THIERYHENRY14: “საიტზე სტატიების წერით მუდამ უდიდეს სიამოვნებას ვღებულობდი”

THIERYHENRY14: “საიტზე სტატიების წერით მუდამ უდიდეს სიამოვნებას ვღებულობდი”

მოგესალმებით ბარსამანიის ძვირფასნო მომხმარებელნო ! ცოტა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ დაგიბრუნდით და მინდა გაუწყოთ, რომ დღეს ჩემი პროექტის მეხუთე ნაწილს შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა დღესაც ისეთივე საინტერესო იქნება ისეთივე საინტერესო რესპოდენტის თანხლებით, როგორც წინა ნაწილები იყო. პრინციპები და მიზანი კი კვლავ იგივე რჩება.

მე უკვე მეხუთედ შევეცდები ძალიან ახლოს გაგაცნოთ ჩვენი საყვარელი საიტის, Barcamania-ის პერსონალი, რომელიც ჩვენი საიტის წარმატების მთავარი გასაღებია. ასე, რომ მე საიტის ერთ-ერთი რიგითი მწერალი (ჯერემი რენერი) ინტერვიუს სახით დღეს პროექტის მეხუთე ნაწილს შემოგთავაზებთ. მეხუთე ნაწილის რესპოდენტი კი საიტის ერთ-ერთი საუკეთესო მომხმარებელი და შესანიშნავი ადამიანი, რედაქტორი (THIERYHENRY14) იქნება.

1. მოგესალმები ავთო. საიტზე რასაკვირველია ყველასათვის საყვარელი და საინტერესო პიროვნება ხარ, რა თქმა უნდა აქ ყველა გაფასებს მაგრამ ჩემი პროექტის მიზნის გათვალისწინებით მინდა, რომ შენი თავი საიტს კიდევ უფრო ახლოს გავაცნო ასე რომ გვიამბე შენ ცხოვრებაზე, ინტერესებზე, ჰობიზე..

– გამარჯობა. პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ ძალიან კარგი და საინტერესო პროექტია. ახლა რაც შემეხება მე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აგერ უკვე 4 წელია საქართველოსგან ძალიან შორს, კანადაში მიწევს ცხოვრება. რა თქმა უნდა ძალიან რთულია როცა საკუთარ მიწაზე არ იმყოფები, თუმცა 4 წლის წინ რა სიტუაციაც იყო და რა სიტუაციაც ახლაა ქვეყანაში სავსებით გასაგებია თუ რამ აიძულა ჩემს ოჯახს სხვა კონტინენტზე გადაბარგება. ყველანაირად ვცდილობ ზაფხულობით მაინც ჩამოვიდე ხოლმე და ჯერ-ჯერობით ვახერხებ კიდეც. რაც შეეხება ჩემს ინტერესებს, ალბათ ყველაზე ძალიან რაც მიყვარს არის ფეხბურთის, კალათბურთის ან ჰოკეის ყურება სხვა ქომაგებთან ერთად, რაღა თქმა უნდა ლუდის თანხლებით.

2. დიდი მადლობა. ფეხბურთის, კალათბურთისა და ჰოკეის გარდა სხვა სპორტს თუ ანიჭებ უპირატესობას ?

– კი, ჩოგბურთსაც სიამოვნებით ვუყურებ..

3. საინტერესოა შენს ფავორიტ სპორტულ სახეობებში, რომელ სპორტსმენებს გამოარჩევდი ?

– ფეხბურთში ორი აზრი არ არსებობს, პირველი მესია. მეორე ადგილზე ალბათ ბევრისთვის გასაკვირი იქნება, მაგრამ მე კავანის ვაყენებ, ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი, დაუღლელი და მშრომელია და ყოველთვის მიყვარს მისი თამაშის ცქერა. კალათბურთში საუკეთესო კობი ბრაიანტია. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მხოლოდ 2-3 წელია დაინტერესდა ამ სპორტით და ლებრონ ჯეიმსის იქით არაფერი იციან. ჰოკეიში სიდნი კროსბი საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ ვაფასებ ფილ კეზელსაც, ბოლოს და ბოლოს “ტორონტო მეიპლ ლიფსის” ლიდერია. რაც შეეხება ჩოგბურთს, ჩემი სუბიექტური აზრით ფედერერის დონემდე ვერასოდეს ვერავინ მივა და აღარ ღირს ბევრი საუბარი. ასევე მესიმპათიურება მონფილსიც.

4. ნამდვილად საინტერესო გემოვნება გაქვს, ალბათ ყველას აინტერესებს რომელია შენი საყვარელი ფილმი, მსახიობი, მომღერალი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი(პოეტი), ნაწარმოები..?

