workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რუსოლი: „ბარსელონაში“, გუარდიოლამ 3 რამ შეცვალა“

რუსოლი: „ბარსელონაში“, გუარდიოლამ 3 რამ შეცვალა“

ანდრეი რუსოლი უკრაინული “დნიპროს” აღმასრულებელი დირექტორია. ერთი შეხედვით, მას “ბარსელონასთან” კავშირი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ როგორც ირკვევა, იგი კლუბის წარმატებებზე იმ ცოდნაზე დაყრდნობით ზრუნავს, რომელიც კატალონიურ კლუბში მიიღო. 2011 წელს, რუსოლი “ბარსელონაში” სტაჟირებას გადიოდა და იმ პერიოდს იგი შემდეგნაირად იხსენებს:

“როდესაც “ბარსელონას” ერთ-ერთ დირექტორს ვკითხე, თუ რა იყო პეპ გუარდიოლას გუნდში მოსვლის შემდეგ მისი პირველი ნაბიჯი, მან შემდეგი პასუხი გამცა: “მან მნიშვნელოვნად შეცვალა 3 რამ. უპირველესად, დისციპლინა დამყარდა მოედანზე. პეპმა მოთამაშეები დაარწმუნა, რომ როდესაც ისინი ბურთს ფლობენ, უნიკალურები არიან, ხოლო უბურთოდ – უფერული ფეხბურთელები. ამის წყალობით, “ბარსელონას” მოთამაშეები მუდმივად ცდილობენ, მეტოქეს ბურთი რაც შეიძლება სწრაფად წაართვან. მე-2 რეფორმა მოედანს მიღმა ცხოვრების დისციპლინას შეეხო. გუარდიოლას აქვს თავისი წესები, რომლებიც უნდა შეასრულოს აბსოლუტურად ყველამ, გამონაკლისის გარეშე. რაც შეეხება მე-3 ცვლილებას – გუარდიოლამ შეცვალა გუნდის კვების სისტემა…”

ამ დროს, თანამოსაუბრეს შევაწყვეტინე და ვკითხე: “ნუთუ, კვების სისტემის შეცვლა მესის უფრო სწრაფად სირბილში და ძლიერად დარტყმაში დაეხმარება?”. პასუხი შემდეგი იყო: “რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ის შეძლებს უფრო მეტი თამაშის ჩატარებას, შესაბამისად, მეტი გოლის გატანას და გუნდისთვის მეტი სარგებლის მოტანას.” შემდეგ, მან შემომთავაზა სანაძლეო იმის შესახებ, რომ 2011-12 წლების სეზონში, მესი რეკორდული რაოდენობის თამაშებს ჩაატარებდა.

დღეს, ჩვენს გუნდში, კვების სისტემის შეცვლაზე ინტენსიურად ვმუშაობთ. ამ საკითხით ფიზმომზადების მწვრთნელი, სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელი და შეფ-პოვარი არიან დაკავებულნი.” – ყვება “დნიპროს” აღმასრულებელი დირექტორი.

ცნობისთვის – ბოლო დროს, “დნიპრო” უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და თავს არც ევროტურნირებზე ირცხვენს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward