პედრი: ვოცნებობ, რომ ინიესტას მსგავსი გოლი გავიტანო

პედრი: ვოცნებობ, რომ ინიესტას მსგავსი გოლი გავიტანო

პედრისთვის დღე AS-თან შეხვედრით იწყება. მაგიდაზე ფლიკის, ვიტინიასა და მესის თემებია. თუმცა მის თავში სხვა რამ ტრიალებს. ახლა ცხადში ოცნების დღეებია.

ფონად ლეგენდარული, თითქმის 100-წლიანი ისტორიის მქონე სტადიონი, “კოტონ ბოული” მოჩანს, რომელმაც 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთი-სამხრეთ კორეის მატჩს უმასპინძლა – მაშინ, როცა პედრი ჯერ იდეაშიც არ არსებობდა. პედრო გონსალესი, პედრი, ესპანური ფეხბურთის ჯადოქარი, პორტუგალიასთან მერვედფინალურ მატჩამდე ორი დღით ადრე AS-ს იმ ღიმილით ესაუბრა, რომელიც რაღაც დიდებულის მოახლოებას გამცნობს. წარმოგიდგენთ პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველს.

– თქვენი პროგნოზი, რომ კაბო-ვერდე მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენა გახდებოდა, ვირუსულად გავრცელდა. გვინდა გკითხოთ იმაზე, რას ნიშნავს ეს. ეს იმის ანარეკლია, რომ მუნდიალი თანაბარია და სიურპრიზებისთვის ღიაა…

– დიახ, ძალიან რთული და დაძაბული მსოფლიო ჩემპიონატია. ბევრი ნაკრები, რომელიც ფავორიტია, მატჩს აგებს, თუმცა მერე შეიძლება შემოატრიალოს ან ვერა… ეს მაღალი დონის მუნდიალია და ეს იგრძნობა. კაბო-ვერდეს უნდა მივულოცო, მათ სანახაობრივი ტურნირი ჩაატარეს. ძირითად 90 წუთში არცერთი მატჩი არ წაუგიათ.

– გვითხარით, რა არის თქვენი პირველი მოგონება მსოფლიო ჩემპიონატზე და რომელმა ფეხბურთელმა მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება პირველად?

– ყველაზე კარგად ის მუნდიალი მახსოვს, რომელიც მოვიგეთ. მაშინ 8 წლის ვიყავი და ზოგიერთი მატჩი მახსოვს, განსაკუთრებით – ფინალი. ეს ყველას ახსოვს, რა თქმა უნდა. ფეხბურთელებიდან ინიესტას გამოვარჩევდი. ბავშვობიდან მას ვაკვირდებოდი და თანაც, მან ის გოლი გვაჩუქა, რომელმაც ყველა გაგვაბედნიერა. ჩემი არჩევანი მასზე ჩერდება.

– ლუის ენრიკეს არ უყვარს მოთამაშეების ინდივიდუალურად გამორჩევა, მაგრამ თქვენზე გამონაკლისი დაუშვა: “ის ანდრესს მახსენებს”. ხედავთ საკუთარ თავს ასეთი გოლის გამტანად?

– (იღიმის) ეს დამსიზმრებია, ბევრჯერ დამსიზმრებია. ნაკრებში ნებისმიერ ფეხბურთელს უოცნებია ამ გოლის გატანაზე. მაგრამ ჰიპოთეტურ ფინალამდე ჯერ კიდევ შორია, ფეხზე მყარად უნდა ვიდგეთ. შემდეგი ეტაპი რთული იქნება და სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ.

– თქვენ კარგად იცით, რას ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფი. რა გასწავლათ კატარის გამოცდილებამ გუნდურ და პირად დონეზე?

– პირველ რიგში, პატარა დეტალებმა. მატჩში ბევრი ასეთი დეტალია და სწორედ ისინი ქმნიან სხვაობას. ერთმა უბრალო შეცდომამ შეიძლება სახლში გაგიშვას, მუნდიალი ასეთია. 90 წუთის განმავლობაში კონცენტრირებული უნდა იყო, რადგან ნებისმიერ მომენტში თამაში შეიძლება შეიცვალოს და ან სახლში წახვიდე, ან შემდეგ ეტაპზე გახვიდე.

– Transfermarkt-ის თანახმად, ამ ორი გუნდის შემადგენლობების ჯამური ღირებულება 2 მილიარდ ევროს აჭარბებს. ხომ არ არის ეს მატჩი ზედმეტად მასშტაბური მერვედფინალისთვის?

– სიმართლეა, რომ დიდი ნაკრებები ვართ და მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე გვაქვს პრეტენზია. ფავორიტებს შორის ვართ. ორი დიდი ძალა უპირისპირდება ერთმანეთს და ვფიქრობ, რთული იქნება. რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე გასვლა აუცილებლად გვსურს, ასე რომ, ლამაზი და ძალიან დაძაბული მატჩი გველის.

– სხვათა შორის, თქვენ მიუნხენში ერთა ლიგის ფინალში დამარცხდით. უკვე გადახედეთ იმ მატჩს?

