workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”-“ვალიადოლიდი” – მატჩის წინ

“ბარსელონა”-“ვალიადოლიდი” – მატჩის წინ

პრიმერა დივიზიონის ლიდერი მე-8 ტურის მატჩს დღეს გვიან ღამით გამართავს. მისი მეტოქე “ვალიადოლიდი” იქნება, რომელსაც ამ სეზონიდან ახალი მთავარი მწვრთნელი, “ლევანტეს” ყოფილი დამრიგებელი, ხუან იგნასიო მარტინესი ჰყავს. “ბარსელონასაც” შეეცვალა მთავარი მწვრთნელი. “ნიულესიდან” ხერარდო “ტატა” მარტინო მოვიდა, რომელიც კარგად უძღვება გუნდს. შეხვედრას, რომელიც თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება, “კამპ ნოუ” უმასპინძლებს (ტევადობა 99 786) და ალბათ, როგორც ყოველთვის, ახლაც გაივსება სტადიონი. მატჩს ხესუს ჟილი განსჯის, რომელიც დიდი გამოცდილებით არ გამოირჩევა. მას არცერთი სანაკრებო თამაში არ უმსაჯია და ევროტურნირებზე მხოლოდ ევროპა ლიგის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა განსაჯა.

“ბარსელონა” დღევანდელ მატჩს ამაღლებულ ხასიათზე ხვდება. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის II ტურში, სტუმრად “სელტიკი” 0:1 დაამარცხა და აქტივში მეორე მოგება ჩაიწერა. კატალონიელები პრიმერა დივიზიონში ბრწყინვალედ გამოიყურებიან. 7 მატჩიდან შვიდივე თავის სასარგებლოდ დაასრულეს და ჩემპიონატს ლიდერობენ, თუმცა, მეორე პოზიციაზე მყოფ მადრიდის “ატლეტიკოს” მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებენ, ამიტომ მათ დასაკარგი ქულები არ აქვთ. ბოლო ტურში, გასვლაზე, “ალმერია” 0:2 დაამარცხეს, თუმცა ამ მატჩში ტრავმა მიიღო ლეო მესიმ, რომელიც 2-3 კვირით გამოაკლდა გუნდს, რაც უდავოდ დიდი დანაკლისია. იგი პრიმერა დივიზიონის ბომბარდირთა დავას დიეგო კოშტასთან (“ატლეტიკო”) ერთად . ორივე მათგანის ანგარიშზე 8 გოლია, ხოლო რონალდუმ 6-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

“ვალიადოლიდი” ამ დაპირისპირებას მაინც და მაინც კარგ ხასიათზე ვერ ხვდება. გუნდი ზედიზედ 4 მატჩია ვერ ახერხებს გამარჯვების მოპოვებას და ძნელი წარმოსადგენია ამის მიღწევა “ბარსელონასთან” შეძლოს. თუმცა, ამ 4 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგეს და ისიც მადრიდის “ატლეტიკოსთან”, რომელიც ამ სეზონში პრიმერაში ყველას ამარცხებს, გამონაკლისი არც მადრიდის “რეალი” ყოფილა. ფრეები ითამაშეს გასვლაზე “ელჩესთან” (0:0) და “ლევანტესთან” (1:1), ხოლო შინ “მალაგასთან” (2:2). საბოლოოდ სტუმრებს 7 ტურის შემდეგ 1 მოგება, 3 ფრე და 3 მარცხი აქვთ, შესაბამისად 6 ქულა და მე-16 ადგილი, ბურთების შეფარდება 6:9-ზე. გუნდის საუკეთესო ბომბარდირია 30 წლის ესპანელი ფორვარდი ჩავი გუერა, რომლის ანგარიშზეც 3 გოლია.

