ბევრ თქვენთაგანს უნახავს ანდრეს ინიესტას მიერ “ჩელსის” კარში გატანილი გოლი კატალონიელი კომენტატორების გახმოვანებით. თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდა ერთ-ერთ კომენტატორის ხმა, რომელიც მთელს ხმაზე გაჰყვიროდა – “კაიზერსლაუტერნ, კაიზერსლაუტერნ…”
ეს მოხდა 1991 წლის 6 ნოემბერს, ზუსტად 22 წლის წინ. “ბარსელონას”, ჩემპიონთა თასის მე-2 ეტაპის პირველ მატჩში, საკუთარ კედლებში, “კაიზერნსლაუტერნი”, ჩიკი ბეგირისტაინის დუბლის წყალობით, 2:0 ჰყავდა დამარცხებული. ასეთი კომფორტული მოგების შემდეგ, ვერავინ იფიქრებდა, თუ იოჰან კრუიფის ლეგენდარულ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლა გაუჭირდებოდა.
კაიზერსლაუტერნში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი გერმანელებმა დემირ ჰოტიჩის გოლით მოიგეს. 49-ე წუთზე, იუგოსლავიელმა თავდამსხმელმა დუბლი გაიფორმა, ხოლო ძირითადი დროის ამოწურვამდე 14 წუთით ადრე, ბიარნე გობლაეკმაც გაიტანა და “ბარსა” 0:3 აგებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კატალონიელები გათამაშებას ეთიშებოდნენ.
მიმდინარეობდა შეხვედრის ბოლო წუთი, როდესაც კუმანმა საჯარიმოში ჩააწოდა და 2 მეტოქესთან მებრძოლმა ხოსე მარი ბაკერომ, თავური დარტყმით, ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში გაგზავნა. გოლი ლამაზი და რაც მთავარია ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. ამ გოლის წყალობით “ბარსა” ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, რომლის დაძლევი შემდეგაც, კატალონიელებმა ფინალი ითამაშეს და ჩემპიონთა თასი ისტორიაში პირველად მოიგეს.
1991 წლის ნოემბერში, სათადარიგთა სკამიდან მოედანზე შეჭრილი ახალგაზრდა პეპ გუარდიოლა გოლს თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნავდა. 2009 წელს, “ბარსელონას” ლეგენდა გუნდის მიერ ბოლო წამებზე მიღწეულ წარმატებას უკვე მწვრთნელის რანგში აღნიშნავდა და გუნდს მორიგი ჩემპიონთა თასისკენ მიუძღვებოდა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=To44cZy7Z4Q]