– ჯერ არა, მაგრამ ახლა გავაანალიზებთ მწვრთნელთან და მის ასისტენტებთან ერთად. ვნახავთ, რა არის გამოსასწორებელი, რა გავაუმჯობესეთ და რა უნდა გავაუმჯობესოთ… ყოველთვის არის რაღაც გასაუმჯობესებელი. არ გვავიწყდება, რომ ის ფინალი წავაგეთ. გვინდა, რომ ეს ეკალი მსოფლიო ჩემპიონატზე ამოვიღოთ.

– ალბათ, ბევრს ისაუბრებენ პედრი-ვიტინიას დაპირისპირებაზე (ფეხბურთელს ეღიმება). თქვენ ერთმანეთს ბევრჯერ შეხვედრიხართ, მათ შორის წელს ჩემპიონთა ლიგაზეც. როგორ აფასებთ მას?

– ვიტინია ტოპ კლასის მოთამაშეა, განსაკუთრებით ბურთის კონტროლში და იმაში, თუ როგორ მართავს მატჩის ტემპს. როცა მას დავუპირისპირდი, გამაოცა, რამდენს დარბის, არასდროს ჩერდება… ის ყოველთვის აძლევს პასს თავისუფალ თანაგუნდელს. როგორც ვთქვი, უმაღლესი დონისაა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.

– ვიტინია დარბის, მაგრამ პედრიც. ზოგიერთ მატჩში თქვენ 14 კილომეტრზე მეტს ფარავთ.

– (იღიმის) დიახ, ყოველთვის. არის ერთი ფრაზა, რომელიც მამაჩემმა მითხრა: “თუ საქმე კარგად არ მიგდის, თუ ფორმაში არ ხარ, ირბინე მაინც და გუნდისთვის იმუშავე”. ამას ყოველთვის ვითვალისწინებ. მიყვარს გუნდისთვის მუშაობა, ბურთების ჩაჭრა… რომც ვერ ჩავჭრა, ჩემი მცდელობა გუნდს უკვე ძალიან ეხმარება. და ამ ნაკრებს ეტყობა, რომ სხვებისთვის დავრბივართ და არა საკუთარი თავისთვის.

– საქმე ისაა, რომ თუმცა თქვენ კრეატიულ ნახევარმცველად გთვლიან და ბოლო მესამედში ყველაზე მეტ პასს აკეთებთ, თქვენ ასევე ხართ ის მოთამაშე, ვინც ამ ზონაში ყველაზე მეტი ბურთი ჩაჭრა… უფრო უნივერსალურ ფეხბურთელად მიიჩნევთ თავს, თუ უბრალოდ ჯადოქრად, რომელიც ხანდახან ჯადოსნურ ჯოხს იქნევს?

– ვცდილობ, ცოტ-ცოტა ყველაფერი ვაკეთო, თამაშის ყველა ასპექტი დავფარო. ყურადღება მივაქციო იმას, რაც გუნდს სჭირდება და მხოლოდ შეტევების შექმნაზე არ ვიყო ორიენტირებული. ამისთვის ლამინი გვყავს, რომელიც არაფრისგან ქმნის მომენტებს (იღიმის). თუ კარგ პასს ვხედავ, ვცდილობ გავაკეთო, მაგრამ უფრო გუნდის დახმარებაზე ვარ კონცენტრირებული, ვიდრე უბრალოდ ლამაზი ეპიზოდის შექმნაზე.

– როცა 2021 წელს “Golden Boy” მოიგეთ, დიდი აღნიშვნა არ გინდოდათ, რადგან ყურადღების ცენტრში ყოფნა არ გიყვართ და ყოველთვის გუნდზე ხართ ორიენტირებული. მაგრამ ადრე ოცნებებზე საუბრობდით, ინიესტას გოლზე. ოქროს ბურთიც თქვენი ოცნებების ნაწილია?

– ოქროს ბურთის მოგებაზე ყველა ოცნებობს, ვინც ამ სპორტშია. ეს ინდივიდუალური ჯილდოა და მე გუნდური ტიტულები უფრო მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, ნაკრებში ნებისმიერ მოთამაშეს რომ ჰკითხოთ, ყველას ენდომება ოქროს ბურთის მოგება. თუმცა ერთი უკვე გვყავს (იცინის)…

– უკვე ერთი თვეა, შეერთებულ შტატებში ხართ. ამ ქვეყანამ თქვენს კარიერაში გარდამტეხი როლი ითამაშა. ბალტიმორის უნივერსიტეტში თქვენი კუნთოვანი ბოჭკოები შეისწავლეს და, ვთქვათ, იმ მომენტიდან ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა. გასულ წელს დაფრინავდით და ახლაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარეთ. მიიჩნევთ ამას თქვენს კარიერაში გარდამტეხ მომენტად?

