ესპანეთის თასის ¼-ფინალში, “მალაგასთან” გასამართის მატჩის წინ, ტიტო ვილანოვა აცხადებს, რომ იგი მეტოქეს უფრთხის. კატალონიელთა დამრიგებელი გულშემატკივრებს სტადიონის შევსებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი აზრით, თამაში ძალიან საინტერესო იქნება.
ვილანოვას განცხადებით, სათასო თამაში, გუნდებს შორის ცოტა ხნის წინა ჩატარებული შეხვედრისგან განსხვავებული იქნება. “ესპანეთის ჩემპიონატში, შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის. ეს თამაში ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირების დონის იქნება. ვიცით, რომ მეტოქეს არაერთი ძლიერი მხარე აქვს და ორმატჩიანი დაპირისპირების მოგება გაგვიჭირდება. ასეთი დაპირისპირებები ყოველთვის რთულია, რადგან საჭიროა გამუდმებით შედეგზე ფიქრი.”
ვილანოვას იმედი აქვს, რომ ხვალ, გულშემატკივრები სტადიონს შეავსებენ და გუნდს მნიშვნელოვანი თამაშის მოგებაში დაეხმარებიან. “შანსი გვაქვს, ვიხილოთ ჩემპიონთა ლიგის დონის თამაში. გარდა ამისა, ლიონელ მესი თავის მე-4 “ოქროს ბურთს” წარადგენს და ცუდი არ იქნება, თუ მას სავსე ტრიბუნები მიესალმებიან.”
ტიტოს სჯერა, რომ მანუელ პელეგრინი გუნდის სათამაშო სტილს არ შეცვლის. “ყველა მისი გუნდი ერთ სტილში თამაშობდა და სავარაუდოდ, ის არაფერს შეცვლის.”
ესპანეთის ჩემპიონატში, “ბარსელონასა” და მის მდევრებს შორის არსებულ დიდ სხვაობაზე ვილანოვა შემდეგს აცხადებს: “წინ კიდევ არაერთი მატჩია. მადრიდელებს დარჩენილი ყველა თამაშის მოგება და სხვაობის შემცირება შეუძლიათ. ამიტომ, ჩვენი მიზანი არა სხვაობით ტკბობა, არამედ მისი გაუმჯობესებაა. სათამაშო ფორმის შენარჩუნების საუკეთესო საშუალება იმის გათვითცნობიერებაა, რომ ყველა თამაში მნიშვნელოვანია”.