობის გამო მიიჩნევს Mundo Deportivo, რომ ფერმინ ლოპესი უკვე ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ ნახევარმცველად უნდა განიხილებოდეს.




forum კომენტარები (0)