– ნუ, დიახ. ზოგი ამბობს, რომ ეს ამის დამსახურებაა. მე, გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი და არც არასდროს მეცოდინება, რატომ ჩნდებოდა ეს ტრავმები. ამას ვერასდროს გავიგებთ. მართალია, რაღაცების შეცვლა დავიწყეთ, ვცდილობდით გვენახა, იყო თუ არა რამე პრობლემა. ყოველთვის ცდილობ რაღაც შეცვალო, სანამ არ იპოვი იმას, რაც ფიზიკურად გეხმარება და ასეც მოხდა. ახლა კარგად ვარ, ბედნიერი ვარ ჩემი ფიზიკური მონაცემებით. იმედია, ეს კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება.

– მას შემდეგ, რაც “ბარსელონაში” ერთმანეთს შეხვდით, ფლიკმაც ბევრი რამ შეცვალა. მან თქვენგან ლიდერობა მოითხოვა, რაც თქვენ თავადვე აღიარეთ და ბუნებრივად მიიღეთ. არის რამე ისეთი, რაც ფლიკმა გთხოვათ და სხვა მწვრთნელებს არ უთხოვიათ?

– პირველ რიგში, მან თამაშის საწყის ფაზაში დამაყენა, რათა ბურთთან კონტაქტი მქონოდა. მართალია, მაგალითად, ლუის ენრიკეც მთხოვდა ხოლმე, რომ უკან ჩამოვსულიყავი, ბურთს შევხებოდი და იქ თავი კომფორტულად მეგრძნო. მაგრამ ფლიკმა მოედანზე პოზიცია შემიცვალა და რაც მთავარია, გამარჯვების, კონკურენციის მენტალიტეტი გადმოგვცა. ეს ნამდვილად მან შეცვალა და გუნდის აზროვნება გარდაქმნა. ამისთვის მას მადლობა უნდა ვუთხრათ, მან “ბარსელონას” მენტალიტეტი შეცვალა.

– გოლის აღნიშვნებზეც დაგისვამთ ორ კითხვას. თქვენ ცნობილი Bicing-ის (ველოსიპედების) ჯგუფის წევრი ხართ. ოლმომ გვითხრა, რომ მეხუთე ავენიუზე ისევე წარმოუდგენია თავი, როგორც დიაგონალზე (გამზირი ბარსელონაში). თქვენც წარმოგიდგენიათ? და საერთოდ, მოგწონთ ხალხთან სიახლოვე?

– კი, წარმომიდგენია. თუ ველოსიპედით გასვლა მოგვიწევს, ნეტავ ეგრე იყოს. ეგ იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ. არ ვიცი, დაცვა მოგვცემს თუ არა ამის უფლებას, მაგრამ შეგვიძლია ამის გაკეთება (იცინის).

– კიდევ ერთი ცნობილი აღნიშვნა არის “პენალტი”, რომელსაც მამათქვენს ურტყამთ ხოლმე. რას ნიშნავს ეს და რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ოჯახს? როგორც ვიცით, ისინი თქვენზე ადრეც კი ჩამოვიდნენ აქ და ატლანტაში დაბინავდნენ…

– დიახ, თითქმის ჩემზე ადრე. და ალბათ ჩემზე გვიან წავლენ, ან უკიდურეს შემთხვევაში, იმავე დღეს. ისინი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანნი არიან, ვცდილობ, სადაც შემიძლია, ყველგან წავიყვანო. მამაჩემი დიდი ხნის წინ მეკარე იყო. ერთხელ, როცა ტიტული მოვიგეთ, მას “პენალტი” დავურტყი და ეს ტრადიციად იქცა. იმედია, კიდევ ბევრს დავურტყამ. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ბევრ ტიტულს მოვიგებთ.

– აქ ოიარსაბალიც იყო, რომელმაც თქვა, რომ ამ ნაკრების უნდა გვჯეროდეს. დანი ოლმომაც დაგვარწმუნა, რომ მეორე ვარსკვლავის მიკერების დრო მოვიდა. რა მესიჯს გაუგზავნიდით გულშემატკივრებს და როგორ დაასათაურებდით ამ ყველაფერს?

– პირველ რიგში მინდა, რომ გულშემატკივრებს ჩვენი სჯეროდეთ. ყოველი ეტაპის გავლის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით. ის თავდაჯერებულობა, რაც გუნდში გვაქვს, წარმოუდგენელია.

– თქვენი დიდი აფეთქება მესისთან ერთად მოხდა. ადევნებთ თვალს მის თამაშს მუნდიალზე? ამ ინტერვიუში ოცნებებზე საუბრისას, ისურვებდით მასთან ფინალში თამაშს?

– ეს ოცნება ტოპ დონის იქნებოდა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვართ. ეს კარგი ნიშანი იქნებოდა. მისი თამაშით ვტკბები. მე უკვე ვისიამოვნე ამით, როცა მასთან ერთად ყოველდღიურად ვვარჯიშობდი. ის, რასაც აკეთებს, სიგიჟეა. იმ ასაკში, რასაც ის აკეთებს, მხოლოდ მისი კლასის მქონე ფეხბურთელს შეუძლია. ჩემთვის ის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი