მთელი გუნდი, მათ შორის ტრავმირებულები მადრიდში გაემგზავრებიან, სადაც 19 საათზე ხვალ ”ბარსელონა” ”ატლეტიკოს” დაუპირისპირდება. ტიტო ვილანოვამ მთელი შემადგენლობის წაყვანა იმ მიზეზით გადაწყვიტა, რომ ”ვისენტე კალდერონზე” გუნდს ჩემპიონობის შანსი ეძლევა.
ვალდესი და აბიდალი მატჩს გამოტოვებენ
მეკარე ვიქტორ ვალდესი ამ შეხვედრასაც გამოტოვებს. მიმდინარე კვირის განმავლობაში ის მარცხენა ფეხის დაზიანებას მკურნალობდა და ექიმებისგან თამაშის უფლებაც მიიღო, თუმცა დღეს ფეხში კვლავ დისკომფორტი იგრძნო. მის ნაცვლად განაცხადში ”ბარსა ბ”-ს მეკარე, მასიპი მოხვდა.
ასევე დღევანდელი ვარჯიშის დროს მარცხენა ფეხის კუნთის დაზიანება მიიღო ერიკ აბიდალმა. ის ასევე ვერ ითამაშებს ხვალინდელ მატჩში. მოედანზე ფრანგის დაბრუნება აღდგენით პროცესზე იქნება დამოკიდებული.
მასკერანო, რომელიც ჯერ კიდევ აღდგენის პროცესშია დღეს მთელი ვარჯიშის განმავლობაში თანაგუნდელებთან ერთად, სრულად იტვირთებოდა. ვარჯიშში მონაწილეობას ”ჟუვენილ ა”-ს მეკარე, ჯოზეფ ფაბრიკ ონდოა იღებდა.
მილოცვები ინიესტას
სავარჯიშო სესიის დაწყების წინ ფეხბურთელები მოედნის ცენტრში შეიკრიბნენ და გუნდის ერთ-ერთ კაპიტანს, ანდრეს ინიესტას დაბადების დღე მიულოცეს. დღეს ესპანელი ნახევარმცველი 29 წლის გახდა.