– ასე რომელიმეს გამოყოფა რთულია, მაგრამ ყველას ჩამოთვლაც არ გამოვა, ამიტომ პირველი რაც მომივა თავში იმას დავწერ. ფილმი: ტბა. მსახიობი: მორგან ფრიმენი. მომღერალი: მატისიაჰუ. ნაწარმოები: დიდოსტატის მარჯვენა. საზოგადო მოღვაწე: ელ ჰაჯ ელ შაბაზი (მალკოლმ ექსი)

5. საკუთარ ცხოვრებაში რაიმე განსაკუთრებული ნატვრა თუ გქონია ?

– ბავშვობაში მინდოდა ფეხბურთელი გავმხდარიყავი და “ბარსელონაში” მეთამაშა. ეს ალბათ ნებისმიერი ბავშვის ოცნებაა. ჩემგან არაფერი გამოვიდა და ვნახოთ მომავალში იქნებ ჩემმა შვილმა მაინც გაამართლოს, თუმცა იქამდე ჯერ დიდი დროა

6. რომელიმე სპორტული სახეობით თუ დაკავებულხარ ?

– ფეხბურთზე 3 წელი ვიარე, კალათბურთზე-2, ცურვაზე ალბათ 6-7. ვერც ფეხბურთში გამოვედი მესი, ვერც კალათბურთში ბრაიანტი, ერთადერთი რითიც შემიძლია დავიკვეხნო არის ის, რომ საკმაოდ კარგად ვცურავ

7. სამაგიეროდ ცურვაში გამოხვედი მაიკლ ფელპსი. ახლა რასაკვირველია ფეხბურთზე გადავიდეთ, ისევე როგორც წინა რესპოდენტების მსგავსად ალბათ ყველას აინტერესებს შენი დროის სიმბოლური გუნდი ?

– მეკარე: კანი. დაცვა: მალდინი, პუიოლი, კაფუ. ნახევარდაცვა: ინიესტა, რონალდინიო, ზიდანი, მესი, რონალდუ. თავდასხმა: ანრი, რონალდო (კავანი)

8.  წინა რესპოდენტების მსგავსად საინტერესოა საიტის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მწერალი ვის თვლის მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეს ?

– წეღანაც ვთქვი და კვლავ ვიტყვი, რომ ლიონელ მესი უდავოდ საუკეთესოა. დარწმუნებული ვარ კარიერის დასასრულს იგი ყველაზე წინ იდგება ფეხბურთის ისტორიაში.

9.  სანაკრებო დონეზე ზოგადად რომელი ქვეყნის გულშემატკივარი ხარ და მომავალ მსოფლიო პირველობაზე ვის თვლი ფავორიტად ?

– ასე გამორჩეულად რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არცერთი ნაკრების ქომაგი არ ვარ. ანრის სიდიადის დროს საფრანგეთს ვგულშემატკივრობდი, ხოლო ახლა ალბათ უფრო ურუგვაი. მსოფლიოზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი რა თქმა უნდა ბრაზილიაა და ამის მიზეზი მარტო ის არაა, რომ სწორედ ეს ქვეყანა გამოდის მასპინძლის რანგში. გუნდმა ესპანეთთანაც კარგად აჩვენა რა შეუძლია. ასევე ფავორიტია გერმანიაც. არ მგონია ესპანეთმა რაიმეს მიაღწიოს, მაქსიმუმ 1/4 ფინალი. ჩემი დიდი სურვილია გამარჯვებული არგენტინა გახდეს და მესიმ საბოლოოდ გააჩუმოს კრიტიკოსები, რომლებიც არც უყურებენ არგენტინის მატჩებს და ამბობენ, რომ ლეო იქ ვერაფერს აკეთებს.

10. რას იტყვი “ბარსელონას” აწმყოზე.. ტიტო ვილანოვა ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლუბის მწვრთნელი აღარ არის რას ფიქრობ სანდრო როსელის სატრანსფერო პოლიტიკაზე, მიესალმები თუ არა ნეიმარის ტრანფერს.. და ბოლოს რას იტყვი გუნდიდან წასულ დავიდ ვილიაზე ?

– ახლა ნამდვილად არ იყო ვილანოვას წასვლის დრო. ძალიან რთული იქნება ახალ მწვრთნელთან ერთად პირველივე სეზონში წარმატების მიღწევა. მე პირადად ისეთ დამრიგებელს ვისურვებდი, რომელსაც ესმის “ბარსელონას” სათამაშო ფილოსოფიის. რაც შეეხება სანდრო როსელს, ორი აზრი არ არსებობს, რომ ლაპორტა მას ყველაფერში სჯობდა. არც ლაპორტა იყო მაინც და მაინც ძლიერი ტრანსფერების გამოცნობაში და მანაც ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ როსელი ვფიქრობ ძალიან სუსტია. რას ვფიქრობ ნეიმარის გადმოსვლაზე? ბრაზილიელი და მესი ერთად ან ყველას და ყველაფერს დაანგრევენ ან ეს ტრანსფერი დიდი კრახით დასრულდება. ვილიას წასვლას მივესალმები, ტრავმის შემდეგ მას აშკარად პრობლემები აქვს და ამასთან ასაკშიც შედის.

