21 წლის ვიტორ როკემ კარიერის ბარსელონური ეტაპი წარსულში დატოვა, თუმცა არ დავიწყებია ის სირთულეები, რომლებსაც კატალონიურ გუნდში გატარებული თვეების განმავლობაში აწყდებოდა.
ბრაზილიელი თავდამსხმელი, რომელიც ამჟამად “პალმეირასში” თამაშობს და დღეს ლიბერტადორესის თასის ფინალში “ესტუდიანტესს” დაუპირისპირდება, AS-თან ინტერვიუში “ბარსელონაში” გატარებულ პერიოდზე საუბრობს.
“ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელის მხარდაჭერა, მე კი, როდესაც “ბარსელონაში” გადავედი, ეს მხარდაჭერა არ მქონდა. თითქმის არ მელაპარაკებოდნენ, გესმით?”
როკე “ბარსელონას” 2024 წლის იანვარში, 18 წლის ასაკში შეუერთდა, მას შემდეგ, რაც კატალონიურმა კლუბმა მისი ტრანსფერის დაჩქარება გადაწყვიტა. თუმცა ბრაზილიელის ადაპტაციას თავიდანვე ფიზიკურმა პრობლემებმა შეუშალა ხელი.
“ბარსელონაში 18 წლის ასაკში გადავედი. ჩემი ოცნება რეალობად იქცეოდა – მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში უნდა მეთამაშა. ცოტა რთული იყო.”
როკემ გაამხილა, რომ კატალონიურ გუნდში კოჭის სინდესმოზის ტრავმით გადავიდა, რომელიც ჯერ კიდევ “ატლეტიკო პარანაენსეში” თამაშის დროს მიიღო. როგორც თავად აღიარებს, ბარსელონაში გამგზავრებამდე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.
“ძალიან ძლიერი ტკივილები მქონდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფიზიოთერაპიის კურსს გავდიოდი და ვცდილობდი, მაქსიმალურად კარგ ფორმაში ვყოფილიყავი, თუმცა საბოლოოდ მიზანს ვერ მივაღწიეთ. უმაღლეს დონეზე თამაში ვერ შევძელი.”
ბრაზილიელმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ევროპაში გადასული ახალგაზრდა სამხრეთამერიკელი ფეხბურთელების მიმართ საკმარის მოთმინებას არ იჩენენ. მან ფრანკო მასტანტუონოსა და ენდრიკის მაგალითები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ.
“ხალხს ჰგონია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩასვლისთანავე 100%-ით უნდა დავიხარჯოთ, ყველაფერი გავაკეთოთ და ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ, მაგრამ ასე არ არის. მოთმინებაა საჭირო.”
როკემ ახალ ქვეყანაში გადასვლის, უცხო ენის ათვისებისა და საჭირო მხარდაჭერის გარეშე დარჩენის სირთულეებზეც ისაუბრა.
“ზოგჯერ ადაპტაციისთვის იმდენ დროს არ გვაძლევენ, რამდენიც გვჭირდება. ძალიან ახალგაზრდები ვართ და ახალ ენაზე საუბარი ძალიან რთულია.”
მიუხედავად ამ გამოცდილებისა, ვიტორ როკე აცხადებს, რომ წყენას გულში აღარ იტოვებს. ბრაზილიელი აღიარებს, რომ გარკვეული გულდაწყვეტა ჯერ კიდევ აქვს, თუმცა მომხდარი უკვე აპატია და ახლა “პალმეირასში” ბედნიერია.
“ვისწავლე, რომ რაც უნდა მოხდეს, უნდა იმუშაო, ძალისხმევა არ დაიშურო და გამოიყენო შესაძლებლობები, რომლებსაც გაძლევენ, რაც უნდა მცირე იყოს ისინი.
ახლა ახალი ისტორია უნდა დავწერო.”




ვერ გამოდგა მთლად ვეფხვი, უფრო ბოკვერად დარჩა, თუმცა მონდომებული კი იყო და ხშირადაც ჯარიმდებოდა.
დაჩაგრეს