ადეიემი: იამალთან კონკურენციის არ მეშინია

ადეიემი: იამალთან კონკურენციის არ მეშინია

bolt მოკლედ
კარიმ ადეიემიმ Mundo Deportivo-სთან "ბარსელონაში" ტრანსფერზე, ჰანსი ფლიკის როლზე, საკუთარ მიზნებსა და მოლოდინებზე ისაუბრა. გერმანელმა შემტევმა ხაზი გაუსვა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად ლამინ იამალთან კონკურენციის არ ეშინია.

კარიმ ადეიემიმ Mundo Deportivo-ს “ბარსელონას” ინგლისური შეკრებისას (“სენტ ჯორჯს პარკზე”) ესაუბრა. ის გუნდთან ადაპტაციას გადის, ამბიციურია და საკუთარ, ისევე როგორც გუნდის შესაძლებლობებში, დარწმუნებულია. ის ნათლად აცხადებს, რომ “ბარსელონაში” გადმოსვლაზე წამითაც არ დაფიქრებულა.

– როგორ დაგარწმუნათ ფლიკმა “ბარსელონაში” გადმოსვლაზე?

– დარწმუნება არასწორი სიტყვაა. უბრალოდ დამირეკა და მკითხა, მინდოდა თუ არა წამოსვლა. ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა, რადგან ეს მსოფლიოს უდიდესი კლუბია და ასეთი შესაძლებლობები მხოლოდ ერთხელ ჩნდება. მას ჩემი დარწმუნება არ დასჭირვებია. მას დიდი ხანია ვენდობი და მის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს.

– თქვენი აზრით, რას ელის ფლიკი თქვენგან?

– იმედი მაქვს, ჩემში ხედავს იმას, რისი მოტანაც გუნდისთვის მოედანზე შემიძლია. ის ძალიან კარგად მიცნობს ნაკრებიდან და ძალიან ახლოს ვართ.

– წარსულში თუ ყოფილა “ბარსელონაში” გადმოსვლის ვარიანტი?

– მცირე კონტაქტები იყო, მაგრამ კონკრეტული არაფერი.

– თქვენ 2025 წელს ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” დაუპირისპირდით. რას გრძნობს ფეხბურთელი, როცა ამ გუნდის წინააღმდეგ თამაშობს?

– უფ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია, რომლის თამაშიც შეგიძლია. უპირისპირდები დიდ გუნდს, დიდ კლუბს და როცა საუკეთესოების წინააღმდეგ თამაშობ, ყოველთვის მოტივირებული ხარ. ის ორი მატჩი ნამდვილად რთული იყო, მაგრამ ჩვენ ვისიამოვნეთ.

– საპასუხო მატჩში ქამბექთან ახლოს იყავით.

– თითქმის, დიახ. ცოტა მეტი გამართლება რომ გვქონოდა, შეიძლებოდა მოგვეგო.

– თქვენ არასდროს გითამაშიათ “სპოტიფაი კამპ ნოუზე”. რას ელით ამ გამოცდილებისგან?

– ვფიქრობ, საოცარი იქნება. მგონი, ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის, მაგრამ, მეგობარო, ეს უდიდესი ისტორიის მქონე სტადიონია და სასიამოვნო იქნება მისი ნაწილი გავხდე.

– ვვარაუდობ, რომ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების სურვილი გაქვთ. “ბარსელონაში” თამაში დაგეხმარებათ ამის მიღწევაში?

– ვფიქრობ, კი, მაგრამ საბოლოოდ ეს მოედანზე უნდა დავამტკიცო. მხოლოდ მე შემიძლია გადავწყვიტო, დავბრუნდები თუ არა ნაკრებში. დარწმუნებული ვარ, თუ კარგად ვითამაშებ, იქ ვიქნები.

– გაქვთ რაიმე განსაკუთრებული მოგონება “ბარსელონას” რომელიმე მატჩზე, რომელიც ცხოვრებაში გინახავთ?

– დიახ, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ისტორიული მატჩი “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ იყო. ვფიქრობ, ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გიჟური მატჩია. რამდენიმეა, მაგრამ მე ამას გამოვარჩევ.

– როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს, როგორც ფეხბურთელს?

– რა თქმა უნდა, მაქვს სისწრაფე, მაგრამ თამაშისთვის სხვა რამეების შეთავაზებაც შემიძლია: სისწრაფე, ერთ-ერთზე თამაში, შემიძლია ფლანგზე თამაში, ცენტრალურ თავდამსხმელად… ვფიქრობ, მრავალმხრივი ვარ და მგონია, რომ ესაა, რაც სხვებისგან გამომარჩევს.

– გახსოვთ, როგორ დაიწყეთ ფეხბურთის თამაში?

– დიახ, მიუნხენში, პატარა კლუბში ვთამაშობდი. თავიდანვე ჩემზე უფროს ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. ქუჩაშიც რომ ვთამაშობდი, იქაც ჩემზე უფროსებთან ვიყავი.

– ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ერთ გუნდში გითამაშიათ?

– ვფიქრობ, მარკო როისი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თომას მიულერიც.

– და საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც დაპირისპირებიხართ?

– იმ მატჩში საუკეთესო არ ყოფილა, მაგრამ ერთხელ კრიშტიანუს წინააღმდეგ ვითამაშე და ის ერთ-ერთი საუკეთესოა.

– თქვენთვის საუკეთესო მესი არის?

– რა თქმა უნდა.

– ვინ არის თქვენი საუკეთესო მეგობარი ფეხბურთში?

– რთული სათქმელია, მაგრამ ვიტყოდი, რომ მარკო როისი. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.

– რას ელით ამ სეზონისგან?

– მაქვს შეგრძნება, რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება, იმედი მაქვს – ბევრი ტიტულით. დიდი ამბები გველის. გვინდა, ყველაფერს მივაღწიოთ და ეს შეგვიძლია. სწორედ ამისთვის ვვარჯიშობთ და ყოველდღე ყველაფერს ვდებთ.

– თქვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი იყავით, ფიქრობთ, რომ “ბარსელონასთან” ერთად რევანშის აღებას შეძლებთ?

– რა თქმა უნდა, ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ამასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით და ეს ჩემი ოცნებაა. ამისთვის ყოველდღიურად ვმუშაობ.

– მსოფლიო ჩემპიონატზე ნამყოფ ფეხბურთელებთან, რომლებიც აქ რამდენიმე დღეში იქნებიან, ჯერ არ გივარჯიშიათ. თუმცა, რა შთაბეჭდილებას ტოვებენ “ლა მასიას” ახალგაზრდა ბიჭები?

– ბურთით ყველა ძალიან კარგია და კარგად სავარჯიშოდ ბევრს იბრძვიან. ეს მომწონს. ბევრი კარგი მოთამაშეა და მათზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია.

– გეშინიათ ლამინ იამალთან ადგილისთვის კონკურენციის?

– არა. არცერთი ფეხბურთელის არ მეშინია. ვიცი, რომ თუ ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, თამაშის შანსი მომეცემა.

– რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

– “ბარსელონაში” ყოფნისას, იმედი მაქვს სანაპიროზე წავალ და მზით ბოლოს და ბოლოს დავტკბები. გერმანიაში ბევრი მზე არ გვაქვს და ვიმედოვნებ, ჩემს ოჯახთან ერთად ამით ვისიამოვნებ.

– სახლში ყოფნისას ფეხბურთის ბევრ მატჩს უყურებთ ხოლმე?

– არა. სიმართლე გითხრათ, არასდროს ვყოფილვარ ისეთი ტიპი, ვინც ყველა მოთამაშესა და სახელზე ყველაფერი იცოდა. არის ხალხი, ვინც ამის გამო სულელს მეძახის, მაგრამ როცა სახლში ვარ, უბრალოდ ფეხბურთისგან განსხვავებული რაღაცების კეთება მინდა.

– იცით რამე კატალონიაზე?

– არა, აქამდე არასდროს ვყოფილვარ.

– სად არის თქვენი იდეალური ადგილი დასვენებისთვის და ყველაფრისგან მოსაწყვეტად?

– ჩემი ოცნებაა იაპონიაში წასვლა, ასევე კუნძულებსა და დიდ ქალაქებში. რომელიმე პატარა კუნძულზე, სადაც მარტო ყოფნას შეძლებ.

– თქვენი მეუღლე მუსიკოსია. აპირებთ თუ არა მის მუსიკას გასახდელში ადგილი დაუმკვიდროთ?

– არა. ეს არც “დორტმუნდში” გამიკეთებია და ვფიქრობ, არც აქ გავაკეთებ. ჩემი მეუღლის მუსიკა ძალიან კარგია, მაგრამ აქ ამას ვერ გაიგებენ, ამიტომ ჩემი ყურსასმენებით მოვუსმენ.

– ეს თქვენი საყვარელი მუსიკაა?

– დიახ. ახალგაზრდობიდან მოყოლებული, როცა პირველად მოვუსმინე. ჩემი მეუღლე გერმანიის საუკეთესო რეპერია.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 30 ივლ 2026, 15:19

    იმედია დააფრთხობს ლამინს, რო ცოტა გამოაღვიძოს თავში არ აუვარდეს იმ ბავშვს.

  • SHOTEX_ERADZE1992
    SHOTEX_ERADZE1992 ახალბედა
    schedule 30 ივლ 2026, 14:10

    კარიმ ლამინის სკამზე დასმა ადვილი არ გეგონოს