11. ამჟამად კლუბისათვის ყველაზე პრიორიტეტული ტრანსფერი რომელია ? რომელ პოზიციაზე და კონკრეტულად ვინ უნდა შეიძინოს კლუბმა ?

– რა თქმა უნდა აუცილებელია ცენტრალური მცველის შეძენა. ასევე ახალგაზრდა და თავდაჯერებული გოლკიპერის ყიდვაც არ იქნებოდა ურიგო.

12. კონკრეტულად რომელი ფეხბურთელი გააძლიერებდა ამჟამად “ბარსელონას” ?

– ტიაგო სილვა. მისი “ბარსაში” ხილვა ალბათ ყველა ქომაგის სურვილია. რაც შეეხება მეკარეს, ძალიან მომწონს ტერ შტეგენი და იმედია გადმოვიბირებთ კიდეც.

13. და რასაკვირველია ჩვენს საიტზე გადავიდეთ.. ალბათ ყველას აინტერესებს Barcamania.Ge-ზე როდის გადაწყვიტე და როგორ მოხვდი ? ასევე გვაინტერესებს შენი შეხედულებები საიტის დღევანდელ მწერლებზე ?

– საიტზე ხშირად შემოვდიოდი და ვეცნობოდი სიახლეებს. ერთ დღესაც თავად გადავწყვიტე სიახლეების თარგმნა და საიტზე განთავსება. ერთს მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ასე. მე პირადად სტატიების წერით უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი და ძალიან მეხალისებოდა. ახლა საიტზე შემოსვლას იშვიათად თუ ვახერხებ ხოლმე, მაგრამ რასაც ვუყურებ სიახლეები და სტატიები კვლავ მაღალ დონეზე იწერება როგორც აქამდე და მწერლებიც მაღალი დონის გვყავს.

14. დარწმუნებული ვარ საიტის თითოეულ მომხმარებელს აინტერესებს თუ რატომ დატოვა საიტი ერთ-ერთმა სტაჟიანმა მწერალმა შენი სახით და აპირებ თუ არა დაბრუნებას მომავალში ?

– რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ ყოფილა, უბრალოდ ცოტა ხნით დასვენება გადავწყვიტე და ახლა რომ ვუყურებ ჩემი დაბრუნების აუცილებლობასაც ვერ ვხედავ, თუმცა ვნახოთ რა იქნება, შესაძლოა სექტემბრიდან კვლავ შეგაწუხოთ ჩემი სტატიებით..

15. საიტის მომხმარებლებს თუ ეტყოდი რამეს..

– პირველ რიგში მინდა მომენტით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გადავუხადო თითოეულ მომხმარებელს მადლობა რადგან მთელი ამ ხნის მანძილზე ჩემს სტატიებს კითხულობდნენ და ზედიზედ ორი წელი საიტის საუკეთესო მწერლად მასახელებდნენ. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია და ძალიან მადლობელი ვარ. თქვენ საუკეთესო გუნდის საუკეთესო ქომაგები ხართ!

16. ჩვენი ინტერვიუს კულმინაციაც… ეჭვიც არ მეპარება, რომ დღეიდან თითოეულ ბარსამანიელს მიეცა შესაძლებლობა, რომ შენზე გაცილებით მეტი გაეგო, ჩემი პროექტის მორიგ ნაწილშიც ასე თუ ისე შევძელი მოლოდინი გამემართლებინა.. მინდა გისურვო წარმატება პირად ცხოვრებაში და მშობლიურ მიწაზე უფრო დიდი ხნის გატარების შესაძლებლობა..

– დიდი მადლობა, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.

(ჯ.რ) – “ავთო მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადო იმისათვის, რომ პროექტში მონაწილეობაზე დამთანხმდი, ეჭვიც არ მეპარება, რომ საიტზე ყველას აინტერესებდა შენზე გაცილებით უფრო მეტი გაეგო. დარწმუნებული ვარ რომ წინა ნაწილების მსგავსად დღესაც ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა. მე კი მინდა საიტის მომხმარებლებს ვუთხრა, რომ პროექტი ჯერ არ დასრულებულა და მე აუცილებლად დაგიბრუნდებით ახალი რესპოდენტით უახლოეს დროში.(პ.ს გაგრძელება იქნება)

 

 

სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის ©
ავტორი: ჯერემი რენერი
გმადლობთ ყურადღებისათვის !

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია