ჟოან გამპერის თასი “ბარსელონას” ოჯახისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მომენტია, რათა შეიკრიბონ, იზეიმონ, მიესალმონ ახალ სახეებს და მოუსმინონ გასახდელის ლიდერებს. მათ შორის ყველაზე დიდი ავტორიტეტით მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი და პირველი კაპიტანი რაფინია სარგებლობენ. როგორც თავად ფლიკმა განმარტა, ფრენკი დე იონგის ტრავმის გამო, შემადგენლობის საბოლოო დაკომპლექტებამდე და შიდა არჩევნების ჩატარებამდე, ბრაზილიელი კაპიტნის ფუნქციებს პედრისა და ერიკ გარსიასთან ერთად ასრულებს.
ფლიკის გულწრფელი მადლობა… კატალონიურად!
როგორც მწვრთნელმა, ისე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გულშემატკივრების მიმართ გულწრფელი სიტყვები არ დაიშურეს. ფლიკმა კატალონიურად საუბარიც კი სცადა და გამოსვლა ასე დაიწყო: “აქ ყოფნა დიდი სიამოვნებაა და დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის”, ხოლო დასასრულს თქვა: “ერთად უფრო ძლიერები ვართ. Visca el Barça i Visca Catalunya”. ამ ორ ფრაზას შორის მან ახალწვეულებზე ისაუბრა:
“მივესალმები ახალწვეულებს, რომლებიც დიდებული გუნდის შექმნაში დამეხმარნენ. მადლობა დეკუს, პრეზიდენტს და ყველა პასუხისმგებელ პირს. ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ყველა ტიტულისთვის და ამისთვის თითოეული თქვენგანი გვჭირდება.”
თუმცა, ფლიკის გამოსვლის ყველაზე ემოციური მომენტი მაშინ დადგა, როდესაც მან კულეებს გასული წლის მაისში მამის გარდაცვალების შემდეგ მიღებული უდიდესი სითბოსთვის მადლობა გადაუხადა:
“როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა, მთელი ‘ბარსელონას’ ოჯახისგან უდიდესი მხარდაჭერა და სიყვარული ვიგრძენი. თქვენ ჩემსა და ჩემი ოჯახის გვერდით იყავით და ეს წარმოუდგენელი იყო.”
ამის შემდეგ ის კვლავ კატალონიურ ენას დაუბრუნდა და მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა: “მთელი გულით, დიდი მადლობა.”
რაფინიას სიტყვები
რაფინიამ პირველ რიგში ის ფეხბურთელი გაიხსენა, რომელმაც ღონისძიებაზე დასწრება ვერ მოახერხა:
“მინდა რუნის სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო. ის თავის კარიერაში რთულ პერიოდს გადის და თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. ის ფანტასტიკური ბიჭია და რაც არ უნდა დასჭირდეს, ჩვენ მის გვერდით ვიქნებით. ის ჩვენიანია.”
მან ასევე მიულოცა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება და მიესალმა ახალ თანაგუნდელებს:
“ამ მაისურისა და გერბის ტარება უდიდესი პასუხისმგებლობაა. მაგრამ ეს არის ყველაზე ლამაზი რამ, რაც კი ოდესმე გამომიცდია და დარწმუნებული ვარ, მათთვისაც ასე იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.”
ბოლოს, კაპიტანმა საზოგადოებას ოპტიმისტური გზავნილი გაუზიარა:
“ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას, როგორც გუნდი და ვაგრძელებთ ბრძოლას, როგორც გუნდი. ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს გაიღებენ, რათა ამ სეზონში სიხარული მოგანიჭონ. ერთად ჩვენ გაცილებით ძლიერები ვართ და ერთად შეგვიძლია ვიბრძოლოთ ყველაფრისთვის. Visca el Barça i Visca Catalunya.”
forum კომენტარები (0)