როგორც უკვე გიამბეთ, მასპინძლებს დღევანდელ შეხვედრაში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი – ლეო მესი (6 თამაში 8 გოლი; სეზონის საშუალო რეიტინგი – 9.21) ვერ დაეხმარება. მასპინძლებს დაცვაშიც აქვთ პრობლემები. არ იქნებიან ძირითადი შემადგენლობის ცენტრალური მცველი ხავიერ მაშერანო (6/0; სეზონის საშუალო რეიტინგი – 7.4) და როტაციის მარცხენა მცველი ჟორდი ალბა (3/0; სეზონის საშუალო რეიტინგი – 6.91). კვლავ არ იქნება კარლეს პუიოლი, რომელსაც გრძელვადიანი ტრავმა აწუხებს. სავარაუდოდ მათ ბარტრა და ადრიანო შეცვლიან. ხოლო აფელაისა და კუენკას დანაკლისს დიდს ვერ ვუწოდებთ, რადგან ისინი ნამდვილად არ ითვლებიან ძირითადი თერთმეტეულის მოთამაშეებად; მეტიც, შეცვლაზეც იშვიათად თამაშობენ. “ბარსასთვის” ნამდვილად არ არის “ვალიადოლიდი” რთული მეტოქე , ზედიზედ 7 მატჩში, კამპ ნოუზე კი 4 მატჩში საკმაოდ ადვილად ამარცხებენ . მოახლოვებული თამაშის წინ კომენტარი გააკეთა მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ: “ჩემთვის ყველა თამაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა. ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, გლაზგოში კარგად დავრწმუნდით, რომ ნებისმიერ მეტოქეს შეუძლია ქულები დააკარგვინოს სხვას. მატჩიდან მატჩამდე გუნდი ვითარდება, წლის პირველ მატჩთან შედარებით პროგრესი აშკარად იგრძნობა.”

“ვალიადოლიდი” ამ მატჩს დანაკლისით ხვდება, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. გუნდს ვერ დაეხმარებიან: 27 წლის ესპანელი ნახევარმცველი ლუის სასტრე (6/0; სეზონის საშუალო რეიტინგი 6.45). მას 6-ვე მატჩში მონაწილეობა აქვს მიღებული. გამოცდილი ნახევარმცელი ალვარო რუბიო (4/0; სეზონის საშუალო რეიტინგი 6.78), რომელიც, სანამ ტრამვას მიიიღებდა, შეუცვლელად თამაშობდა და 30 წლის, ძირითადი შემდაგნელობის გამთამაშებელი, ოსკარი (4/0). აგრეთვე არ იქნებიან დ. ლარსონი და ვიქტორ პერესი, თუმცა მათ ამ სეზონში ჯერ არ უთამაშიათ, ამიტომ კლუბი შეჩვეულია ამ ფეხბურთელების დაუხმარებლად ასპარეზობას. მოახლოებული მატჩის წინ კომენტარი გააკეთა 29 წლის სერბმა მცველმა რუკავინამ: “ბარსელონას მესი არ ეყოლება და ეს ზრდის ჩვენს შანსებს, თუმცა, ჩვენ მოგვიწევს პედროს, ნეიმარის და ინიესტას შეჩერება. კამპ ნოუზე თამაში ყოველთვის რთულია, რადგან მათ ექნებათ დიდი მხარდაჭერა, მიუხედავას ამისა, იმედს მაძლევს ‘მალაგასთან’ ჩატარებული მეორე ტაიმი. ფეხბურთში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს.”

სტატია მოამზადა გიორგი გოგბერაშვილმა

 

ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი):

19 მაისი, 2013 – ბარსელონა 2:1 ვალიადოლიდი

22 დეკემბერი, 2012 – ვალიადოლიდი 1:3 ბარსელონა

16 მაისი, 2010 – ბარსელონა 4:0 ვალიადოლიდი

23 იანვარი, 2010 – ვალიადოლიდი 0:3 ბარსელონა

4 აპრილი, 2009 – ვალიადოლი 0:1 ბარსელონა

 

მაქსიმალური კოეფიციენტები:

ბარსელონას მოგებაზე: 1.12 [Pinnacle Sports]

ფრეზე: 4.52 [Pinnacle Sports]

ვალიადოლისი მოგებაზე: 34.0 [BetVictor]

ჰანდიკაპის ზღვარი: +/- 1 (ბარსელონას სასარგებლოდ)

 

წინა შეხვედრების მიმოხილვა:

ალმერია 0:2 ბარსელონა

ვალიადოლიდი 2:2 მალაგა

 

გუნდების ინფო:

 

სავარაუდო შემადგენლობები:

 

მასალა მომზადებულია Preview.ge-ს მიერ

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward