400 მილიონის ახალი ვალი და ტრანსფერები – როგორ ახერხებს ამას ბარსა?

400 მილიონის ახალი ვალი და ტრანსფერები – როგორ ახერხებს ამას ბარსა?

29 მაისს “ბარსელონამ” ენტონი გორდონის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ეს მოულოდნელი შენაძენი იყო, რადგან ინგლისელის სახელი პოტენციურ სამიზნეებს შორის აქტიურად არ ფიგურირებდა. თუმცა, კიდევ უფრო მეტი ყურადღება ოპერაციის ღირებულებამ მიიქცია – კატალონიურმა კლუბმა მის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ბოლო წლებში ტრანსფერებში დახარჯული თანხების ფონზე ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

“ბარსელონა” დიდი ხნის განმავლობაში ფინანსური ფეარ პლეითა და მაღალი სახელფასო ფონდით იყო შეზღუდული. კლუბი ვერ ახერხებდა სასურველი ფეხბურთელების დამატებას და ხშირად, უკვე შეძენილი მოთამაშეების დარეგისტრირებაც კი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. შემადგენლობის გასაძლიერებლად დეკუს ნამდვილი ჯადოქრობების ჩატარება უწევდა და უნდა აღინიშნოს, რომ მან თავისი არჩევანით სრულად გაამართლა.

გორდონი და, შესაძლოა, ხულიან ალვარესი

თუმცა, როგორც ჩანს, ეს რთული პერიოდი დასასრულს უახლოვდება. გორდონის ტრანსფერი ამის პირველი დასტურია, მეორე კი, სავარაუდოდ, ცენტრალური თავდამსხმელის დამატება იქნება. მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება სატრანსფერო ფანჯარა, “ბარსელონას” მიზანი ხულიან ალვარესში 100 მილიონი ევროს გადახდაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლუბის ინვესტიცია მინიმუმ 170 მილიონ ევროს მიაღწევს და ეს რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება განაპირა და ცენტრალური მცველების დამატების შემთხვევაში.

ხარჯები წინა სეზონებში

ეს 170 მილიონი საგრძნობლად აღემატება იმ თანხას, რაც “ბარსელონამ” ბოლო სამი სეზონის განმავლობაში, კონკრეტულად კი სპორტულ დირექტორად დეკუს დანიშვნის შემდეგ ტრანსფერებში დახარჯა. ამ პერიოდში ხარჯებმა 114,5 მილიონი ევრო შეადგინა: ვიტორ როკე (30), ორიოლ რომეუ (3), დანი ოლმო (48), პაუ ვიქტორი (5), ჟოან გარსია (25) და რუნი (3,5). “ბარსელონა” ახლა 1:1 წესს უბრუნდება და სახელფასო ფონდშიც საკმარისი სივრცე აქვს.

მზარდი შემოსავლები და მოთამაშეების წასვლა

რა მოხდა ისეთი, რამაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა? პირველ რიგში, გაიზარდა შემოსავლები. კლუბმა ახალი სპონსორების მოზიდვის კუთხით ძალიან კარგად იმუშავა. კიდევ ერთი საკვანძო ფაქტორი გუნდის “სპოტიფაი კამპ ნოუზე” დაბრუნებაა. სტადიონმა შემოსავლები გაზარდა და ეს მაჩვენებელი მომდევნო სეზონებში კიდევ უფრო მოიმატებს. ამჟამად, კლუბის ბიუჯეტი 1 მილიარდ ევროს აჭარბებს, მომავალ სეზონში კი შესაძლოა 1,2 მილიარდსაც მიაღწიოს.

ასევე გადამწყვეტი აღმოჩნდა მაღალი ხელფასის მქონე მნიშვნელოვანი მოთამაშეების წასვლა, როგორებიც არიან რობერტ ლევანდოვსკი, კლემან ლანგლე, ანსუ ფატი, ილქაი გიუნდოგანი და სერჟი რობერტო. ამან კლუბს სახელფასო ფონდში მნიშვნელოვანი ადგილის გამოთავისუფლების საშუალება მისცა. არ უნდა დავივიწყოთ ლა ლიგის როლიც, რომელმაც თავისი მკაცრი (და ზოგჯერ გადაჭარბებული) სახელფასო კონტროლით, “ბარსელონას” ვალებში კიდევ უფრო მეტად გადავარდნის საშუალება არ მისცა.

400-მილიონიანი კრედიტი

მეორე მთავარი კითხვა კი შემდეგია: როგორ შეუძლია კლუბს ტრანსფერების განხორციელება მაშინ, როდესაც პარალელურად “სპოტიფაი კამპ ნოუს” სარემონტო სამუშაოების დასასრულებლად 400-მილიონიან კრედიტს ითხოვს? პასუხი მარტივია – ეს ფული ვალების კატეგორიაში არ გადის. “ბარსელონა” ამ კრედიტს ეტაპობრივად, “სპოტიფაი კამპ ნოუს” კომერციალიზაციიდან მიღებული შემოსავლებით დაფარავს. შესაბამისად, ეს ფაქტი ლა ლიგის მიერ კონტროლირებად სატრანსფერო პარამეტრებზე გავლენას არ ახდენს.

ახალი სტადიონისთვის გამოყოფილი სესხი სპეციალურად ისეა სტრუქტურირებული, რომ მისი დაფარვა მხოლოდ “სპოტიფაი კამპ ნოუს” მიერ მომავალში გენერირებული დამატებითი შემოსავლებით (VIP ლოჟები, მუზეუმი, სახელის უფლებები, ახალი სპონსორები და ა.შ.) მოხდება და არა იმ რეგულარული შემოსავლებით, რომლებიც პირველი გუნდისთვისაა განკუთვნილი. რეალურად, კლუბი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ “Espai Barça”-ს დაფინანსება სპორტული მენეჯმენტისგან სრულიად გამიჯნულია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი