წარსულში ცნობილი უკრაინელი თავდამსხმელი იგორ ბელანოვი, რომელმაც 1986 წელს “ოქროს ბურთი” მიიღო, აცხადებს, რომ 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელად არა ლიონელ მესი, არამედ ანდრეს ინიესტა უნდა დაესახელებინათ.
“მეჩვენება, რომ უფრო სამართლიანი იქნებოდა, თუ “ოქროს ბურთს” ინიესტა მიიღებდა. ამ ადამიანმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო და იგი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მესის, გოლების უმრავლესობაში, ასისტენტობა სწორედ ინიესტამ გაუწია. უდავოა, რომ მესი შესანიშნავი ფეხბურთელია. მას ღმერთისგან ბოძებული ტალანტი აქვს, მაგრამ 2012 წელს ინიესტას მიერ ჩატარებული არაერთი თამაში ვიხილე და ვთვლი, რომ “ოქროს ბურთს” სწორედ ის იმსახურებდა. დიახ, მესიმ 91 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამხო, მაგრამ ინიესტას ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე ყოველთვის თავაწეულია, აკეთებს კარგ გადაცემებს და თავადაც გააქვს. გარდა ამისა, მან ძალიან კარგად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. იგი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ტყუილად არ დაუსახელებიათ. დარწმუნებული ვიყავი, რომ “ოქროს ბურთს” ინიესტას მისცემდნენ, მაგრამ შედეგებით გაკვირვებული დავრჩი.
გამოკითხვის შედეგებს ობიექტურად არ მივიჩნევ. მეჩვენება, რომ ამჯერად, საფეხბურთო მოღვაწეებს ახალი რეკორდის ხილვა სურდათ და მათ მესის მე-4 “ოქროს ბურთი” მისცეს. ვიმეორებ – არ ვამბობ, რომ მას ეს არ დაუმსახურებია. არგენტინელი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ 2012 წელს გაიმართა ევროპის ჩემპიონატი და ამ ტურნირზე კარგი თამაში “ოქროს ბუცისკენ” გადადგმული დიდი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო.” – აცხადებს იგორ ბელანოვი, რომელმაც 1986 წელს, “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში 84 ქულა დააგროვა და დიდი სხვაობით აჯობა ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც იყვნენ გარი ლინეკერი და ემილიო ბუტრაგენიო.