26 წლის ხულიან ალვარესს “ბარსელონაში” გადმოსასვლელად რეკომენდაციები არ სჭირდება – სპორტული დირექტორატისთვის ისედაც ცხადია, რომ არგენტინელი გარანტირებული წარმატებაა. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, “ბარსელონას” გასახდელში მის მხარდამჭერებს ნამდვილად იპოვის. მას შემდეგ, რაც “ატლეტიკოს” ფორვარდის სახელი “ბარსელონას” დაუკავშირდა, კატალონიური კლუბის არაერთმა მოთამაშემ საჯაროდ დაუჭირა მხარი მის ტრანსფერს.
არგენტინელ შემტევს, რომელსაც “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდე აკავშირებს და 500-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი აქვს, გუნდის წევრები ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონის დონის გაზრდის მთავარ ფაქტორად განიხილავენ. გავი, დანი ოლმო, პაუ კუბარსი, რონალდ არაუხო და მარკ ბერნალი ერთხმად აცხადებენ – მათ გუნდში ხულიანის ხილვა სურთ. ამ მოსაზრებას MD-ს გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს, სადაც გულშემატკივრების 36,32%-მა სწორედ ალვარესი დაასახელა სასურველ სატრანსფერო სამიზნედ.
ფეხბურთელების შეფასებები
ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე გავიმ პირდაპირ აღნიშნა: “თუ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს შორის ვინმეს გამოვარჩევდი, ეს ხულიან ალვარესი იქნებოდა”. მისი ინტენსივობა და კონკურენტუნარიანობა ყველა თანაგუნდელის აღფრთოვანებას იწვევს.
პაუ კუბარსი არგენტინელს “განსაკუთრებულ მოთამაშედ” მოიხსენიებს: “ყველამ ვიცით, რამდენად კარგია. ის მსოფლიო დონის ფორვარდია, “ბარსელონას” დონის მოთამაშე. მასთან დაპირისპირება რთულია, რადგან ერთი წამითაც ვერ მოდუნდები – მუდმივად სივრცეებს ეძებს და საფრთხეს ქმნის”.
ამავე აზრზეა დანი ოლმოც: “ყველაფერი, რაც გუნდს გააძლიერებს და დონეს აუწევს, ყოველთვის მისასალმებელია”. მას ეთანხმება მარკ ბერნალიც: “მე ხულიან ალვარესს გავიფორმებდი”.
ყველაზე პირდაპირი რონალდ არაუხო იყო: “ის ერთ-ერთი იმ ფორვართაგანია, რომელიც თითოეულ ეპიზოდში მაქსიმუმს იღებს. აქვს ხარისხი, პიროვნული თვისებები და ყოველთვის გუნდისთვის მუშაობს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და საუკეთესოები ჩვენთან უნდა იყვნენ”.
ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მხარდაჭერა
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუის დე ლა ფუენტეს შეხედულებები “ბარსელონას” ფეხბურთელებისას ემთხვევა. კითხვაზე, თუ რომელი უცხოელი ფეხბურთელის დამატებას ისურვებდა ესპანეთის ნაკრებში, მან ყოყმანის გარეშე უპასუხა: “ხულიან ალვარესს დავიმატებდი, ის ფანტასტიკურია. ჩემი სათამაშო ფილოსოფიისთვის ის იდეალურად შეეფერება და ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნებოდა”.
აღსანიშნავია, რომ დე ლა ფუენტემ მუნდიალის აღმოჩენად “ბარსელონას” 23 წლის ნახევარმცველი, პედრი დაასახელა, რომელიც მისი აზრით, ახალგაზრდობასა და გამოცდილებას შორის ზუსტ ბალანსს ფლობს.
აი დე ლა ფუენტეს ბოლო განცხადებაზე გამეცინა, პერი და აღმოჩენა? 5-6 წელია “აღმოჩენილია” და თუ აღმოჩენა გვინდა, ის შვეიცარიელი შემტევი მაზემბე და მოროკოელი საყრდენი უფრო არიან