3 დღე გავიდა იმის შემდეგ, რაც კატალონიის “ბარსელონამ” გაინაღდა “სამეფო თასის” 1/2 ფინალში თამაში. ტიტო ვილანოვას გუნდი ოთხშაბათს მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება, მანამდე კი პრიმერა დივიზიონის მატჩია “ოსასუნას” წინააღმდეგ. მოგეხსენებათ “ბარსას” ლა ლიგის ბოლო მატჩი წაგებული აქვს და დღეს უფრო მოტივირებულნი ითამაშებენ.
მესისთან ერთად და პიკეს გარეშე
ხერარდ პიკემ “სოსიედადის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში წითელი ბარათი მიიღო და გუნდს ვერ დაეხმარება “ოსასუნასთან”. ასევე არ იქნება ჯონათან დოს სანტოსი, რომელმაც ვარჯიშზე მიიღო ტრავმა. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ლიონელ მესიმ ივარჯიშა გუნდთან ერთად და სრულიად მოირჩინა “ლა როსალედაზე” მიღებული ტრავმა.
“ოსასუნა” ყოველთვის სახიფათოა
“ოსასუნა” ძალიან სახიფათო გუნდია “ბლაუგრანასთვის”, განსაკუთრებით პამპლონაში. გავიხსენოთ პირველ წრეში ჩატარებული შეხვედრა, სადაც მასპინძლები ლორენტემ დააწინაურა, ლიონელ მესიმ 2 ბურთით უპასუხა და გაამარჯვებინა თავის გუნდს. პამპლონელებს დისკვალიფიკაციის გამო დამია დააკლდებათ, რომელიც ძირითადი შემადგენლობის წევრია. ასევე არ იქნება ანანი. იგი აფრიკის თასზე ასპარეზობს და განის ნაკრების ღირსებას იცავს. რაც შეეხება მეკარე ასიერ რიესგოს და ნახევარმცველ ტიმორს, ისინი ტრავმირებულნი არიან.



