“ლა მასიას” ყოფილი აღზრდილი მარკ კუკურელია კარიერას “რეალ მადრიდში” გააგრძელებს. მადრიდულმა კლუბმა ესპანელი მარცხენა მცველი ლონდონის “ჩელსიდან” დაახლოებით 50 მილიონ ევროდ დაიმატა. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი პრინციპულ მეტოქეს უკავშირდება, ამ გარიგებიდან ფინანსურ სარგებელს “ბარსელონაც” ნახავს.
ფიფას სოლიდარობის მექანიზმი და “ბარსას” წილი
ფიფას წესების თანახმად (სოლიდარობის მექანიზმი და აღზრდის უფლებები), ტრანსფერის თანხის 5% იმ კლუბებზე უნდა გადანაწილდეს, სადაც ფეხბურთელი 12-დან 23 წლამდე იზრდებოდა. ვინაიდან კუკურელიამ ამ პერიოდის დიდი ნაწილი “ბარსელონას” აკადემიაში გაატარა, ყველაზე დიდ წილს სწორედ კატალონიური კლუბი მიიღებს.
ფიფას დათვლებით, თუ სატრანსფერო ღირებულებად 50 მილიონ ევროს ავიღებთ, “ბარსელონას” ბიუჯეტს დაახლოებით 1.3 მილიონი ევრო დაემატება. მცირე თანხებს მიიღებენ სხვა კლუბებიც: “ესპანიოლი” (312 125 ევრო), “ეიბარი” (208 250 ევრო) და “ხეტაფე” (238 750 ევრო).
“ლა მასიადან” მადრიდამდე: კუკურელას რთული გზა
კუკურელა “ბარსელონას” ახალგაზრდულ სისტემაში “ესპანიოლიდან” გადმოვიდა და დიდ იმედებსაც ამართლებდა. ის “ჟუვენილისა” და “ბარსელონა ბ”-ს შეუცვლელი ფიგურა იყო. ახალგაზრდულ ლიგაშიც ძირითადის მოთამაშე გახლდათ და სარეზერვო გუნდს სეგუნდა დივიზიონში აღზევებაშიც დაეხმარა (სადაც 37 მატჩი ჩაატარა). თუმცა, პირველი გუნდის კარი მისთვის არასდროს გაღებულა.
იმ პერიოდში მარცხენა ფლანგზე ჟორდი ალბა ხელშეუხებელი იყო, რის გამოც მარკს ძირითად გუნდში ოფიციალურ დონეზე მხოლოდ 7 წუთის თამაში მოუწია (ესპანეთის თასზე “მურსიას” წინააღმდეგ). ამის შემდეგ დაიწყო იჯარების სერია “ეიბარსა” და “ხეტაფეში”, საბოლოოდ კი კლუბმა ის 2020 წელს 11.8 მილიონ ევროდ გაყიდა.
პირველი კლასიკო “თეთრი” მაისურით
მომავალ სეზონში 27 წლის მცველი თავის პირველ “ელ კლასიკოს” “რეალ მადრიდის” რიგებში ითამაშებს, თუმცა “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში მისთვის უცხო არ არის. სხვადასხვა კლუბების რიგებში ის კატალონიელებს 7-ჯერ დაუპირისპირდა და ერთხელ გოლიც კი გაიტანა (18/19 სეზონში “ეიბარის” შემადგენლობაში 2-2 დასრულებულ მატჩში), რის შემდეგაც კლუბს, რომელიც ოდესღაც მისი სახლი იყო, ბოდიშიც მოუხადა.
ცნობისთვის, ამ ტრანსფერის შემდეგ, მარკ კუკურელა ესპანელ ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილზე გადავიდა კარიერაში გადახდილი სატრანსფერო თანხების ჯამით (151.10 მილიონი ევრო). მას მხოლოდ ალვარო მორატა (217.20 მლნ) უსწრებს.
იმედია ბარსასთან არ იკადრებს თამაშს, ან ტრამვა მოიგონოს.