მოგეხსენებათ, რომ “ბარსელონა” ამ ზაფხულში ცდილობდა ცენტრალური მცველის შეძენას. ბევრი ფეხბურთელი იყო კატალონიური კლუბის თვალთახედვის არეალში, მათ შორის კი ბრაზილიელი დავიდ ლუიზი. ცოტა ხნის წინ ლუიზმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ მის შეძენას “ბარსელონა” ნამდვილად ცდილობდა, ასევე მას კატალონიაში გადაბარგებას დანი ალვეში და ნეიმარიც სთხოვდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა “ჩელსი” არ დატოვა. მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიომ ზაფხულში განაცხადა, რომ ლუიზი მის გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ შემდეგ ეს განცხადება უარყო და “ბარსელონაში” დავიდის ტრანსფერიც დაბლოკა. ბოლო პერიოდში კი ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელი ბრაზილიელს არა და არ სწყალობს. პორტუგალიელმა განაცხადა, რომ მატასა და ლუიზს ძირითადში თამაში დასამტკიცებელი აქვთ. ბრაზილიელმა მცველმა კი რამდენიმე დღის წინ Evening Standard-თან ინტერვიუში შემდეგნაირად ისაუბრა: “დასამტკიცებელი არაფერი მაქვს, მე დავიდ ლუისი ვარ და რასაც წარმოვადგენ, ფეხბურთში ჩახედულმა ყველა ადამიანმა იცის. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, მიყვარს თამაში და მისით ვიღებ ძალიან დიდ სიამოვნებას, მოურინიო ირჩევს გუნდისთვის საუკეთესო თერთმეტეულს, ეს მისი საქმეა”.
დაჟინებით ვერავინ იტყვის, რომ დავიდ ლუიზსა და ჟოზეს შორის დაძაბული ურთიერთობაა და მწვრთნელის გეგმებში ბრაზილიელი არ შედის. პორტუგალიელის მსგავსი ქმედება შეიძლება როტაციის პრინციპით აიხსნას, მაგრამ ეს ვითარება, ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე დავიდის საყიდლად “ბარსელონასთვის” ხელსაყრელი რომ არის, ეს ნათელია.